fbpx
ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

„ბადანტეს“ ავტორი ლელა თოლორდავა: „დედების დაბრუნება სახლში – ამაზე დიდი პრობლემა ჩვენს ქვეყანას არ აქვს!!!“

„ბადანტედქცეული ქართველი ჟურნალისტი ლელა თოლორდავა“ – ასე უწოდებს საკუთარ თავს ჩვენი კოლეგა, რომელიც უკვე მეორედ არის ემიგრაციაში. ამჟამად ტოსკანაში, პიზასთან ახლოს ერთ პატარა, ლამაზ სოფელ ფორკოლში იმყოფება და, შეიძლება ითქვას, ძალიან გახარებულია, რადგან რამდენიმე დღის წინ მისი წიგნი „ბადანტე“ დაიბეჭდა, რომელსაც სამშობლოში მალე დაბრუნების იმედით, ყველა ემიგრანტს უძღვნის.

ლელა თოლორდავა ცნობილი ჟურნალისტია, წლების განმავლობაში მუშაობდა ქუთაისში გამომავალ დამოუკიდებელ გაზეთში P.S. („პოსტსკრიპტუმი“). თბილისში კი „თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარის“ პიარმენეჯერი იყო და 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობამ მის თავზე გადაიარა… სიკვდილს ძლივს გადაურჩა.

თუ როგორ და რატომ აღმოჩნდა იტალიაში, როგორია მისი მიზნები და მომავლის გეგმები, რა არის ემიგრანტი ჟურნალისტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი და… მოკლედ, უმჯობესია, თავად ლელას მოვუსმინოთ, წინ საინტერესო ინტერვიუ გელით.

ლელა, სოციალურ ქსელში თქვენმა ფეისჩანაწერებმა მიიქცია ჩემი ყურადღება – წერა ემიგრანტობას გიმსუბუქებთ?

წერა ჩემი ხსნაა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ფარივით ვიფარებ, არ მინდა ვიფიქრო, რომ ბადანტე ვარ. როცა ვზივარ და ვწერ, მწარე რეალობას ზურგს ვაქცევ…

როგორ მოხვედით ამ რეალობამდე? თქვენივე ჩანაწერებიდან ვიცი, რომ მშობლიური ქვეყნის დატოვება არ გინდოდათ…

ჩემი ფესვები სამეგრელოშია, ჩხოროწყუდან იყო ბაბუა, ცნობილი მეჯოგე თედაოზ თოლორდავა. მას საირმის ალპურ საძოვრებზე დაჰყავდა ნახირი. სწორედ ბაღდათში მოიხიბლა ლიზა დევიძის სილამაზით, რომელიც სამეგრელოში არ გააყოლეს, სიყვარულის გამო მსხვერპლი გაიღო, მოყვრების სიახლოვეს იყიდა სამოსახლო მიწა და სოფელ წითელხევში დასახლდა. იქ დაიბადა მამა და დავიბადე მეც. ჩემთვის სამყაროს ცენტრია წითელხევი, მაგრამ გული მწყდება, სამეგრელოსთან არანაირი კავშირი რომ არ მაქვს, არც მეგრული ვიცი ერთი სიტყვა…

