ახალი დეტალები თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში – ელექტროშოკერი და შეცვლილი მაისური
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეში ახალი დეტალი იკვეთება. გადაცემაში „პოლიტმეტრი“ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, რომ მის შვილს სახლიდან გასვლის დროს მუქი ფერის ზედა ეცვა.
დედის განმარტებით, ბაჩალიაშვილი მისმა მეზობლებმა ნახეს, რომლებმაც შემდგომ უთხრეს, რომ მას შავი ფერის ზედა ეცვა. ამასთან, თეონა თამაზაშვილი ამბობს, რომ მის შვილს მანქანაში პოვნის დროს ეცვა თეთრი ფერის ზედა.
„ჩემმა მეზობლებმა ნახეს, სახლიდან რომ გადიოდა და თქვეს, რომ ეცვა შავი. მე ვიცი, რომ თეთრი ეცვა, როცა მანქანაში იპოვეს. ფოტოებშიც ჩანს, რომ თეთრი აცვია“, – ამბობს ბაჩალიაშვილის დედა.
აღსანიშნავია, რომ სოფელ გოლთეთის მკვიდრები, სადაც ბაჩალიაშვილი იმყოფებოდა, ასევე მუქი ფერის ზედაზე საუბრობენ.
მან ასევე მოჰყვა, რომ თამარმა მამას ელექტროშოკის შოვნა გარდაცვალებამდე 5-6 თვით ადრე სთხოვა.
„მამამისს სთხოვა, ელექტროშოკი თუ შეგიძლია მიშოვოო. მამამისმა მოუტანა და რამდენადაც ვიცი ატარებდა. ზუსტად ვერ ვიტყვი, დაახლოებით 5-6 თვის წინ იყო. ელექტროშკი სახლში არ არის. ვფიქრობ, მანქანაში იქნებოდა. რამე კონკრეტული საფრთხე არ უხსენებია“, – განაცხადა თამაზაშვილმა.
თამარის დედა ამბობს, რომ მის შვილს ელექტროშოკი თავდაცვის მიზნით უნდოდა.
როგორც დედას თეთრიწყაროს პოლიციაში განუმარტეს, ეს ელექტროშოკი თამარ ბაჩალიაშვილის მანქანაში იყო ნაპოვნი.
თამარ ბაჩალიაშვილის დედა თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს. ტელეკომპანია „360 გრადუსში“ საუბრისას თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, გოგონას „ამაზონიდან“ ჰქონდა შემოთავაზება.
„არ ვიცი, რა ვიფიქრო, განადგურებული და ვაკუუმში ვარ, რატომ შეიძლებოდა ჩემი კაფანდარა და უწყინარი გოგო უღვთოდ მოეკლათ?
მე გამოვრიცხავ თვითმკვლელობის ვერსიას, ჩემს თამუნას უყვარდა სიცოცხლე, ოცნებობდა, ამბიციური ბავშვი იყო, დიდი მიზნები ჰქონდა. მეუბნებოდა „ამაზონიდან“ მაქვს შეთავაზება და ყველაფერს გავაკეთებ, რომ შეთავაზება არ დავკარგოო. რატომ მოიკლავდა თავს ჩემი შვილი?! გთხოვთ ჟურნალისტებსაც და გამოძიებსაც, რომ კონსესუსამდე მიდით და დამეხმარეთ, რომ არ ამომხდეს სული ჩემი შვილის იდუმალებით მოცულ სიკვდილზე“, – თქვა თამაზაშვილმა.
იგი არ გამორიცხავს, რომ მისმა შვილმა საიდუმლო ინფორმაცია მოიპოვა.
„არ ვამბობ, რომ უშუალოდ სამსახურში მოხდა რაღაც. თამუნა იმდენად ჭკვიანი და დაუოკებელი იყო, ვფიქრობ ისეთი ინფორმაცია მოიპოვა, თუნდაც სამსახურის საქმეების გარეშე, რომ ხომ არ მოხდა მისი ლიკვიდაცია. მე გუშინ ისიც წავიკითხე, რომ საფრანგეთში ვიღაც ლექტორისგან ჰქონდა შეთავაზება, რომელიც თამუნას ბინით უზრუნველყოფასა და სწავლის საფასურის გადახდას სთავაზობდა, ოღონდ იქ დარჩენილიყო, როგორც პერსპექტიული სტუდენტი, მაგრამ თამუნამ ამაზე უარი განაცხადა. ვფიქრობ, რაღაცის შიშის გამო. იმდენად უნდოდა ევროპაში სწავლა, რომ ამაზე უარი არ თქვა. ის რაღაც ტერორის ქვეშ იყო და ამიტომ თქვა უარი, არ ვუკავშირებ ამას არც სამსახურს… კიდევ ერთხელ ვამბობ, ისე არ მინდა მოვკვდე, რომ არ გავიგო, რას შეეწირა ჩემი შვილი”, – განაცხადა გარდაცვლილი გოგონას დედამ.
23 წლის პროგრამისტი თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.
კომენტარები