fbpx
ისტორიამსოფლიო

რატომ ითმენდა „გულების დედოფალი“ 15 წელი ქმრის ღალატს და შეურაცხყოფას?

პრინცესა დიანა, რომელსაც ხალხმა სიყვარულით „გულების დედოფალი“ უწოდა, 15 წლის მანძილზე საკუთარი ქმრის ღალატს ითმენდა. ბევრისთვის დღემდე გაუგებარია, რატომ ხუჭავდა ქმრის ინტრიგებზე თვალს და რატომ დათანხმდა მსხვერპლის სტატუსს ხალხის საყვარელი პრინცესა, რატომ ვერ შეძლო ქმრის მოხიბვლა ქალმა, რომელმაც მთელი მსოფლიოს გული დაიყრო? სამეფო ოჯახის წევრთან ქორწინება დიანასთვის სერიოზულ გამოცდად იქცა, პრინცის ყოველი ღალატი კი დეპრესიას უმძაფრებდა.

საინტერესოა, რომ თავდაპირველად ჩარლზის ყურადღება არა დიანამ, არამედ მისმა უფროსმა დამ მიიპყრო. ამ რომანის ბედი თითქმის გადაწყვეტილი იყო, როცა ყველაფერი ერთმა დაუფიქრებელმა ფრაზამ გააფუჭა – სარამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის სულ ერთია, პრინცს გაჰყვება თუ მენაგვეს, რადგან სიყვარული ყველაზე მთავარია. სამეფო ოჯახი ასეთი შედარებით შეურაცხყოფილი დარჩა და პრინცმა ქალიშვილთან ურთიერთობა გაწყვიტა. ამის შემდეგ სამეფო ოჯახმა ყველაფერი გააკეთა, რომ დიანა საჭირო დროს და საჭირო ადგილზე აღმოჩენილიყო და ტახტის მემკვიდრეს შეენიშნა. პრინცმა ფილიპმა შვილს დიანაზე დაქორწინება ურჩია – ქალიშვილი ჩარლზისთვის შესაფერისი საცოლე გახლდათ. ის იყო დიდგვაროვანი ოჯახიდან, ჰქონდა უმწიკვლო რეპუტაცია, იყო ლამაზი, თავმდაბალი და კარგად აღზრდილი. მალე ნიშნობა შედგა და ქალიშვილმა სამეფო ოჯახისგან 14 ბრილიანტით და საფირონებით შემკული ბეჭედი მიიღო.

წლების შემდეგ დიანამ რამდენიმე სევდიანი ისტორია გაიხსენა, რომელიც ქორწინებამდე მოხდა. დიანას მონაყოლიდან ირკვევა, რომ ნიშნობის შემდეგ პრინცმა დიანას წელზე ხელი მოჰხვია და უთხრა, რომ წონაში საგრძნობლად მოიმატა. ჩარლზის შენიშვნამ ქალიშვილი ძალიან გაანერვიულა, მალე ბულიმია დაეწყო და რამდენიმე კილოგრამი დაიკლო. ქორწინებამდე ჩარლზი ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში სამოგზაუროდ გაემგზავრა, სახლში დარჩენილ დიანას კი აბეზარი ჟურნალისტების მოგერიება უწევდა.

პრინცესამ იცოდა ჩარლზისა და გათხოვილი კამილა პარკერ-ბოულზის რომანის შესახებ, თუმცა საუკუნის ქორწილი მაინც შედგა. 1981 წლის 29 ივლისს 20 წლის დიანა სპენსერის და 32 წლის პრინც ჩარლზის ქორწილს პირდაპირ ეთერში 750 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს.

ბუკინგემის სასახლეში საცხოვრებლად გადასვლის შემდეგ დიანამ თავი კიდევ უფრო მარტოსულად იგრძნო, ვიდრე მანამდე. თაფლობის თვე კიდევ უფრო საშინელი აღმოჩნდა – იმის ნაცვლად, რომ ახალდაქორწინებულები ურთიერთობით დამტკბარიყვნენ, იძულებულები იყვნენ, ყოველ საღამოს იახტა „ბრიტანეთზე“ მაღალი საზოგადოება გაერთოთ.

ამის შემდეგ წყვილი ბალტიმორის სამეფო რეზიდენციაში გაემგზავრა. ჩარლზი დიანას მიმართ არავითარ ინტერესს არ იჩენდა და მისი ეჭვიანობა აღიზიანებდა. ქალის ფსიქიკური მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდებოდა და იგი წონას სწრაფად კარგავდა.

