ქართველები უცხოეთში

„ქართული სახლი ესპანეთში“ – კატალონიაში ქართული საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრი და საკვირაო სკოლა გაიხსნა

სახელმწიფო საგრანტო კონკურსის ფარგლებში წელს 45 გამარჯვებული დიასპორული ორგანიზაცია გამოვლინდა 19 ქვეყნიდან. ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა ესპანეთში, კერძოდ, კატალონიაში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, ქალბატონ დიანა ციხისთავის პროექტი.

ქალბატონი დიანა უკვე მრავალი წელია ჩაბმულია ორგანიზაციის საქმიანობაში და უამრავი კულტურული, შემეცნებითი თუ საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორია. საბოლოოდ საგრანტო კონკურსში გამარჯვებამ მას შესაძლებლობა მისცა, განეხორციელებინა დიდი ხნის ჩანაფიქრი – გაეხსნა საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრი ქართულ საკვირაო სკოლასთან ერთად.

„ქართული სახლი“ ქალაქ საბადელში გაიხსნა (ბარსელონიდან 40 წუთის სავალზე), სადაც უკანასკნელ წლებში უამრავი ქართველი ემიგრანტი დასახლდა.

ჩვენს თანამემამულეებს შესაძლებლობა მიეცათ ქართულ სივრცეში მონახონ საკუთარი ადგილი შემოქმედებითი ნიჭის გასაღვივებლად და ქართული სულიერების შესანარჩუნებლად. სკოლა მოსწავლეებს სამი თვის განმავლობაში უფასო სარეაბილიტაციო კურსს სთავაზობს კოვიდ-19-ის პანდემიისგან გამოწვეული სტრესის მოსახსნელად, განსამუხტად.

საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრის გახსნასთან ერთად, 1-ლიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, მოეწყო ემიგრაციაში მცხოვრები ქართველი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

სასიამოვნო სურპრიზების ფონზე გამოფენის ბოლო დღეს პოეზიის საღამო მოგვიძღვნა საქართველოდან სტუმრად მყოფმა სოფიკო ტყეშელაშვილმა, რომელმაც მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა თითოეული ემიგრანტის მისიას უცხოეთში – „რაც შეიძლება პოზიტიურად წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა“.

პოეზიის საღამოზე ასევე  მოწვეულები იყვნენ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები – კონსული, ქალბატონი ქეთევან გოგოლაშვილი და ვიცე-კონსული, ქალბატონი ლიკა ახალბედაშვილი. კონსულმა გამოხატა თავისი აღფრთოვანება უმოკლეს დროში საკვირაო სკოლის ყველა საჭირო აღჭურვილობით და ინვენტარით ასე ორგანიზებულად გახსნის გამო.

მარცხნიდან: ვიცე-კონსული ლიკა ახალბედაშვილი, კონსული ქეთევან გოგოლაშვილი, მხატვარი ნინა ვაჩნაძე

აღსანიშნავია ისიც, რომ ემიგრანტების გარკვეული ნაწილი, რომელთაც ერთმანეთთან სოციალურ ქსელში ნაცნობობა აკავშირებდათ, პირველად შეხვდა ერთმანეთს პირისპირ, რაც ერთგვარად სასიამოვნო მომენტი აღმოჩნდა. ქალბატონი დიანა ციხისთავის მთავარი მიზანიც ეს არის – ემიგრანტების დაახლოება და გაერთიანება.

ამ ეტაპზე საკვირაო სკოლისთვის ყველაზე მნიშვნელოვან აუცილებლობას წარმოადგენს ქართულენოვანი ლიტერატურა. საბავშვო მწერალმა გივი ჩიღვინაძემ საქართველოდან უკვე გაუკეთა საჩუქარი ჩვენს საკვირაო სკოლას, მისი ნაჩუქარი წიგნები უკვე გზაშია. თუ რომელიმე გამომცემლობა შეძლებს საქველმოქმედო აქციაში ჩაერთოს, წიგნების ტრანსპორტირების ორგანიზებას თავად დიასპორა უზრუნველყოფს.

თამარ ბურდული, 
ბარსელონა, ესპანეთი

ლელა სიბაშვილის და თამარ ბურდულის ფოტოები

p. s. მადლობას ვუხდით ჩვენს ემიგრანტებს გამოფენაში მონაწილეობისთვის:
ფოტოები: გიორგი ამირანაშვილი
ფოტოები: ლელა სიბაშვილი
ფერწერული ტილოები, თექა: ნინო ვაჩნაძე
გობელენი, თიხა, ყვავილების დეკორაცია: ქეთევან მარტინენკო
ღვთისმშობლის ხატი: მარიამ ჩოთალაშვილი (საჩუქარი საქართველოდან)
ქვებით ნაქარგი ხატები: დავით ხატიაშვილი

დიანა ციხისთავი (მარცხნივ) და სოფიო ტყეშელაშვილი
დავით ხატიაშვილი, თამარ ბურდული და ელეონორა დეისაძე სკოლის მოსწავლეებთან ერთად

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close