„საშინელება იქნება, თუ ქართველები გამრავლება-გაერთიანებას შეძლებენ“ – ვინ რა თქვა ჩვენზე
მრავალზე მრავალი საუკუნეა, ჩვენი ქვეყნითა და ჩვენი ხალხით აღფრთოვანებას ვერ მალავენ უცხოელები. ჯერ კიდევ ძველი ბერძენი და რომაელი სწავლულები აღფრთოვანებით წერდნენ საქართველოს სილამაზეზე, ქართველების ვაჟკაცობასა და სიქველეზე. რაც მთავარია, საქართველოზე წერა და მისთვის ხოტბის შესხმა მათთვის დიდ პატივად მიიჩნეოდა.
საქართველოში სტუმრად მყოფმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მარგარეტ ტეტჩერმა თქვა:
„რატომ ჩამოვედი საქართველოში?! მინდოდა თვალებში ჩამეხედა იმ ხალხისათვის, რომელმაც ისტორიის განმავლობაში არასდროს იცოდა, თუ რა არის ზიზღი სხვა ერებისადმი“.
ვფიქრობთ, საინტერესო უნდა იყოს, კიდევ ვინ და როგორ მოიხსენიებდა საქართველოს მატიენეებში, უსტარებსა თუ სხვა ნაშრომებში.
ჟან პიერ ჟან გალუა – ჯვაროსანი, დიდგორის ბრძოლის მონაწილე:
„მე გახლდით მოხალისეთაგანი იბერიელთა ომში, რადგან ვიცოდით, რომ რაინდ ქართველთა ქვეყანას იესოს სახელით ეწადა სარკინოზების დამსხვრევა და ჩვენ, როგორც ქრისტეს ჯარისკაცებს, გვსურდა მათთან ერთად ბრძოლა ისლამის დროშის წინააღმდეგ.
იბერიაში, რომლის დასავლეთ ნაწილს ეწოდება აფხაზეთი, გემით ჩავედით გენუელ ჯვაროსნებთან ერთად, სადაც დაგვხვდა სიცხე და ნესტი. მეორე დღესვე ვიარეთ აღმოსავლეთით და გადავიარეთ მთა ლიხი. სოფლად გზებზე ხალხი გვაწვდიდა სანოვაგეს სიხარულით და გვლოცავდა მათს მეფესთან ერთად, მაგრამ მახსოვს, რომ უკვირდათ ჩვენი საჭურვლის სიმრავლე და სიმძიმე.
ხოლო საკუთრივ იბერიაში, როცა გავივაკეთ, გვჩუქნიდნენ ქალები მოტკბო პურს, რომელსაც თავიანთ ენაზე ეძახდნენ „ნაზუქს“.
ტიფლისის მახლობლად დაგვხვდნენ ასევე ჯვაროსნები ბალდუინ მეფისა იერუსალიმითგან ჩვენზე ადრე მოსულები და ბრძოლაც იყო იბერიელების დედაქალაქის ტიფლისის მახლობლად.
ხოლო რაც შეეხება წმინდა გიორგის გამოჩენას საკუთრივ ომში, შემიძლია დავადასტურო, რომ ბრძოლის დაწყების წინ, სწორედ იქ, სადაც მათი მეფე დავითი იყო ამხედრებული, გამოჩნდა შუბით შემოსილი მეომარი ქართველთა მეფისაგან მარჯვნივ, რომლის შესახებ ჯერ ჩურჩულებდნენ აღელვებული ქართველები, მერე კი აღტაცებით იძახდნენ — „წმინდა გიორგი ჩვენთან არს!..“
პტოლემეოსი – ბერძენი სწავლული და სახელმწიფო მოღვაწე:
„კოლხეთში დედაკაცები არიან მამაცნი, უფლების მოყვარენი, ძლიერნი და მებრძოლნი“.
მარკო პოლო – ვენეციელი ვაჭარი და მოგზაური:
თმას მოკლედ იკრეჭენ.
ეს ის ქვეყანაა, რომელიც უნდა გაევლო ალექსანდრე მაკედონელს, მაგრამ მან მისი აღება ვერ შესძლო. ამის მიზეზია არა მარტო გზათა სივიწროვე, არამედ მთასა და ზღვას შორის გაწოლილი ქვეყნის მცხოვრებათა სიმამაცეა. ამიტომ ვერ შესძლო ალექსანდრემ მისი დაპყრობა და ააგო სიმაგრე, რასაც „რკინის კარებს“ უწოდებენ.
