ეკონომიკამოგზაურობასაქართველო

ნოემბრიდან ევროპის მიმართულებით რეგულარული ავიარეისების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება – ნათია თურნავა (ვიდეო)

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს და ეს არის, ძირითადად, ევროპული მიმართულებები – გამოიცა ახალი ე.წ. ნოტამი და მთავრობის გადაწყვეტილება, რომელიც განსაზღვრავს ნოემბერეში რეგულარული რეისების ეტაპობრივი გახსნის რეჟიმს, – ამის შესახებ ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, არის ისეთი მიმართულებებიც, სადაც აქამდეც ხორციელდებოდა შეზღუდულად რეისები, მათ შორის, ჩარტერული, ახლა კი ეს მიმართულებები ღიაა რეგულარული ფრენების შესრულებისთვის.

„ეს არის ტრადიციული მიმართულებები, როგორიც არის მიუნხენი, პარიზი, რიგა – აქ კომპანიებს შევთავაზეთ გაზარდონ სიხშირეები. რაც შეეხება დანარჩენ მიმართულებებს – ამსტერდამი, ვენა, ვარშავა, ათენი, ვილნიუსი, დორტმუნდი, კატოვიცე, მილანი – ამ მიმართულებებით იმ კომპანიებს, რომლებიც აქამდეც ასრულებდნენ რეისებს, აქვთ შესაძლებლობა, დაიწყონ რეგულარული ფრენები“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, კონკრეტული დეტალები, მაგალითად, რა სიხშირით და როდიდან განახლდება ფრენები, დიდად არის დამოკიდებული თვითონ ავიაკომპანიების კომერციულ მდგომარეობაზე, რადგან ბევრ ავიაკომპანიას საკმაოდ რთული პერიოდი უდგას.

„ეს ასევე დამოკიდებულია ჩვენს მიდგომებზე, რადგან გადაწყვეტილი გვაქვს რეისების ეტაპობრივი გახსნა. იცით, რომ მთელ მსოფლიოში ყოველდღიურად იმატებს ინფიცირებულთა რაოდენობა, არის კორონავირუსის მეორე ტალღა, აქედან გამომდინარე, ყველა რისკი უნდა იყოს დაბალანსებული, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენი არჩევანი არის ადაპტაცია. ჩვენი არჩევანია იმდაგვარად ვებრძოლოთ პანდემიას, რომ არ შევზღუდოთ ბიზნესი და ამ ლოგიკაში აბსოლუტურად ორგანულად ჯდება ფრენების და მობილობის ის ეტაპობრივი გახსნა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, ვიზიტორებისთვის, მათ შორის, ბიზნესვიზიტორებისთვის, რაც უკვე განხორციელდება ნოემბრიდან“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close