მედიცინამსოფლიო

კორონავირუსის კიდევ ერთი გართულება – სმენის დაქვეითება

ამ პრობლემის შესახებ აქამდე არ იყო ცნობილი

კორონავირუსით გამოწვეული დაავადება კოვიდ-19 მრავალი ქრონიკული დაავადების გამწვავებას და გართულებებს იწვევს, ბრიტანელმა მეცნიერებმა მანჩესტერის უნივერსიტეტიდან მათ შორის კიდევ ერთი აღმოაჩინეს.

როგორც ჩანს, ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვის გარდა, რომელიც ავადმყოფობის განვითარების ადრეულ ეტაპზე ვლინდება, დაავადება კოვიდ-19, გართულების შემთხვევაში, სმენაზეც ახდენს  გავლენას და მის დაქვეითებას იწვევს.

მეცნიერები მანჩესტერის უნივერსიტეტიდან (დიდი ბრიტანეთი) კორონავირუსით ინფიცირებულ 121 ბრიტანელ პაციენტს აკვირდებოდნენ, მათ საავადმყოფოდან გაწერიდან რვა კვირის შემდეგ დაუკავშირდნენ და დაადგინეს, რომ რვიდან ერთი პაციენტი სმენის დაქვეითებას უჩიოდა კორონავირუსის გამო.

მეცნიერებმა კვლევის შედეგები ჟურნალ American Journal of Otolaryngology-ში გამოაქვეყნეს.

კვლევის ხელმძღვანელმა პროფესორმა კევინ მანრომ აღნიშნა, რომ ექსპერიმენტში მონაწილე 16-მა პაციენტმა სმენის დაქვეითების შესახებ განაცხადა საავადმყოფოდან გაწერიდან 2 თვის შემდეგ: 8 პაციენტმა თქვა, რომ სმენა გაუუარესდა, ხოლო 8 პაციენტის თქმით, ყურებში ხმაური ესმის. მეცნიერი განმარტავს, რომ ამგვარი პრობლემა სავარაუდო იყო, რადგან სმენასთან დაკავშირებულ გართულებებს ზოგჯერ სხვა ინფექციური დაავადებებიც იწვევს, მათ შორის, წითელა, ეპიდემიური პაროტიტი და მენინგიტი.

მისი თქმით, დიდი ალბათობით, საუბარია სმენით ნევროპათიაზე, როდესაც ტვინისთვის სმენითი ნერვის საშუალებით სიგნალების გადაცემა ირღვევა.

პაციენტების საშუალო ასაკი, რომლებმაც სმენის დარღვევების შესახებ განაცხადეს, 64 წელია. მათგან ზოგიერთს სმენასთან დაკავშირებით პრობლემა ადრეც ჰქონდა, თუმცა კოვიდ-19-ის შემდეგ მდგომარეობა გაუუარესდა, დიდ ნაწილს კი მანამდე სმენასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ ჰქონია.

მანროს განმარტებით, ახალი კორონავირუსის სმენით სისტემაზე ზემოქმედების ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ დასადგენია, რადგანაც არსებობს რიგი სხვა ფაქტორებისა, რომლებიც სმენის დაკარგვას ან გაუარესებას იწვევს – მათ შორის, სტრესი, პათოგენის საწინააღმდეგო წამლები და პირბადის გამოყენებაც კი. მიუხედავად ამისა, უკვე არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომ  COVID-19 ადამიანის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გრძნობის ორგანოზე გრძელვადიან გავლენას ახდენს.

ნინო ბაჯელიძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close