სკოლის დამთავრების შემდეგ ქუთაისში ვცხოვრობდი, იქ გავატარე სტუდენტობის უბედნიერესი წლები. აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ ვმუშაობდი ქუთაისში გამომავალ დამოუკიდებელ გაზეთში P.S. („პოსტსკრიპტუმი“). ეს იყო ყველაზე ბედნიერი წლები ჩემს ცხოვრებაში. ერთი დიდი ოჯახი ვიყავით, ჭირი და ლხინი განუყოფელი გვქონდა. ეტყობოდა კიდევაც გაზეთს, პოპულარული იყო არა მარტო იმერეთში, არამედ მთელ საქართველოში. „P.S.“ იყო ჟურნალისტების სამჭედლო. ამაში კი უდიდესი დამსახურება მიუძღვის უნიჭიერეს ჟურნალისტს და გაზეთის რედაქტორს, ნანული ცხვედიანს. ვინმე თუ თვლის, რომ კალამი მიჭრის, ამაში ქალბატონ ნანულის დიდი წვლილია. ჩემი ბედიც აქ გადაწყდა: გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას ჩემი ფოტო დაურთეს, რომელმაც მოხიბლა ჩემი მომავალი მეუღლე და ქორწილში მთელმა რედაქციამ განსხვავებულით შესვა ჩვენი სადღეგრძელო. მალე სიძეც გადმოიბირეს გაზეთში და, სპორტულ ჟურნალისტს, სპორტული გვერდი ჩააბარეს. მერე გაჩდნენ ჩემი შვილები, რომლებიც დაბადებიდანვე ხშირად სტუმრობდნენ დედიკოს და მამიკოს სამსახურს. დღესასწაული იყო მათთვის რედაქციაში მოსვლა, ყველანი ანებივრებდნენ, სითბოს და საჩუქრებს არ აკლებდნენ. გაზეთის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, ნატო გუბელაძე ჩემი ლუკას ნათლია რომ გახდა, უნდა მოგესმინათ ჩემი ბიჭის სიამაყით ნათქვამი – ნატო ნათლიასთან მივდივარო. ნეტავ იმ დროში, ჩემს „პეესპელებთან“ დამაბრუნა …

თბილისში „თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარში“ პიარმენეჯერად და ფეისბუქის გვერდის ადმინისტრატორად მუშაობის დროსაც შევნატრი. ოთხფეხა მეგობრებზე ისტორიების წერაც მენატრება, მაგრამ ხშირად არ მინდა გავიხსენო, რადგან სევდიანი ფინალი ჰქონდა. 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობამ მიწასთან გაასწორა თავშესაფარი და იმ დაუცველი არსებების საშინელი სიკვდილი საკუთარი თვალით ვნახე, რომელთა ისტორიებს ვწერდი… სტიქიის დროს, იმ ავბედით ღამეს იქ ვიყავი, ბოლო კადრები და ვიდეო, როგორ იტბორებოდა თავშესაფარი, მე გადავიღე… სიკვდილს ერთი ნაბიჯით გავასწარი…

ვთვლი, რომ იმ დაწყევლილმა დღემ, მოგვიანებით,  განაპირობა ჩემი უცხოეთში გადმოხვეწა. დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები, გულისტკივილის მეტი არაფერი მოაქვს. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ მოცემულ მდგომარეობაში სხვა გამოსავალი არ მქონდა, ზღვა პრობლემას რომ გავმკლავებოდი, აუცილებლად მჭირდებოდა კარგი შემოსავალი, თან სტაბილური. საქართველოში ამას ვერ მოვახერხებდი, ერთადერთი გზა იყო უცხოეთში წამოსვლა და ამ გზამ ბადანტეობამდე მომიყვანა.

და დღეს რა ფიქრობს უკვე ბადანტედქცეული ქართველი ჟურნალისტი ლელა თოლორდავა“, როგორც საკუთარ თავს უწოდებთ, სწორად მოიქეცით?

ალბათ სწორად მოვიქეცი, რადგან ნაბიჯ-ნაბიჯ პრობლემებისგან ვთავისუფლდები.

ემიგრანტობის პირველ დღეებს, თვეებს როგორ გაიხსენებთ, რა სიძნელეების გადალახვა მოგიხდათ პირველ ეტაპზე? ადაპტაციისთვის დიდი დრო დაგჭირდათ?

ენა ვერ იტყვის და კალამი ვერ აღწერს იმ ტრაგედიას, რაშიც მე აღმოვჩნდი – პიროვნულ ტრაგედიას. სახლიდან აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე მქონდა განცდა, რომ სამყაროს ვტოვებდი… სხვა განზომილებაში გადავდიოდი… იტალიური ოჯახის ზღურბლს რომ გადავაბიჯე, ასე მეგონა, მოვკვდი და ჯოჯოხეთში მოვხვდი… ჩემს თავს გავურბოდი, სიმართლისთვის თვალის გასწორების მეშინოდა, სიზმარში მეგონა თავი, ვერ ვიჯერებდი, რომ უცხო ქვეყანაში, უცხო ოჯახში, უცხო მოხუცის მომვლელად ვიქეცი. ამ დროს ერთი სიტყვა არ ვიცოდი იტალიური, მე მისი ენა არ მესმოდა, მას – ჩემი. ახლაც მიკვირს, როგორ გავართვი ამ ყველაფერს თავი, თუმცა ეს ყველაფერი სულის ტკივილად მექცა, არ ვაჭარბებ, უდიდესი სულიერი ტრავმა იყო ჩემთვის, ეს დაღი მთელი ცხოვრება გამყვება.

