კულტურა

„ქართველი ქალი ლეჩაქით“ – ფიროსმანის ყველაზე ძვირად გაყიდული ტილო

ფიროსმანის ნახატი „ქართველი ქალი ლეჩაქით“ 2018 წლის ნოემბერში სოთბის აუქციონზე 2 230 000 ფუნტ სტერლინგად გაიყიდა. მისი საწყისი ფასი 500-700 ათასი ფუნტი იყო. ის ფიროსმანის ყველაზე ძვირად გაყიდული ტილოა (შეგახსენებთ, რომ „არსენალის მთა ღამით“ 1,5 მლნ აშშ დოლარად გაიყიდა – ის 2015 წელს ბიძინა ივანიშვილმა იყიდა კრისტის აუქციონზე და ხელოვნების მუზეუმს აჩუქა; მანამდე, 2003 წელს ნახატი სოთბიზე გაიყიდა 1,832 მლნ დოლარად).   

 

View this post on Instagram

 

So this Babe sold for more than £2,000,000 💥💥💥💥 #pawpaw #Pirosmani #sothebys #London #georgianart

A post shared by cARTveli_art (@cartveli_art) on

ფიროსმანის ტილოს „ქართველი ქალი ლეჩაქით“ პირველი მფლობელი ცნობილი ავსტრიელი მწერალი შტეფან ცვაიგი გახდა. ცვაიგს ფიროსმანის ტილო 1928 წელს შეუძენია მოსკოვში, სადაც ლევ ტოლსტოის დაბადებიდან 100 წლის იუბილეზე ჩავიდა.

ცვაიგი პრიმიტივისტული ხელოვნების დიდი თაყვანისმცემელი იყო. მან ფიროსმანის ნამუშევრები ტრეტიაკოვის გალერეაში იხილა. მოგვიანებით მწერალმა დაწერა, ფიროსმანი ევროპისთვის ნამდვილ აღმოჩენად იქცევაო და მხატვარს „დიადი ფირო“ უწოდა (გრიგოლ რობაქიძის დღიურიდან, 1928 წლის 13 სექტემბერი).

„ქართველი ქალი ლეჩაქით“ ცვაიგის საყვარელი ნახატი გახდა. ტილო 1934 წლამდე ზალცბურგში, მის სახლში ეკიდა მწერლის ბრაზილიაში ემიგრაციამდე, ლონდონისა და ნიუ-იორკის გავლით. ცვაიგის გარდაცვალების შემდგომ (მწერალმა და მისმა მეუღლემ 1942 წ. 23 თებერვალს ბარბიტურატების სასიკვდილო დოზა მიიღეს და თავი მოიკლეს საკუთარ სახლში, რიო-დე-ჟანეიროს გარეუბანში) ტილო მისი პირველი ცოლის, ფრიდერიკა მარია ცვაიგის საკუთრებაში გადავიდა, რომელმაც ნახატი 1953 წელს შტეფან ცვაიგის საერთაშორისო საზოგადოების დამაარსებელს, ჰარი ზოონს აჩუქა; ამერიკელმა პროფესორმა ზოონმა კი ნახატი 1981 წელს ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ფრედონიაში) კოლეჯის ბიბლიოთეკას გადასცა, სადაც „ქართველი ქალი ლეჩაქით“ სოთბიზე გატანამდე ინახებოდა.

სოთბის არ გაუვრცელებია ინფორმაცია, ვინ შეიძინა ფიროსმანის ტილო „ქართველი ქალი ლეჩაქით“, ამდენად, მისი ამჟამინდელი მფლობელის ვინაობა უცნობია.

 ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close