საზოგადოებასაბერძნეთი

საბერძნეთი: ზამთრის დროზე გადასვლის თარიღი მოახლოვდა – როდის გადაიწევა საათის ისრები?

ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს, უფრო ზუსტად, 25 ოქტომბერს, გამთენიისას საბერძნეთში საათის ისრებს უკან გადაწევენ ზამთრის დროზე გადასასვლელად. თუ საბერძნეთში ხართ, კვირას, დილის 4 საათზე საათის ისრები ერთი საათით უკან უნდა გადაწიოთ.

როგორც ცნობილია, ევროპის პარლამენტის გადაწყვეტილებით, საათის ისრების გადაწევის პრაქტიკა (ზამთრის და ზაფხულის დროზე გადასვლა, სეზონების შესაბამისად), 2021 წელს დამთავრდება.

იმ ქვეყნების მაცხოვრებლები, რომლებიც ზაფხულის დროზე დარჩენას გადაწყვეტენ, ბოლოჯერ საათის ისრებს 2021 წლის მარტის ბოლო კვირა დღეს გადაწევენ, ხოლო რომლებიც ზამთრის დროზე დარჩენას აირჩევენ – 2021 წლის ოქტომბრის ბოლო კვირა დღეს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის თებერვალში ევროპის პარლამენტმა ევროკომისიას სთხოვა, ჩაეტარებინა ზაფხულის დროის დირექტივის ზედმიწევნითი შეფასება და წარედგინა მისი გადახედვის შესახებ წინადადება.

2018 წლის ზაფხულში ევროკომისიამ საზოგადოებრივი კონსულტაციები გამართა, რომელშიც ევროკავშირში მცხოვრებმა 4,6-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, მათგან  84% საათის ისრების გადაწევის შეწყვეტის მომხრე აღმოჩნდა.

2018 წლის 12 სექტემბერს ევროკომისიამ წარადგინა წინადადება, რომელშიც დროის შეცვლის შეწყვეტას უკვე 2019 წელს ითხოვდა, თუმცა ევროპარლამენტმა გადაწყვეტილება 2 წლით გადაავადა, 2021 წლამდე.

წელიწადში ორჯერ საათის ისრების გადაწევის მთავარ უპირატესობად ელექტროენერგიის ეკონომია სახელდება. ზაფხულის დროის 7 თვის განმავლობაში (მარტის ბოლო კვირა დღიდან – ოქტომბრის ბოლო კვირა დღემდე) 210 საათის ელექტროენერგიას ვზოგავთ, მზის სინათლის გამოყენებით, თუმცა, მეორე მხრივ, სპეციალისტების დასკვნით, დროის ცვლილებას უარყოფითი ეფექტი უფრო აქვს, ვიდრე დადებითი – ის გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმზე და ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close