მიუხედავად ამისა, რა ახალი ემოცია და გამოცდილება შემოიტანა იტალიამ თქვენს ცხოვრებაში, რა დაგანახათ ემიგრანტობამ?

ემიგრანტობამ სიმართლისთვის თვალის გასწორება მასწავლა. უკვე ვიცი, რომ გათითოკაცებულია სამყარო და არავითარ შემთხვევაში სხვისი იმედი არ უნდა გქონდეს, მხოლოდ საკუთარი თავის იმედით უნდა იყო. საკუთარ თავს უნდა მოსთხოვო მეტი, შენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს. სამყაროში მარტო ხარ, არ უნდა შეიქმნა ილუზია, რომ ვინმე სხვა მოვა და გიშველის. იტალიაში ეს განწყობაა, ერთმანეთზე არავინაა დამოკიდებული, ყველა თავის ტყავში იხარშება. აქ ყველა თავისთვისაა, ჭირშიც და ლხინშიც, ერთმანეთს არ შეაწუხებენ. დედა არაფერს დაავალებს შვილს და შვილი – დედას. ეს ჩვენი მენტალობისთვის გაუგებარია, მაგრამ კარგად თუ ჩაუღრმავდები, პიროვნული დამოუკიდებლობისთვის ასე ბევრად უკეთესია.

კონკრეტრულად სად ხართ ამჟამად და რა დამოკიდებულება აქვთ ადგილობრივებს, ზოგადად, იმიგრანტების მიმართ?

ახლა ტოსკანაში ვარ, პიზასთან ახლოს, ერთ პატარა, ლამაზ სოფელ ფორკოლში. ალცჰაიმერით დაავადებულ ბებოს ვუვლი. ვერ ვიტყვი, რომ ცუდი დამოკიდებულებაა ემიგრანტების მიმართ, თუმცა ჩვენ როგორც წარმოვაჩენთ საკუთარ თავს, ისე მოგვექცევიან. მე პირადად ყველგან, სადაც მიმუშავია, პატივს მცემდნენ. ასეა ამ ოჯახშიც, ძალიან მოკრძალებით მექცევიან, თუმცა არიან ისეთი ოჯახებიც, მონებად რომ თვლიან მათთან დასაქმებულ „სტრანიერებს“ (იტ. უცხოელები). ყველაფერი ინდივიდუალურია, როგორც ყველგან.

 პანდემიას როგორ უმკლავდებით ქვეყანაში, სადაც ახლაც საკმაოდ რთულ ვითარებაზე საუბრობენ?

პანდემიას ნუ გამახსენებ. მოგეხსენებათ იტალიაში ძალიან რთულად იყო საქმე, არავინ ელოდებოდა ასეთ მასშტაბებს და, შესაბამისად, მზაობაც არ იყო, ამიტომ დიდი მსხვერპლით დასრულდა. ახლა  მეორე რაუნდზე საუბრობენ, დღითიდღე იმატებს დაინფიცირებულთა რაოდენობა. იმის წარმოდგენაც მზარავს, მეორედ რომ მომიწიოს იმის გადატანა, რაც გაზაფხულზე გადავიტანეთ. ფაქტობრივად, ფრონტის წინა ხაზზე ვიყავით, განსაკუთრებით ბადანტეები (იტ. მომვლელები). მოხუცებთან ვიყავით სახლში გამოკეტილები, საჭმელს გვაწვდიდნენ და გარეთ გასვლის უფლება არ გვქონდა…

ფეისჩანაწერებში იტალიურ სიტყვებს ხშირად იყენებთრატომ?  

