საბერძნეთში წყალდიდობისა და მეხის ჩამოვარდნის შედეგად, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი დაიღუპა (ვიდეო)
სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა საბერძნეთის კუნძულ ევიაზე 9 აგვისტოს გადაუღებელი წვიმით გამოწვეული წყალდიდობისა და მეხის დაცემის შედეგად.
სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ერთი მცირეწლოვანია – 8 თვის ბავშვი. მაშველები კიდევ ორ დაკარგულს ეძებენ.
რვა ადამიანი დატბორილი სახლებიდან გამოიყვანეს. განხორციელდა ათობით მოქალაქის ევაკუაცია.
მოქალაქეთა დაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოს ხარდალიასი ევიაზე გაემგზავრა. მედიის ინფორმაციით, მინისტრი მასშტაბურ კატასტროფაზე საუბრობს, რომელიც ამ რაიონს დაატყდა თავს. 6 საათის განმავლობაში 350 მმ ნალექი მოვიდა, მანდრის რაიონში კი – 272 მმ. ხარდალიასის თქმით, „უპრეცედენტო მეტეოროლოგიური პირობები შეიქმნა, რომლის მსგავსს ქვეყანაში ადრე ადგილი არ ჰქონია“.
ექსპერტების ერთ-ერთი ვერსიით, ამგვარი მეტეოროლოგიური ცვლილებების მიზეზია ხანძრების მიერ ტყის ნიადაგის განადგურება, რომელიც წყლის ნაკადებს აკავებდა, ახლა კი ეს ნაკადები მთებიდან წინააღმდეგობების გარეშე დაეშვა დაბლობ ადგილებში და გზაზე ყველაფერი გადარეცხა.
ბატონმა ხარდალიასმა ხაზი გაუსვა საგანგებო სამსახურების თავგანწირულ მოქმედებას და მაშველების არაადამიანურ ძალისხმევას სტიქიასთან ბრძოლაში, რის გარეშეც მსხვერპლი გაცილებით მეტი იქნებოდა. ასე უპასუხა მინისტრის მოადგილემ 112-ის კრიტიკას – ბევრი მოქალაქე სოციალურ ქსელში წერდა, რომ 112 არ მუშაობს და დახმრების თხოვნაზე საგანგებო სიტუაციების სამსახურმა არ უპასუხა.
10 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტიქიის მსხვერპლთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა.
ნინო ბაჯელიძე
ინფორმაცია განახლებულია 10 აგვისტოს, კერძოდ დამატებული აქვს ბოლო აბზაცი.
კომენტარები