ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 41 წლის ქალი, სავარაუდოდ, თრომბოემბოლიით გარდაიცვალა
ბათუმში, კოვიდსასტუმროში დღეს კორონავირუსით ინფიცირებული 41 წლის ქალი გარდაიცვალა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, პაციენტს კორონავირუსი 10 ოქტომბერს დაუდასტურდა და დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი თრომბოემბოლია [სისხლძარღვში წარმოქმნილი თრომბი – რედ.] გახდა.
„გარდაიცვალა 41 წლის ქალი კოვიდსასტუმროში. მას კორონავირუსი დაუდასტურდა 10 ოქტომბერს. იმავე დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ გადაყვანილი იქნა კოვიდსასტუმროში. დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ. პაციენტი იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზია თრომბოემბოლია“, – განაცხადეს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
ამ დროისთვის ეს არის კორონავირუსით ინფიცირებული ყველაზე ახალგაზრდა პაციენტის გარდაცვალების შემთხვევა საქართველოში. მანამდე ყველაზე ახალგაზრდა გარდაცვლილი პაციენტი 43 წლის მამაკაცი იყო, რომელიც 12 ოქტომბერს დაიღუპა ტრავმატოლოგიურ ჰოსპიტალში, სადაც მკურნალობას გადიოდა. ექიმების ინფორმაციით, მას სხვადასხვა თანმდევი ქრონიკული დაავადება აწუხებდა.
დღეს დილის გამოცხადებული მონაცემებით, 14-15 ოქტომბრის 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ინფიცირების 366 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, 286 – აჭარაში და 104 – იმერეთში.
სულ საქართველოში კორონავირუსული ინფექციის გავრცელების დაწყებიდან დღემდე კორონავირუსი 14 440 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან გამოჯანმრთელებულია 7367, გარდაიცვალა 113 პაციენტი.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები