მედიცინამსოფლიო

COVID-19-ის რუსულმა ვაქცინამ რეგისტრაცია გაიარა, პუტინის ქალიშვილმა აცრა გაიკეთა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ვაქცინამ, რომელიც რუსეთში შეიქმნა, მოხმარებისთვის რეგისტრაცია გაიარა და რომ მისმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა უკვე გაიკეთა აცრა.

პუტინმა ეს 11 აგვისტოს განაცხადა მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, ვაქცინამ დაამტკიცა თავისი „ეფექტიანობა“ და მას შეუძლია კორონავირუსის მიმართ მყარი იმუნიტეტის გამომუშავება.

ამჟამად მსოფლიოში ასზე მეტ შესაძლო ვაქცინაზე მუშაობენ. მათგან მინიმუმ ოთხი მე-3 ფაზაში იმყოფება, ანუ ადამიანზე ტესტს გადის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, მე-3 ფაზაში ათასობით ადამიანი მონაწილეობს და ის რამდენიმე თვე გრძელდება.

რუსეთი პირველი ქვეყანაა, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინის რეგისტრაცია მოახდინა.

მეცნიერები რუსეთსა და საზღვარგარეთ ეჭვით უყურებენ მე-3 ფაზის დასრულებამდე ვაქცინის რეგისტრაციის გადაწყვეტილებას.

გასულ კვირაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რუსეთს მოუწოდა, მისდიოს დამკვიდრებულ წესებს და უსაფრთხო ვაქცინის შექმნისთვის აუცილებელი „ყველა სტადია“ გაიაროს.

„იმედი მაქვს, რომ უახლოეს მომავალში შევძლებთ მასობრივ წარმოებას, რაც მნიშვნელოვანია“, – თქვა პუტინმა და აღნიშნა, რომ „აცრა უნდა მოხდეს მხოლოდ ნებაყოფლობით საწყისებზე“.

რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მედმუშაკები, მასწავლებლები და მაღალი რისკის მქონე სხვა კატეგორიების წარმომადგენლები იქნებიან პირველები, ვისაც ვაქცინას შესთავაზებენ.

radiotavisupleba.ge

p. s. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, რუსეთში ამ მომენტისთვის(13:00 თბილისის დროით, 12.08.2020) რეგისტრირებულია COVID-19-ის 900 745 შემთხვევა, რაც მსოფლიოში მეოთხე მაჩვენებელია. მათგან გარდაიცვალა 15 231 ადამიანი.

11 აგვისტოს მონაცემებით, მსოფლიოში დადასტურებულია ახალი კორონავირუსით ინფიცირების 20 306 ათასზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილია 741 700-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close