ახალი საგამოცდო სისტემა საბერძნეთის მოქალაქეობის მოპოვების მსურველთათვის
რა იცვლება და როდის ჩატარდება პირველი გამოცდა?
როგორც უკვე ვიუწყებოდით, საბერძნეთის პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის პარლამენტში დასამტკიცებლად შეიტანა კანონპროექტი, რომლითაც გათვალისწინებულია ცვლილებები საბერძნეთის მოქალაქეობის კოდექსში. 8 ოქტომბერს პარლამენტმა ცვლილებები დაამტკიცა.
პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროში მოხდა მოქალაქეობის საკითხებზე მომუშავე დეპარტამენტის რეორგანიზაცია. განახლებული დეპარტამენტი აპირებს დაუყოვნებლივ შექმნას 7-კაციანი სამეცნიერო კომისია, რომელიც ნატურალიზაციის გზით საბერძნეთის მოქალაქეობის მოპოვების მსურველთათვის ახალი საგამოცდო სისტემის შემუშავებზე იზრუნებს.
იგეგმება, რომ უკვე მიმდინარე თვეში ჩამოყალიბდება საგამოცდო თემების ბაზა, რომელშიც იქნება 300 კითხვა საბერძნეთის ისტორიასა და გეოგრაფიაში, ასევე, 100 საკითხი ბერძნული ენის გამოცდისთვის. აღნიშნული თემები გამოქვეყნდება შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე. ყალიბდება საორგანიზაციო კომიტეტი და პირველი ეროვნული მასშტაბის გამოცდები 2021 წლის მაისში ჩატარდება. იგეგმება, რომ გამოცდები წელიწადში ორჯერ გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ უკვე დაგროვდა დაახლოებით 30 ათასი განუხილავი განცხადება. ამჟამად მიმდინარეობს გასაუბრება იმ კანდიდატებთან, რომლებმაც განაცხადები 2015-2016 წლებში შეიტანეს.
აქვე გვსურს შემოგთავაზოთ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მცირე ანალიზი:
საყოველთაოდ ცნობილია, რომ მმართველი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია „ნეა დიმოკრატია“ უცხოელებისათვის ნატურალიზაციის გზით საბერძნეთის მოქალაქეობის მინიჭების საკითხის მიმართ საკმაოდ უარყოფითი დამოკიდებულებით გამოირჩევა და ეს წარსულშიც არაერთხელ გამოვლენილა.
წინა მთავრობა, პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასის ხელმძღვანელობით, ამ თვალსაზრისით საკმაოდ ლიბერალურ პოლიტიკას ატარებდა. მათ მიიღეს კანონი, რომელმაც საბერძნეთში განათლებამიღებულ ბავშვებს საბერძნეთის მოქალაქეობის მიღება გაუადვილა და ამ შესაძლებლობით ათიათასობით ადამიანმა ისარგებლა.
ხელისუფლებაში ყოფნის ბოლოს „სირიზა“ შეეცადა გაემარტივებინა ნატურალიზაციის პროცედურა იმ იმიგრანტებისათვის, რომლებიც მრავალი წელია საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრობენ, მაგრამ ბერძნული განათლება არ მიუღიათ. ამ მიზნით განაცხადის შეტანისას დაწესებული სახელმწიფო ბაჟი, ე.წ. პარავოლო 700-იდან 550 ევრომდე შემცირდა. ასევე, გადაწყდა გამოცდების ახალი, გამარტივებული ფორმით ჩატარება, თუმცა ამ პროცესის ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა – 2019 წლის 7 ივლისის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე „სირიზა“ დამარცხდა და ქვეყნის ხელისუფლება შეიცვალა.