საქართველოში ბევრია აბრეშუმი, ოქროქსოვილი, რომლის სადარსაც ვერსად ნახავთ. დედამიწაზე არ არის ასეთი სონღული. ტბაში თევზი უხვადაა, ტყეში – ნადირი. ხალხი ეწევა ვაჭრობასაც და ხელოსნობასაც. აქ ბევრია გაუვალი ტყე, ხევი, მთა და ამის გამო თათრებმაც კი ვერ შეძლეს ამ ქვეყნის მთლიანად დაპყრობა“…
ესქილე – ძველი ბერძენი ტრაგიკოსი
„კოლხიდის გმირნი, ყმაწვილნი ქალნი ომში მამაცნი და უშიშარნი“.
იბნ ად-დავადარი – გიორგი ბრწყინვალის თანამედროვე ისტორიკოსი:
„მოვიდა ქართველთა ლაშქარი. მათ მოუძღოდა სარდალი რომელსაც თან ახლდნენ თავისი ამირები.
ეს ხალხი არის გრძელწვეროსანი, მკაცრი ბუნების, მძლავრი სხეულის მქონენი, ომში დაუნდობელნი.
მათ არ იციან სიცოცხლე ღვინისა და მხიარულების გარეშე. ბრძოლისას წინ მოუძღვით ეს გრძნეული სარდალი, რომელიც თითქოს მთის ნაწილია. იგი თავზეხელაღებულია ომსა და გარემოცვაში…“
პიეტრო დელა ვალე – იტალიელი მოგზაური და მისიონერი
„ქართველები არიან მამაცნი, მაგრამ მოქმედებაში ნაკლებ ერთიანნი. ცდილობენ შიგნით შუღლის ჩამოგდებით ერთმანეთი დაღუპონ…
საერთოდ წყნარი, გამგონი, კეთილი გულის, ურთიერთობაში უბრალონი არიან, მოლაპარაკებების დროს არ არიან ჯიუტნი, ორპირნი, მატყუარანი. მათთან ყოველი კეთილი საქმის მოგვარება შეიძლება…
ირანის შაჰს განსაკუთრებით ეშინოდა ქართველების, რადგან იცოდა, რომ მათი საბოლოო დამორჩილება შეუძლებელი იყო“.
რობერტ ბლაიხშტაინერი – ავსტრიელი ენათმეცნიერი, ეთნოგრაფი ქართველოლოგი, მთარგმნელი
„არსად არ დაღვრილა იმდენი სისხლი, არსადაც არ ყოფილა იმდენი ნგრევა და ხანძარი, რამდენიც მტკვარზე ნაგები ამ დიდებული ქალაქის გულში…
თათრის ურდოები, დიდი თემურლენგის აფრები, მაჰმად-ხანის ბრბოები, თურქთა და სპარსთა ურდოები რისხვის ნაკადივით გადავლებია თავზე საქართველოს ტანჯულ დედაქალაქს.
ხშირად დამსგავსებია მტკვარი სისხლის მდინარეს, ნაპირებზე რომ გადადიოდა. ქრისტიანთა ტაძრები და ძველი სასახლეები თუ მაჰმადიანთა მეჩეთები ხშირად ერთნაირად იფარებოდა მტვრითა და ფერფლით. მაგრამ ყოველთვის ახლად აშენებდა და ამშვენებდა ეს საოცარი ხალხი თავის შედევრებს“.
- ალექსანდრე პეცჰოლდტი:
„საქართველოს ვრცელ აღწერას აქ არ შევუდგები. არის საგნები, რომლებიც კაცმა თავისი თვალით უნდა ნახოს. სიტუაციები, რაც თვითონ უნდა განიცადო, სიტყვით ან ფუნჯით მისი გადმოცემა შეუძლებელია“.
-
ბარტოლომეო ფერო – იტალიელი მისიონერი:
„ქართველები უფლის საფლავს იცავენ, იერუსალიმში და აღმოსავლეთში ყველაზე მამაცი და გამორჩეული ხალხია.“
-
ემანუელ კანტი – გერმანელი ფილოსოფოსი:
„საქართველო მზეთუნახავთა ორანჟერია გახლავთ. ყველა ევროპელი, რომელიც საქართველოში მოხვედრილა, ერთხმად ლაპარაკობს ქართველ ქალთა სრულიად გამორჩეულ მშვენიერებაზე“.
