fbpx
ტექნოლოგიები

იაპონიაში ჭკვიანი ნიღაბი შექმნეს, რომელსაც 8 ენაზე თარგმნა შეუძლია

კორონავირუსის პანდემიის გამო დამცავი პირბადე ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა. თავისი პირდაპირი ფუნქციის გარდა მან ორიგინალური აქსესუარის როლიც შეითავსა და მოდურ ტრენდადაც მოგვევლინა. მის დახვეწასა და ახალი მოდელების შექმნაზე უამრავი გამომგონებელი მუშაობს, იაპონურმა სტარტაპმა Donut Robotics-მა კი ჭკვიანი ნიღაბი C-Face-ი შექმნა, რომელიც სპეციალური აპლიკაციის საშუალებით მოლაპარაკის სიტყვებს არჩეულ ენაზე თარგმნის.

თეთრი ფერის პლასტიკური მასალისა და სილიკონისგან დამზადებულ ნიღაბში მიკროფონია ჩამონტაჟებული, რომელიც ბლუთუზის მეშვეობით ათი მეტრის რადიუსში უკავშირდება იმ ადამიანის სმარტფონს, რომელთანაც კომუნიკაციის დამყარება გსურთ. აპლიკაცია თქვენს საუბარს სასურველ ენაზე თარგმნის და მსმენელის მობილურში ტექსტის სახით აჩვენებს. ამ დროისთვის C-Face-ს რვა ენაზე თარგმნა შეუძლია, რომელთა შორის არის იაპონური, ჩინური, კორეული, ვიეტნამური, ინდონეზიური, ინგლისური, ესპანური და ფრანგული.

Donut Robotics-ის აღმასრულებელი დირექტორის, ტაისუკე ონოს განცხადებით, ნიღაბზე არსებული სუნთქვისთვის განკუთვნილი მცირე ზომის ნახვრეტები ორგანიზმში ვირუსის შეღწევის რისკს შეიცავს, ამიტომ გამომგონებლებმა მის შიგნით სტანდარტული პირბადის ტარების რეკომენდაცია გასცეს.

Donut Robotics-ი იაპონიის ფუკუოკის პრეფექტურაში 2014 წელს დაფუძნდა, 2016 წელს კი სტარტაპმა მთარგმნელი რობოტის პროტოტიპი Cinnamon-ი წარმოადგინა, რომელიც ერთი წლის შემდეგ ტოკიოს ჰანედის საერთაშოროსო აეროპორტში გამოცადეს. მისი ფუნქცია ტურისტებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება და ტერმინალის ტერიტორიაზე გადაადგილებაში დახმარება იყო.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გავრცელების გამო პირბადის ტარება აუცილებელი გახდა,  სტარტაპის მესვეურებმა გადაწყვიტეს, შეექმნათ დამცავი ნიღაბი, რომელსაც საუბრის თარგმნის ფუნქცია დაემატებოდა. Donut Robotics-ი აანონსებს, რომ მიმდინარე წლის დეკემბრისთვის იაპონიაში 5-იდან 10 ათასამდე C-Face-ი იქნება ხელმისაწვდომი, რომლის სავარაუდო ფასიც 40-50 აშშ დოლარი იქნება. კომპანია საკუთარი პროდუქტის ქვეყნის საზღვრებს გარეთ გაყიდვას 2021 წლის აპრილამდე არ გეგმავს, თუმცა მაღალტექნოლოგიური დამცავი ნიღბით დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში უკვე დაინტერესდნენ.

popx.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close