fbpx
ისტორიასაქართველო

სუხიშვილები გადასახლებას ერთმა ფოტომ გადაარჩინა – ცნობილი წყვილის ისტორია

ნაციონალური ბალეტის ეპოქალური გმირები – სუხიშვილები ერთმა საბედისწერო ცეკვამ და ამის გამო ნაჩუქარმა ფოტოსურათმა ტირანიისგან გადაარჩინა.

ლავრენტი ბერიამ ნინო რამიშვილი სტალინთან წარადგინა. გვარის გაგონებისას სისხლიანი რეჟიმის შემოქმედს ჩაეცინა და საბედისწერო ფრაზა თქვა: „რამიშვილი? ყველა მენშევიკი უნდა დაიხვრიტოს“.

ამის შემდეგ იყო სტალინთან სუფრა, ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის განუმეორებელი ცეკვა. მათი შესრულებით მოხიბლულმა ბელადმა ილიკო სუხიშვილს სურვილის შესრულება აღუთქვა. იმ ხანად შეჭირვებულმა ქართველი ცეკვის გენიამ მოკრძალებით მხოლოდ სტალინის ფოტო ითხოვა მისივე ავტოგრაფით.

ნინო რამიშვილის მამის დაპატიმრების შემდეგ ცნობილ წყვილს გადასახლებაში გასაშვებად მიადგნენ, თუმცა ისინი „გაციმბირებისაგან“ სწორედ ბელადის ავტოგრაფიანმა ფოტომ იხსნა…

მას შემდეგ სუხიშვილების კარზე ე. წ. ტროიკა აღარ გამოჩენილა…

ამ და ცნობილი წყვილის ქორწინების ისტორიას თავად ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი იხსენებდნენ:

„როდესაც ილიკოს მივყვებოდი, ყველა წინააღმდეგი იყო. ამბობდნენ, მოცეკვავე რად გინდაო. მამაჩემმა კი მითხრა – გინდა, გაყევი, თუ ქორწინება გაამართლებს, ხომ კარგი, არა და, სახლი გაქვს და უკან მოხვალო. ილიკოს ზურგდაკემსილი პერანგი ეცვა და მეც, ყველას ჯიბრზე, ამ ზურგდაკემსილს გავყევი…“ – იგონებს ნინო რამიშვილი.

1935 წლის ზაფხულში დეპეშა მიიღეს – მოცეკვავეებს ინგლისში გზავნიდნენ. ნინო რამიშვილი იხსენებს:

„ლონდონში მეც უნდა წავსულიყავი. კომისარიატში გამომიძახეს და თანამშრომლობა შემომთავაზეს. მაშინ 25 წლის ვიყავი. მითხრეს, ლონდონში რომ იქნები, თითოეულ მოცეკვავეზე ამბავი მოგვიტანეო. აღვშფოთდი და ვუთხარი, ზურგს უკან ლაპარაკი არ მჩვევია-მეთქი. გამომძიებელმა იყვირა, აი, თქვენმა ბურჟუაზიულმა წარმომავლობამ სად იჩინა თავიო…“

შეხვედრა სტალინთან

„სტალინის წინ უნდა ჩაგვევლო, გვერდით ბერია ედგა და მას უნდა წარვედგინეთ. ჩემი ჯერი რომ დადგა და მივუახლოვდი, გაიგონა გვარი რამიშვილი და უცებ თქვა: „რამიშვილი? სურები ვსე მენშევიკი, ვსეხ რასტრელიაც ნადა!“ რა მომივიდოდა? შესაძლოა, იხუმრა კიდეც, მაგრამ იმ დროს მისი ხუმრობა მძიმედ შეიძლებოდა მოტრიალებულიყო. მისი ხუმრობა ხომ ბრძანება იყო… ჰოდა, ვდგავარ და ვფიქრობ, ახლავე გამიყვანენ თუ გასასვლელთან დამხვდებიან-მეთქი“.

ნინოს შიში არ გამართლდა. სტალინმა ისინი სახლში მიიპატიჟა და ქართული სუფრით გაუმასპინძლდა.

„ილიკო ღვინოს არ სვამდა. სტალინს უთქვამს, ილიკომ არც მოლოტოვთან დალია, არც აქ სვამს, ამიტომ ორი ჭიქით დავაჯარიმოთო. ილიკომ ჭიქა აიღო და სტალინის სადღეგრძელოს თქმა დაიწყო. ბელადმა შეაჩერა და უთხრა, ჯერ შენი დედ-მამის დალიე, რადგან მათ რომ არ გაეჩინე, ახლა აქ არ იქნებოდიო.

მერე კი სთხოვა, იცეკვეო. ილიკომ ნინო გამოიცეკვა. სტალინი ფეხზე წამომდგარი უყურებდა თურმე. შემდეგ ცხვირსახოცი ამოიღო, ცრემლები მოიწმინდა და თქვა, ახალგაზრდობაში მეც ვცეკვავდი, მაგრამ როგორა ხარ განათლებული, შე ღმერთძაღლო, ფეხებშიო. ბოლოს სტალინს ილიკოსთვის უკითხავს, რა გაჩუქოო.

„ბინა არ მქონდა და არაფერი, მაგრამ ვუთხარი, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი იქნება თქვენი სურათი ავტოგრაფით-მეთქი“, – იხსენებს ილიკო.

სწორედ ამ ფოტომ მათი ოჯახი გადაარჩინა.

„მამა რომ დაიჭირეს, ჩვენი გასახლება უნდოდათ. ოთახში რომ შემოვიდნენ და სტალინის სურათი დაინახეს ავტოგრაფით, მაშინვე გატრიალდნენ და უკან აღარ მობრუნებულან“, – ამბობდა ნინო რამიშვილი.

primetime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close