იტალიელმა მეცნიერებმა სიზმრის ამხსნელი ალგორითმი შექმნეს
სპეციალისტებმა შეიმუშავეს სპეციალური ალგორითმი სიზმრების ავტომატური ანალიზისთვის. ისინი იმედოვნებენ, რომ მათი მეთოდი ფსიქოთერაპევტებს და მათ პაციენტებს დაეხმარება.
რომის მესამე უნივერსიტეტის სპეციალისტებმა (Roma Tre University) შექმნეს ალგორითმი სიზმრების ავტომატური ანალიზისთვის. ამის შესახებ Royal Society Open Science-ი წერს.
დღეისათვის ფსიქოთერაპევტები თავიანთი პაციენტების სიზმრების ინტერპრეტაციისას ჰოლის და ვან დე კასლის (Hall and Van de Castle) მეთოდს იყენებენ. ეს მეთოდი სიზმრების სისტემატიზაციას ახდენს პერსონაჟების სახეების, მათ შორის ურთიერთქმედებებისა და იმ ეფექტების მიხედვით, რომლებსაც ეს ურთიერთობები პერსონაჟებზე ახდენენ.
ასეთი ანალიზი ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, ამიტომ მეცნიერებმა შეიმუშავეს ალგორითმი, რომელსაც ავტომატურად შეუძლია ამის გაკეთება.
იტალიელმა მკვლევარებმა 24 ათასი სიზმრის აღწერა გააანალიზეს DreamBank-ის ბაზიდან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სიზმრის პერსონაჟებს, მათ სოციალურ ურთიერთქმედებას და ემოციებს, რომლებსაც მძინარენი განიცდიდნენ სიზმრის ნახვისას.
მეცნიერებმა მიღებული შედეგები ფსიქოთერაპევტების დასკვნებს შეუდარეს და დაახლოებით 3/4-ით დაემთხვა. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ეს შედეგი იდეალური არ არის, თუმცა დიდი იმედების მომცემია.
ალგორითმის შემქმნელები იმედოვნებენ, რომ მათი ახალი მეთოდი ფსიქოთერაპევტებს სამუშაოს გაუმარტივებს და მათ პაციენტებსაც დაეხმარება.
ნინო ხოშტარია
კომენტარები