რაღაც სარგებელი ხომ უნდა იყოს წაკითხულში?! არავის აწყენს ერთი-ორი „ღერი“ იტალიურის სწავლა. რა იცი, რაში გამოადგეთ. ასე რომ, ჩემი სტატუსების მკითხველს, თამამად შემიძლია ვთქვა, გაქცეული იტალიელის მობრუნება შეუძლია.

თქვენს ჩანაწერებს არც იუმორი აკლია – გენეტიკას „დავაბრალოთ“?

„გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო“, ხომ გაგიგიათ. ჰოდა, ამ გაჭირვებაში იუმორი ვიპოვე წამლად . ჩემს ახლანდელ ყოფას ირონიით თუ არ შევხედე, სხვაგვარად ძალიან დავითრგუნები…

ჩანაწერები წიგნად აქციეთ…

წიგნი 23 აგვისტოს დაიბადა. ამ დღეს დაუკავშირდნენ სტამბიდან ჩემს ქალიშვილს, რომელიც გამოცემის მენეჯერია, საორგანიზაციო საკითხებს ის განაგებს და აცნობეს, რომ შეკვეთა ე. ი. „ბადანტე“ მზადაა.

წიგნის რედაქტორი და სულისჩამსგმელი გახლავთ ჩემი მეგობარი, უნიჭიერესი ჟურნალისტი ირმა ბახუტაშვილი. რომ არა ის, ჩემი იტალიური ამბები დარჩებოდა ფეისბუქის სტატუსებად.

„ლელაჩკა, ისე საინტერესოდ აღწერ შენს ყოველდღიურ ყოფას, ისე გვიხატავ იტალიელი ბაბუს პორტრეტს, წიგნის გამოცემაზეც ღირს დაფიქრება. ეს მარტო ჩემი აზრი კი არ არის, ხომ ხედავ, შენი მკითხველებიც გიწერენ კომენტარებში“, – ისე დამაჯერებლად მესაუბრა, რომ დამარწმუნა. წიგნის სახელი უკვე მოფიქრებული მაქვსო – „ბადანტე“ …

ჰოდა, შენთვის მომინდვია, შენ ხარ გამოცდილი მაგ საქმეში, არაერთი წიგნის რედაქტორი ხარ, „გაასალაშინე“ ეს ჩემი სტატუსები და წიგნად აქციე-მეთქი…

დაიწყო ირმამ ჩემი სტატუსების შეგროვება, სტილისტურად გამართვა… გზადაგზა მეც დავიჯერე, რომ „სინიორ დომენიკოს ამბებ“ საინტერესო საკითხავი იქნებოდა (სწორედ სინიორ დომენიკოს ბადანტეობისას ჩემი ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილი გახდა ფეისბუქსტატუსებად დღიურების წერა) …ისე, წიგნში მარტო ჩემი ამბავი არაა, მასში ათასობით ბადანტედქცეული ქართველი ქალის თავგადასავალია…

ემიგრანტების უდიდესი ნაწილი სწორედ ქალია, რაშია ქალების ძალა?

ძალა არა, ეს ტრაგედიაა!!! ოჯახებს ტოვებენ ქალები, რათა საკუთარ მხრებზე აიღონ დიდი ტვირთი, წლების მანძილზე დაგროვილი პრობლემების მოგვარების, ოჯახის რჩენის, შვილების გზაზე დაყენების… იციან, რომ უცხოეთში გაცილებით ადვილია ქალის სამსახურის პოვნა მომვლელებად, ძიძებად და დამხმარეებად…

ყველას აქვს ისტორიები, რომლებიც სულ გვახსოვს. განსაკუთრებით საინტერესო ამბავს ხომ არ გაიხსენებთ, რომელიც ემიგრაციას უკავშირდება და თქვენს წიგნში ვერ თუ არ მოხვდა?

ორი ისტორიაა ასეთი. ერთი ინდოელ ბიჭს ეხება, რომელიც კალაბრიაში ზღვის პირას გავიცანი და მეორე – ტროპეადან გაუჩინარებულ ბიჭს, რომელიც მატარებელში გავიცანი. ეს ისტორიები ვერ მოხვდა წიგნში, რადგან მასში იტალიაში ჩემი პირველად ყოფნის ამბებია აღწერილი.

ანუ ახლა ემიგრაციაში მეორედ ხართ?

