საბერძნეთისაიმიგრაციო კანონმდებლობის სიახლეები

საბერძნეთის მოქალაქეობის მიღება რთულდება – რას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი?

საბერძნეთის პარლამენტში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დასამტკიცებლად შეიტანა კანონპროექტი, რომლითაც გათვალისწინებულია ცვლილებები საბერძნეთის მოქალაქობის კოდექსში. სხვა, ორგანიზაციული სახის რეგულაციებთან ერთად კანონპროექტი შეიცავს მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც უცხოელის მიერ ნატურალიზაციის გზით საბერძნეთის მოქალაქეობის მოპოვებას ეხება.

კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, განაცხადის შეტანისას აპლიკანტმა უნდა წარადგინოს დამატებით კიდევ ერთი დოკუმენტი, რომლის სახელწოდებაცაა „ნატურალიზაციისათვის საჭირო ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი“ (Πιστοποιητικό επάρκειας γνώσεων για πολιτογράφηση (Π.Ε.Γ.Π.).  აღნიშნული სერტიფიკატის მოსაპოვებლად კანდიდატმა უნდა ჩააბაროს წერითი გამოცდა ბერძნულ ენაში B1 დონეზე, ასევე საბერძნეთის ისტორიის, გეოგრაფიის, კულტურისა და სახელმწიფო ინტიტუტების საკითხებზე. გამოცდაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა უნდა გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი, ე. წ. პარავოლო, 250 ევროს ოდენობით.

რამდენადაც კანონი ითვალისწინებს ნატურალიზაციისათვის განაცხადის შეტანისას სახელმწიფო ბაჟის გადახდას 550 ევროს ოდენობით, საერთო ხარჯი კანდიდატისთვის, ახალი რეგულაციით, 800 ევრომდე იზრდება.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი შემდეგი გარემოებაა: გამოცდის ჩაბარებისას საჭირო იქნება 80%-იანი ბარიერის გადალახვა – კანდიდატმა 10-ბალიანი სისტემით 8 ქულა მაინც უნდა მიიღოს, რათა „ნატურალიზაციისათვის საჭირო ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი“ მოიპოვოს, რაც ცხადია, რთული იქნება.

კანდიდატის გამოცდებისათვის მოსამზადებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს საიტზე გამოქვეყნდება 300 საკითხი, რომელთაგანაც აირჩევა საგამოცდო თემები. საკუთრივ გამოცდების ორგანიზება განათლების სამინისტროს კომპეტენციაა და, სავარაუდოდ, წელიწადში ორჯერ ჩატარდება.

გამოცდაში მონაწილეობის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან შემდეგი კატეგორიის კანდიდატები: ბერძნული საშუალო სკოლის დამამთავრებელი საფეხურის, ლიცეუმის კურსდამთავრებულები და ბერძნული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები (ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის დიპლომის მფლობელები).

საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული სერტიფიკატის ფლობა კანდიდატს არ ათავისუფლებს ზეპირი გასაუბრებისგან, რომელიც განაცხადის შეტანის შემდეგ ტარდება. გასაუბრება კომისიის წინაშე ტარდება, რომელის წევრებმა (2 სპეციალისტი) უნდა დაადასტურონ, რომ კანდიდატი ფლობს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უნარს, ასევე, სათანადოდ ინტეგრირებულია საბერძნეთის ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში.

კანონპროექტი ითვალისწინებს სხვა, უფრო დეტალურ ცვლილებებსაც, რომელთა შესახებ შემდეგ წერილში მოგაწოდებთ ინფორმაციას.

გიორგი ჯანელიძე

წყარო: http://www.opengov.gr/ypes/?p=7256

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close