მსოფლიოპოლიტიკა

ყარაბაღში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება

ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის მიერ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანზე, შუშან სტეპანიანზე დაყრდნობით დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სომხურმა დანაყოფებმა რამდენიმე მიმართულებით მოიგერიეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების იერიში და მოწინააღმდეგის ცოცხალ ძალას და ტექნიკას მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს. სტეპანიანის ცნობითვე, სამხრეთის მიმართულებით განადგურებულია აზერბაიჯანის ჯავშანტექნიკის ჯგუფი.

28 სექტემბერს საღამოს მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა, არაიკ არუთუნიანმა განაცხადა, რომ მათი მიზანია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და საბრძოლო ტექნიკის დანაკარგი იყოს ისეთივე, როგორიც 1992-1994 წლებში. არუთუნიანის თქმით, ამ ეტაპზე სხვა ვარიანტი არ არსებობს, რადგან პოლიტიკური კომპრომისის და ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობას ჯერჯერობით ვერ ხედავენ. დე ფაქტო პრეზიდენტი ამბობს, რომ ხანგრძლივი და მძიმე ბრძოლისთვის უნდა მოემზადონ. სომხური მხარის ინფორმაციით, 27-28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის არმიის 84 სამხედრო დაიღუპა.

დაძაბული ბრძოლების შესახებ იუწყება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო. მასზე დაყრდნობით სააგენტო „ტრენდი“ დღეს დილით წერს, რომ სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა ღამის განმავლობაში არაერთხელ სცადეს კონტრშეტევა ფიზული-ჯებრაილის და აგდერი-ტერტერის მიმართულებებით დაკარგული პოზიციების დასაბრუნებლად, თუმცა აზერბაიჯანის არმიამ წარმატებული თავდაცვით ყველა მცდელობა დაუყოვნებლივ აღკვეთა. აზერბაიჯანული მხარის ცნობითვე, ავიაციის საშუალებებით განადგურებულია მოწინააღმდეგის ჯავშანტექნიკის და ავტომაქანების კოლონა და საარტილერიო დანადგარები.

დღეს დილით აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა კიდევ ერთი ინფორმაცია, რომლის თანხმად, სომხეთის ვარდენისის რაიონიდან არტილერიის გამოყენებით დაცხრილეს აზერბაიჯანის დაშკესანის რაიონი.

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა, რაშიც აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. ორივე ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული.

ფორმალურად სომხეთი კონფლიქტის მხარე არ არის, თუმცა ღიად უჭერს მხარს მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებას.

აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლის შემდეგ კონფლიქტი, ფაქტობრივად, გაყინული იყო. ბოლო ხანს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი სულ უფრო ხშირად ირღვეოდა.

radiotavisupleba.ge

მთიანი ყარაბაღის საკითხზე გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკა არ არის აღიარებული მსოფლიოს არცერთი ქვეყნის მიერ.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“, ორ სირიელ მებრძოლზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას,   რომ თურქეთი აზერბაიჯანის დასახმარებლად სირიელ მებრძოლებს გზავნის.

ორივე მამაკაცი აცხადებს, რომ მეთაურები, წასვლის შემთხვევაში, თვეში 1500 დოლარს დაჰპირდნენ. „როიტერთან“ საუბრის დროს მებრძოლებმა ასევე განაცხადეს, რომ აზერბაიჯანში არა საბრძოლველად, არამედ ობიექტების დასაცავად მიემგზავრებიან.

„როიტერის“ ინფორმაციით, აზერბაიჯანში სირიელი მებრძოლების გაგზავნის თემაზე კომენტარი გააკეთა მოსკოვში სომხეთის ელჩმაც, რომელმაც განაცხადა, რომ თურქეთმა აზერბაიჯანში სირიის ჩრდილოეთ რეგიონებიდან დაახლოებით 4000 მებრძოლი გაგზავნა.

გავრცელებულ ინფორმაციას აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე უარყოფს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი თურქეთს არ გაუკეთებია.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close