
იტალიის პოლიცია ეძებს რეციდივისტ მკვლელს, რომელიც ციხიდან გაიქცა, უკვე მესამედ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Ansa ავრცელებს.
63 წლის ჯუზეპე ანდრეა მასტინი, იგივე „ბოშა ჯონი“ (ჯონი ლო ზინგარო, Johnny lo zingaro), რომელსაც 1989 წელს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, კუნძულ სარდინიაზე, სასარიში, მკაცრი რეჟიმის ციხეში იხდიდა სასჯელს 2017 წლიდან.
„მასტინიმ ბოროტად ისარგებლა ციხიდან ერთი დღით გათავისუფლების უფლებით, იგი შუადღისას უნდა დაბრუნებულიყო თავის საკანში, თუმცა არ დაბრუნდა“, – აცხადებენ პოლიციაში.
მასტინი სასჯელს იხდიდა 1970-1980-იან წლებში რომში ჩადენილი რამდენიმე მკვლელობის, ადამიანების გატაცებისა და ქურდობისთვის. მისი სახელი ფიგურირებდა, აგრეთვე, ცნობილი იტალიელი რეჟისორის, პიერ პაოლო პაზოლინის იდუმალი მკვლელობის გამოძიებისას, რომელიც 1975 წლის 2 ნოემბერს მოხდა რომთან ახლოს მდებარე ზღვისპირა ქალაქ ოსტიაში. იგი ამ მკვლელობასთან კავშირს ყოველთვის უარყოფდა და პოლიციამ დღემდე ვერ დაადგინა მისი ბრალი.
პირველად ჯონი ლო ზინგარო ციხიდან 1987 წელს გაიქცა. მან მაშინაც ერთდღიანი გათავისუფლების უფლება გამოიყენა და უკან არ დაბრუნდა. იგი პოლიციამ მხოლოდ 2-წლიანი ძებნის შემდეგ იპოვა. ამ დროის განმავლობაში მასტინიმ მაღაზია დააყაჩაღა, ერთი პოლიციელი მოკლა, მეორე დაჭრა და მძევლად აიყვანა ახალგაზრდა ქალი სილვია ლეონარდი. მეორედ ის კუნეოს პროვინციაში, ფოსანოში მდებარე გამოსასწორებელი კოლონიიდან გაიქცა 2017 წლის 30 ივნისს, კვლავ დროებითი გათავისუფლების დროს.
გაქცეულ პატიმარს, რომელიც ციხიდან ერთი დღით გაუშვეს თავის პარტნიორ ქალთან შესახვედრად, ახლა არა მარტო სარდინიასა და იტალიის მთელ ტერიტორიაზე, არამედ საერთაშორისო დონეზე ეძებენ იმ ქვეყნების ჩათვლით, რომლებიც სარდინიას პირდაპირ უკავშირდება აეროპორტებისა და პორტების მეშვეობით.
რეციდივისტის მესამედ გაქცევის ფაქტი პოლიციელთა პროფკავშირების წარმომადგენლების რისხვას იწვევს. ისინი აცხადებენ, რომ დროებითი თავისუფლების მინიჭება ყველა დამნაშავისთვის არ შეიძლება და კანონი ამ მხრივ შესაცვლელია.
„კანონმდებლობა, რომელიც ციხის დატოვების საშუალებას აძლევს იმ ადამიანებს, რომლებსაც აშკარად არ უნდა მიეცეთ ამის უფლება, აბსოლუტურად უნდა შეიცვალოს, – აცხადებს Es Polizia-ს გენერალური მდივანი ვინჩენცო კიანეზე, – და არა მარტო იმიტომ, რომ მსხვერპლთა ოჯახები არ განიცდიდნენ ერთსა და იმავე ტკივილს ყოველ ჯერზე, როცა ასეთი რამეები ხდება, არამედ იმიტომაც, რომ დაუსჯელობის შეგრძნება ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფოსადმი ნდობას ძირს უთხრის“.
ნიკო აბაშიშვილი
კომენტარები