კრიმინალისაქართველო

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დედას საბერძნეთიდან ჩამოსვლაში მთავრობა დაეხმარება

23 აგვისტოს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში 11 წლის ბიჭი თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში ხეზე თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს. დაკავებულია გარდაცვლილის მამა, 49 წლის ფრიდონ აბჟანდაძე. მას ბრალად ედება 11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანა და ოჯახში ძალადობა. დანაშაული 2-იდან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოძიებით  დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ფ. ა.  სისტემატურად ძალადობდა, შეურაცხყოფას აყენებდა და ემუქრებოდა თავის არასრულწლოვან შვილს, ა. ა-ს, შედეგად, ბავშვი მუდმივი სტრესისა და შიშის ქვეშ იმყოფებოდა.

სავარაუდოდ, სისტემატურმა ძალადობამ არასრულწლოვანი თვითმკვლელობამდე მიიყვანა.

მოზარდის დედა და და (ნათია აბჟანდაძე) საბერძნეთში იმყოფებიან. გარდაცვლილი ბავშვის ბებია ამბობს, რომ ბიჭის მამამ ბოლოს საზღვარგარეთ მყოფ მეუღლეს დაურეკა და უთხრა, რომ თუ ფულს არ გამოუგზავნიდა, საკუთარ შვილს ვეღარასდროს ნახავდა.

„ალიას“ ინფორმაციით, საბერძნეთში მყოფი და, ნათია აბჟანდაძე ამბობს, რომ მისი ძმა თავს არ მოიკლავდა: „სანამ ეს ტრაგედია მოხდებოდა, ჩემმა ძმამ დარეკა და დედას უთხრა: მამიკომ მითხრაო, ფულს გამომიგზავნი, თუ ტრაქტორი გავყიდოვო. დედას ახალი გაგზავნილი ჰქონდა ფული და უთხრა, კაპიკი არ მაქვს, რაც მქონდა გამოვაგზავნეო. მამაჩემმა მოგვაძახა ყვირილით, ვერც ბათულის ხმას გაიგებთ და ვეღარც დაინახავთო.  მაგისთვის 2 წელი არაფერია. თუ გამოვა ციხიდან მე მოვკლავ და მე ჩამსვით 2 წელი ციხეში.

ჩემი ძმა ძალიან მხიარული ბავშვი იყო, თავს არ მოიკლავდა. მთელმა სანათესაომ და სამეზობლომ იცის, დედაჩემს როგორ ამწარებდა. 5 წლის რომ ვიყავი, მაშინ გვკლავდა ორივეს. მაშინ პოლიციამ მხოლოდ იარაღი წაართვა და ხელწერილი დააწერინა“.

გარდაცვლილი ბავშვის მეორე დის, თინათინ აბჟანდაძის თქმით, რომელიც საქართველოში იმყოფება, შვილის დაკრძალვისთვის საბერძნეთიდან საქართველოსკენ მომავალი დედა თურქეთ-საქართველოს საზღვარზე არ გამოატარეს და საბერძნეთში დააბრუნეს, რადგან მის პასპორტს ვადა აქვს გასული. ოჯახმა დახმარება ითხოვა.

„ათი წლის უნახავი შვილი გარდაეცვალა, მოდიოდა და თურქეთის საზღვრიდან უკან გააბრუნეს, პასპორტს ვადა გაუვიდაო. ვითხოვთ დახმარებას. იქნებ საელჩო ჩაერთოს, რომ მოახერხოს დაკრძალვაზე ჩამოსვლა. შაბათს უნდა დაგვეკრძალა და არ ვიცით, როდემდე გადავდებთ“, – აცხადებს თინთინ აბჟანდაძე „ინტერპრესნიუსთან“.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს, თერჯოლაში გარდაცვლილი  მოზარდის დედას საბერძნეთიდან საქართველოში ჩამოსვლაში დაეხმაროს, რაც, თავის მხრივ, რთულ პროცედურასთან არის დაკავშირებული, გამომდინარე იქიდან, რომ მას დარღვეული აქვს საბერძნეთის რესპუბლიკაში ყოფნის, ისევე როგორც თავის დროზე თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის გადაკვეთის წესები.

„უწყება აქტიურად არის ჩართული აღნიშნული ქალბატონის დაბრუნების პროცესში. ასევე, საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს მისი საქართველოში ჩამოსვლისას „პისიარ“ ტესტირებას“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close