თავისთავად საინტერესოა, თუ რატომ დააგვიანა „სირიზამ“ კანონმდებლობის ლიბერალიზაცია. სავარაუდოდ, სამთავრობო კოალიციაში შემავალი მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია ΑΝ.ΕΛ. (Ανεξάρτητοι Έλληνες, „დამოუკიდებელი ბერძნები“) და მისი ლიდერი პანოს კამენოსი ეწინააღმდეგებოდნენ ასეთი სახის ცვლილებებს, რაც აღნიშნული პარტიის იდეოლოგიას სრულად შეესაბამება. 2019 წლის გაზაფხულზე კოალიცია, მაკედონიის საკითხთან დაკავშირებული განხეთქილების გამო, ფაქტობრივად, უკვე დაშლილი იყო და „სირიზას“ კამენოსის პარტიის მიმართ ვალდებულებები აღარ გააჩნდა. სწორედ მაშინ დაიწყო კანონმდებლობის გადახედვა, მაგრამ პროცესი ბოლომდე ვერ მივიდა.
რამდენადაც საბერძნეთში პოლიტიკის მემკვიდრეობითობა სახელმწიფო სისტემის ფუნქციონირების მნიშვნელოვანი ელემენტია, „ნეა დიმოკრატიას“, სურვილის მიუხედავად, არ შეეძლო უბრალოდ გაეუქმებინა წინა ხელისუფლების საკანონმდებლო ინიციატივები და მანამდე არსებული სტატუს კვო აღედგინა. ამდენად, ხელისფლებამ შესაბამისი ტექნოლოგიის დაცვით ახალი საკანონმდებლო ინიციატივა წამოაყენა, რომელიც ფორმალურად არ აუქმებს წინა რეგულაციებს, თუმცა, ფაქტობრივად, უკიდურესად ართულებს ნატურალიზაციის პროცედურას.
კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, განაცხადის შეტანისას აპლიკანტმა უნდა წარადგინოს დამატებით კიდევ ერთი დოკუმენტი, რომლის სახელწოდებაცაა „ნატურალიზაციისათვის საჭირო ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი“ (Πιστοποιητικό επάρκειας γνώσεων για πολιτογράφηση (Π.Ε.Γ.Π.), რომლის მოსაპოვებლად უნდა ჩააბაროს გამოცდა ბერძნულ ენასა და ისტორიაში და ამისათვის 250 ევრო გადაიხადოს. შედეგად, კანდიდატის ხარჯი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ჯამში 800 ევრო გახდა ანუ კიდევ უფრო მეტია, ვიდრე „სირიზას“ რეფორმამდე იყო. ამავე დროს, გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 80 პროცენტამდე გაიზარდა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა და ბევრი კანდიდატი ალბათ პირველივე ეტაპზე, განაცხადის შეტანამდე გამოეთიშება პროცესს.
ამას ემატება ენისა და ისტორიის გამოცდების გაერთიანება, რის მეშვეობითაც ხელისუფლებას საშუალება მიეცა, ენის გამოცდის ჩაბარების ვალდებულება დაეწესებინა იმ კანდიდატებისთვის, რომლებმაც უკვე მოიპოვეს სათანადო სერტიფიკატი ბერძნულ ენაში სახელმწიფო გამოცდის ჩაბარებით. ძველი კანონმდებლობით ასეთი მოქალაქეები მხოლოდ საბერძნეთის ისტორიისა და კულტურის გამოცდას აბარებდნენ.
ახალი კანონით გამოცდაში მონაწილეობის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან შემდეგი კატეგორიის კანდიდატები: ბერძნული საშუალო სკოლის დამამთავრებელი საფეხურის, ლიცეუმის კურსდამთავრებულები და ბერძნული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები (ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის დიპლომის მფლობელები). ასეთი კანდიდატების რაოდენობა კი მინიმალურია.
მნიშვნელოვანია, რომ ზემოაღნიშნული სერტიფიკატის ფლობა კანდიდატს არ ათავისუფლებს ზეპირი გასაუბრებისგან, რომელიც განაცხადის შეტანის შემდეგ ტარდება. აღნიშნული ზეპირი გასაუბრებისას კანდიდატმა უნდა დაამტკიცოს, რომ სათანადოდ ინტეგრირებულია საბერძნეთის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. ასეთი გასაუბრების კრიტერიუმები საკმაოდ ბუნდოვანი ჩანს, რაც კიდევ უფრო ართულებს ნატურალიზაციის პროცედურას.
გიორგი ჯანელიძე
ამავე თემაზე: საბერძნეთის მოქალაქეობის მიღება რთულდება – რას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი?
კომენტარები