-
ალექსანდრე დიუმა-მამა – ფრანგი მწერალი:
„რა საცოდაობაა სამყაროსათვის, რომ ეს ერი დაქსაქსულობის გამო გადაშენდეს. მაგრამ საშინელება იქნება მსოფლიოსათვის, თუ მათ გამრავლება და გაერთიანება შეძლეს“.
-
ლევ ტოლსტოი – რუსი მწერალი:
„ჩემი განზრახვა, ჩამოვსულიყავი საქართველოში, იყო ზეგარდმო მადლი და მხურვალედ ვწირავ მადლობას უფალს; ვგრძნობ, საქართველოში უკეთესი გავხდი“.
-
ალფრედ რამბო – ფრანგი პოეტი:
„საქართველომ წარსულში დიდი საქმე გააკეთა და დიდი წინააღმდეგობა გამოიჩინა მონგოლთა და მაჰმადიანთა შემოტევების დროს, მტკიცე ზღუდეობა გაუწია ევროპას. უბედურს ევროპას. რადგანაც ეს უკანასკნელი კარგად ვერ იცნობდა საქართველოს“.
-
კნუტ ჰამსუნი – ნორვეგიელი მწერალი:
„ეს აღთქმული ქვეყანაა… აქ დაირწა კაცობრიობის აკვანი“.
-
ბერნჰარდ შტერნი – გერმანელი სწავლული:
„საქართველო საოცრებათა ქვეყანაა, ცათა სწორია, კავკასიონის მწვერვალებით, მშვენიერი ხალხით. რომანტიკული ციხესიმაგრეებითა და ქალაქებით, იშვიათი ლეგენდებითა და მთელი ისტორიული ტრადიციებით“.
-
ბორის გრეინშპოლი – გერმანელი მეცნიერი:
„ქართველებმა დედამიწაზე პირველებმა მოაშინაურეს ცხენი და როგორც ჩანს, ავსტრიამდე მივიდნენ, სადაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 2800 წელს, შექმნეს ბადენური კულტურა.
როგორც ჩანს, ქართველები იყვნენ ლეგენდარული ტროელებიც, თუმცა, მათგან დღეს მხოლოდ ერთი ხალხი დარჩა – ქართველები…“ -
შტეფან ცვაიგი – ავსტრიელი მწერალი: „ეს ძველისძველი ერია, რომელსაც ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელი შეხვედრია თავის ლაშქრობებში და თავისდა საბედნიეროდ არ მოქცეულა თურქული თუ სპარსული ზეგავლენის ქვეშ… ეს ქვეყანა დედამიწის ერთ-ერთ უმშვენიერეს გარემოშია ჩაკარგული. მას სახელი გაუთქვამს თავისი ძლიერებით თუ ლეგენდებით და მაინც ასე სამარცხვინოდ უცნობია ჩვენთვის, ევროპელებისათვის“.
- კონსტანტინე რდულტოვსკი – „ვეფხისტყაოსნის“ პოლონურად მთარგმნელი:
„საოცარია, რომ ასეთი მცირე ნაკვეთი, რომელსაც შემწეობა და თანადგომა არსაიდან ჰქონდა, გადაურჩა ყურანის აღმსარებელთა მრავლგზის შემოსევას. შაჰ-აბასის სიმკაცრემ და ძალმომრეობამ ვერ მოსპო ენა, ვერ დაშრიტა ჭეშმარიტი რელიგიის სინათლე. ვერ ამოჟლიტა ერის უკანასკნელი ნაშთები. ქართველი ერის ხასიათის შეცნობა კიდევ კარგა ხანს დარჩება ამოცანად“.
-
ჰუგო ჰუპერტი – ავსტრიელი პოეტი:
„თბილისი რომ არა, შესაძლოა ვენაში კათოლიკური ტაძრის ნაცვლად მეჩეთი მდგარიყო, რადგან თბილისის ციტადელს ეხეთქებოდნენ საუკუნეების განმავლობაში ჯალალედინები, ჩინგისხანები და აღმოსავლეთის სხვა სულთანები თუ შაჰები. თბილისი იდგა, როგორც ევროპის ციხესიმაგრე, საიდანაც მთელი საქრისტიანოს მტრები სისხლისაგან დაცლილნი და დასუსტებულნი თუ აღწევდნენ ევროპამდე“.
ვანო სულორი
კომენტარები