ბესიკ ხარანაულის პოემა ბერძნულ ენაზე გამოიცა
წიგნის პრეზენტაცია ათენში, საქართველოს საელჩოში გაიმართა
31 ივლისს ათენში, საბერძნეთში საქართველოს საელჩოში ბესიკ ხარანაულის პოემის „ხეიბარი თოჯინა“ ბერძნული გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს საელჩო საკუთარ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.
დამსწრე საზოგადოებას ელჩი დავით დონდუა მიესალმა და თარგმანის მნიშვნელობაზე ისაუბრა ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობის განმტკიცებისთვის. ზოგადად, ბესიკ ხარანაულის შემოქმედების და თარგმნილი ნაწარმოების შესახებ ისაუბრეს საელჩოს პირველმა მდივანმა ანი უძილაურმა და საელჩოს საკონსულო სამსახურის თანამშრომელმა ზურაბ ვაჩეიშვილმა.
თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი პოეტის პოემის ნაწყვეტები ბერძნულ ენაზე მომღერალმა და ჟურნალისტმა იოვანამ წაიკითხა, რომელიც ქართველთათვის ცნობილია, როგორც უკვდავი „თბილისოს“ უბადლო შემსრულებელი; ხოლო ქართულად კი – საბერძნეთში მოღვაწე ქართველმა მსახიობმა დავით მალტეზემ.
ბესიკ ხარანაულის პოემა ბერძნულად ინგლისურენოვანი ვერსიიდან თარგმნა ბერძენმა პოეტმა პინელოპი ზალონიმ (Πηνελόπη Ζαλώνη) და გამომცემლობა Vakxikon Publications-მა გამოსცა, საქართველოს მწერალთა სახლის ხელშეწყობით.
თავად პოეტი პრეზენტაციაზე არ იმყოფებოდა, თუმცა დამსწრე საზოგადოება მის წერილობით მიმართვას გაეცნო, რომლითაც ბესიკ ხარანაული პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმა და პოემის შესახებ უამბო.
ღონისძიების ფინალურ ნაწილში სიმღერები გაისმა: იოვანამ და ათენის ვოკალურ-ინსტრუმენტულმა ანსამბლმა „კავკასიამ“ ქართულ და ბერძნულ ენებზე შეასრულეს „თბილისო“ და „სულიკო“.
საქართველოს მწერალთა სახლი და გამომცემლობა Vakxikon Publications-ი ახლო მომავალში კიდევ რამდენიმე თარგმანის გამოცემას გეგმავენ ბერძნულ ენაზე (თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგია და წიგნი თბილისზე).
კომენტარები