იტალიასაზოგადოება

იტალია: კორონავირუსით ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 29 წლამდე შემცირდა

17-იდან 23 აგვისტომდე პერიოდში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირებულების საშუალო ასაკი 29 წლამდე შემცირდა. ამის შესახებ იტალიის ჯანმრთელობის უმაღლესი ინსტიტუტის (ISS) და ჯანდაცვის სამინისტროს ყოველკვირეულ ანგარიშშია ნათქვამი. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

ანგარიშში აღნიშნულია როგორც ინფექციის გადადების დინამიკის ცვლილება (რომელიც დაკავშირებულია საზაფხულო რეკრეაციულ ღონისძიებებთან ქვეყნის შიგნით თუ მის გარეთ), ისე დაავადების ნაკლებად მძიმე კლინიკური სურათი დიაგნოსტირებულ შემთხვევებში, რომელთა უმეტესობაში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

ორივე ორგანიზაციის ექსპერტები ხაზს უსვამენ „კარანტინისა და სხვა რეკომენდებული ზომების დაცვის“ აუცილებლობას როგორც საზღვარგარეთიდან დაბრუნებული ადამიანების, ისე იმ პირებისთვის, რომლებსაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ კონტაქტი. წინააღმდეგ შემთხვევაში „უახლოეს კვირებში ვნახავთ ინფიცირების შემთხვევების ზრდას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე“, – ნათქვამია ISS-ისა და ჯანდაცვის სამინისტროს ანგარიშში.

2020 წლის გაზაფხულზე, ეპიდემიის აფეთქების პირველ კვირებში ინფიცირებულთა საშუალო ასაკი 70 წელი იყო. ახალი კოვიდინფიცირებულების საშუალო ასაკის შემცირებას უკავშირებენ სპეციალისტები იმ ფაქტს, რომ ეპიდემიის ახალი ტალღა სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლით აღინიშნება – როგორც ცნობილია, ახალგაზრდებს ძლიერი იმუნიტეტი აქვთ და თანმდევი პათოლოგიებიც, ძირითადად, არ აღენიშნებათ.

დღევანდელი 28 აგვისტოს საღამოს მონაცემებით, რომელიც იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ გააცნო ჟურნალისტებს, გასულ 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1462 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (წინა დღეს, 27 აგვისტოს ცოტათი ნაკლები იყო – 1411), რაც გასული 3,5 თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მთლიანობაში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა, გამოჯანმრთელებულთა და გარდაცვლილთა ჩათვლით, 265 409-მდე გაიზარდა.

გარდაიცვალა კიდევ 9 პაციენტი (წინა დღეს – 5) და მსხვერპლთა ჯამურმა რაოდენობამ 35 472-ს მიაღწია.

გამოჯანმრთელდა 206 902 პაციენტი (+348 ).

აღსანიშნავია, რომ გასულ 24 საათში რეკორდული რაოდენობის, 97 065 ტესტირება ჩატარდა. სულ კი ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 8 მლნ 410 ათასზე მეტი ტესტირებაა ჩატარებული.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close