კი, პირველად 2017 წლის 3 ოქტომბრიდან 2018 წლის პირველ იანვრამდე ვიმყოფებოდი აქ. მიზეზთა გამო სასწრაფოდ მომიწია სამშობლოში დაბრუნება, ექვსი თვის შემდეგ ისევ წამოვედი და გავაგრძელე იტალიური ამბების წერა, რომელიც მეორე წიგნში შევა (თუ დაეტია )… ამ წიგნს კი, სამშობლოში მალე დაბრუნების იმედით, ყველა ემიგრანტს ვუძღვნი!

მანამდე ამ პირველი წიგნის იტალიურად თარგმნასაც აპირებთ, ხომ?

აუცილებლად უნდა ითარგმნოს „ბადანტე“ იტალიურად, რადგან დიდი სურვილი მაქვს, იტალიელები  სარკეში ჩავახედო და დავანახვო თავიანთი ავ-კარგი. უცხოელის თვალით დანახული სულ სხვაა…

სამშობლო როგორ ჩანს შორიდან? რა არის უმთავრესი საქართველოსთვის შორიდან მაყურებელი ჟურნალისტის თვალით?

ძალიან დაქსაქსული და დაულაგებელი ჩანს შორიდან. იმხელა კონტრასტია თუნდაც იტალიასა და საქართველოს შორის, რომ იმედი გეკარგება. რაღა შორს წავიდე მაგალითის მოსაყვანად, ქართველი ჟურნალისტი რომ იტალიელი მოხუცის მომვლელად იმუშავებს, ამაზეც ეტყობა ქვეყანას, რა კრიზისშიც არის.

საინტერესოა, იტალიასა და საქართველოს შორის რა საერთო იპოვეთ?

ბევრია საერთო, უპირველესად, გარეგნულად ძალიან გვგვანან. ზოგჯერ ქუჩაში რომ მივდივარ, საქართველოში მგონია თავი. მით უფრო, რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე ქართული საუბარი მესმის. ხასიათითაც გვგვანან, – ესენიც ჩვენსავით ემოციურები არიან, ჩვენსავით ქოთქოთები… კიდევ წარსულით თავმოწონებით გვგვანან….

მხოლოდ წიგნი კი არ გამოეცით, როგორც ვიცი, რომის პაპს მისწერეთ წერილი…

იდეა ჩემს მეგობარს, ნათია მეგრელს ეკუთვნოდა, ისიც ჩემსავით ბადანტეა. მთხოვა და დავუწერე, არალეგალი ემიგრანტების პრობლემას ეხებოდა, კერძოდ, ლეგალიზაციის თემას. ახლა, ღვთის წყალობით, იტალიის მთავრობამ მიიღო ლეგალიზაციის კანონი და არალეგალებს საშუალება მიეცათ მიიღონ ცხოვრების და მუშაობის უფლება.

თუ გყავთ უცხოეთში ადამიანი, რომლის აზრსაც იზიარებთ, ენდობით

მყავს ერთი დიდებული ქალბატონი, დარეჯან ლაგვილავა, რომელიც კალაბრიაში ყოფნის დროს გავიცანი. ჩემი დედობილი დავარქვი, ის მიმსუბუქებდა ემიგრანტულ ყოფას. ახლა, როცა ტოსკანაში გადმოვედი, ძალიან მაკლია დაჯი, ჩემი უღალატო მეგობარი, თუმცა დღე არ გავა, ტელეფონით არ შევეხმიანოთ ერთმანეთს, ისევ ვეკითხები რჩევას, ისევ განვიხილავთ საჭირბოროტო საკითხებს, ისევ ვეძებთ გამოსავალს…

და რა არის ემიგრანტი ჟურნალისტისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ახლა?

დედების დაბრუნება სახლში. დამერწმუნეთ, ამაზე დიდი პრობლემა არ აქვს ჩვენს ქვეყანას, ესაა ნომერ პირველი პრობლემა!!!

თავისუფალი დრო თუ გაქვთ და როგორ ატარებთ? ქართველი ემიგრანტები თუ ახერხებთ ერთმანეთთან შეხვედრას?