დიანას დღიურში გაკეთებული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ პრინცესამ თვითმკვლელობა, სულ მცირე, ოთხჯერ ცადა. პრინცი უილიამის გაჩენის შემდეგ დიანა მშობიარობის შემდგომი დეპრესიით იტანჯებოდა, თუმცა მეორე ორსულობა შედარებით მსუბუქი აღმოჩნდა.

1986 წელს პრინცმა ჩარლზმა კამილასთან რომანი განაახლა. პრინცესა არ ჩქარობდა მოღალატე ქმართან განქორწინებას, პირველ რიგში, მოვალეობის გრძნობის გამო. ამასთან, არსებობდა საფრთხე, რომ განქორწინების შემთხვევაში ტახტის მემკვიდრეები მამასთან დარჩებოდნენ, დიანა კი შვილებთან განშორებას ვერ აიტანდა. ამის გარდა, ხალხში დიანას „რეიტინგი“ სულ უფრო იზრდებოდა, სამეფო ოჯახის წევრობა კი მას ადამიანების დახმარებისა და მსოფლიოზე გავლენის მოხდენის საშუალებას აძლევდა. კიდევ ერთი მიზეზი, რომლის გამოც დიანა ქმრისგან დამცირებას იტანდა, ის იყო, რომ შვილებისთვის იმის აცილება სურდა, რასაც თავად ვერ გადაურჩა. დიანა 8 წლის იყო, როცა მისი მშობლები დაცილდნენ და მშვენივრად იცოდა, როგორი ტრავმაა ბავშვისთვის ამის გადატანა.

ყველაფერი 1992 წელს, ჩარლზისა და დიანას გაცილებით დასრულდა. ამის შედეგ მეუღლეები ერთად მხოლოდ ოფიციალურ ღონისძიებებზე ჩნდებოდნენ.

დიანა სპენსერი ნაკლებად ჰგავდა დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის რომელიმე წევრს. ის იყო საკმაოდ გახსნილი და უშუალო, რითაც განსხვავდებოდა თავისი მეტისმეტად თავდაჭერილი ქმრისგან და დედოფალ ელისაბედ მეორისგან. დიანამ ბევრი რამ გააკეთა სამეფო ოჯახის და ხალხის დაახლოებისთვის, რასაც მან დიდწილად თავისი საქველმოქმედო საქმიანობით მიაღწია.

ის იყო ერთ-ერთი პირველი ცნობილი ადამიანებიდან, რომელიც შიდსის პრობლემით დაკავდა. იმ დროს ეს სტიგმატიზებული დაავადება იყო და გარდაუვალ სიკვდილს ნიშნავდა. ის შიდსით დაავადებულ ადამიანებთან ერთად ფოტოებს იღებდა, ეხვეოდა და ხელს ართმევდა მათ, მაშინ როდესაც 1980-იან წლებში ექიმები და ექთნებიც კი ერიდებოდნენ ინფიცირებულებთან შეხებას, რადგან ნაკლებად შესწავლილი ვირუსით დაავადების ეშინოდათ.

გარდა ამისა, ის ეხმარებოდა ნაღმებზე აფეთქების მსხვერპლთ, დაინტერესებული იყო პალიატიური დახმარებით და საქველმოქმედო საქმიანობის ბევრი სხვა ასპექტით, რომლითაც მანამდე სამეფო ოჯახი იშვიათად ინტერესდებოდა.

1997 წლის 31 აგვისტოს დიანა სპენსერი ავტოავარიაში დაიღუპა. მისი სიკვდილი ნაციონალურ ტრაგედიად იქცა, ხოლო მისი ცხოვრება და კონფლიქტი სამეფო ოჯახთან – თანამედროვე ბრიტანული ისტორიის ერთ-ერთ მთავარ სიუჟეტად.

დიანას დაკრძალვის ცერემონიას პირდაპირ ეთერში 2,5 მილიარდი ადამიანი უყურებდა. ტელევიზიის ისტორიაში ეს ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული ტრანსლაციაა. დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო დროშები დაუშვეს. დიანა სამეფო წარმომადგენელისთვის შესაფერისი პატივით დაკრძალეს.

2021 წლის პირველ ივლისს უელსის პრინცესა დაიანას დაბადებიდან 60 წელი შესრულდება. იუბილეს აღსანიშნავად პრინცები – უილიამი და ჰარი დედას ბრიტანეთის დედაქალაქის ცენტრში, სამეფო პარკში ძეგლს დაუდგამენ.

პრინცების ჩანაფიქრით, სკულპტურა კენსინგტონის სასახლის სტუმრებს ცხოვრებაზე და მათი დედის მემკვიდრეობაზე ჩააფიქრებს, რომელმაც მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანის გულში დაიდო ბინა.

progressnews.press

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close