ყოველდღე 14: 00-იდან 16:00-მდე, მაშინ, როცა თითქმის მთელ იტალიას სძინავს, მათ შორის, ჩემს ბებოსაც, ჩემი თავისუფლების 2 საათი დგება. ამ ბოლო დროს, მიზეზთა გამო, თითქმის სახლში ვატარებ, მაგრამ იყო დრო ფინჯან ყავაზე ვიკრიბებოდით გოგოები. პანდემიის შემდეგ ვერიდები ბარში ყავის დასალევად შესვლას. სხვაგან სად უნდა წახვიდე, სოფელია, მით უფრო, ზაფხულის ცხელ დღეს, შუადღისას. ჩემ გარდა აქ მყოფ ყველა ჩვენებურს აქვს საშუალება, დასვენებისთვის განკუთვნილი ორი საათი დღის განმავლობაში როცა უნდათ, მაშინ გამოიყენონ, ამიტომ, ძირითადად, საღამოს გამოდიან და ხვდებიან ერთმანეთს. მე ერთი დღე მაქვს – ხუთშაბათი, ოთხი საათი ვისვენებ და მივდივარ ჩვენთან ახლოს პატარა ქალაქ პონტედერაში. იქ გავერევი ხოლმე ხალხში, დავემგზავრები ჩვენებურებს, „ვიშოპინგებ“ და ვუბრუნდები ისევ ერთფეროვან ყოფას…

პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით? თუ არ ვცდები, თქვენი მეუღლეც ემიგრანტია…

კი, ჩემი ყოფილი მეუღლე ემიგრანტია. ჩვენ წლების წინ დავშორდით ერთმანეთს, მაგრამ ცივილიზებული ურთიერთობა გვაქვს, რადგან გვყავს საერთო შვილები და მათი სიყვარული გვაერთიანებს.

როგორც ვიცი, ორი შვილი გყავთ, რას ეტყოდით მათ შორიდან? ზოგადად, ემიგრანტები რას აძლევთ მათ იმდენს, რასაც ართმევთ?

ყველა დედას საუკეთესოდ მიაჩნია თავისი შვილები, მაგრამ მე შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ კარგი შვილების დედა ვარ. ჩემი ლილე და ლუკა მინდელები ყველაფერს აკეთებენ, რომ დედიკო მალე დააბრუნონ სახლში. ლილე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის უკვე მეორე კურსის სტუდენტია, პარალელურად მუშაობს კიდეც „თიბისი დაზღვევაში“. ძალიან მიზანდასახული და შრომისმოყვარე გოგოა, ნიჭიერებაზე არაფერს ვამბობ. ლუკა ქუთაისის პირველი საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა, ნიჭიერი, მაგრამ ცოტა ზარმაცი, თუმცა მოისურვა, ბოლო წელს იბეჯითოს და უმაღლეს სასწავლებელში გააგრძელოს სწავლა. პარალელურად თამაშობს ფეხბურთს და დიდ ფეხბურთელობაზე ოცნებობს.

ძალიან განვიცდი, მარტო რომ უწევთ თავის დამკვიდრება ამ სასტიკ ცხოვრებაში, მაგრამ ფინანსების გარეშე ვერ მოხერხდება მათი წინსვლა. ფული ყველაფერი არ არის, მაგრამ უფულოდ არაფერი არ არის. მეც ხშირად ვეკითხები ჩემს თავს, რას ვაძლევ ჩემს შვილებს იმდენს, რასაც ვართმევ მეთქი, მაგრამ ამ ეტაპზე არაფრის შეცვლა არ შემიძლია.

 ამ გადასახედიდან ყველაზე ძვირფასი რა არის თქვენთვის?

ყველაზე ძვირფასი სამშობლოში ყოფნაა.

თქვენი სამომავლო გეგმა და მიზანი…

ჩემი გეგმა და მიზანი ერთია – რაც შეიძლება მალე დავბრუნდე სახლში.

დაბოლოს, დაასრულეთ:  ემიგრანტობა ეს არის…

ემიგრანტობა ეს არის სიცოცხლეში ყოფნა ჯოჯოხეთში…

გმადლობთ, ლელა! აგსრულებოდეთ სურვილი, მალე დაბრუნებულიყავით სამშობლოში!

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close