fbpx
საზოგადოებაჩვენი ფავორიტიინტერვიუ

წიგნი „ყოფაქცევის კულტურა“ – ეთიკისა და ზნეობრივი ღირებულებების დანერგვა სკოლებში

ასოციაცია „მცოდნელი – სიახლეთა კვლევის ცენტრი“ 2007 წელს დაფუძნდა და მისი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა სკოლებში ზნეობის და ეთიკის სწავლება, დაწყებითი კლასების მოსწავლეთა პიროვნული, მოქალაქეობრივი, ზნეობრივი, პატრიოტული და სხვა ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების ფორმირებისთვის.

„ყოფაქცევის კულტურა“ ასოციაცია „მცოდნელის – სიახლეთა კვლევის ცენტრის“ ერთ-ერთი პირველი და მნიშვნელოვანი პროექტია. წიგნი განკუთვნილია როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლების დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის და საშუალებას აძლევს როგორც მასწავლებლებს, ისე ბავშვების მშობლებს, მომავალი თაობა საზოგადოების სრულფასოვან, ღირსეულ წევრებად აღზარდონ. რაც უფრო ადრეულ ასაკში ეზიარება ბავშვი ზნეობრივ ღირებულებებს მისთვის მისაღები, გასაგები და სასიამოვნო ფორმით, მით უკეთესი იქნება შედეგი.

„ყოფაქცევის კულტურა“ – წიგნების სერია მე-2, მე-3, მე-4 კლასებისთვის – სწორედ ამ მიზანს ემსახურება. დაწყებითი კლასების დამხმარე სახელმძღვანელოს დამსახურებული პედაგოგის, ლია ბედინაძის მრავალწლიანი გამოცდილება უდევს საფუძვლად. თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელმა, ქალბატონმა ლია ბედინაძემ მასში ასაკობრივი ჯგუფების შესაბამისად მოუყარა თავი მასალას და მათთვის სახალისო ფორმით აწვდის პატარებს ინფორმაციას, რომელიც საბოლოო ჯამში ბავშვების ქცევის კულტურის სწორ ფორმირებას და საზოგადოების ღირსეულ წევრებად მათ ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. გამოცდილება, პროფესიონლიზმი, შემოქმდებითი ნიჭი, გამორჩეული ხედვა, სიახლეების შემოტანის უნარი და, რაც მთავარია, სიყვარული – აი, რამ განაპირობა ამ წიგნის წარმატება. ის ბევრი ბავშვისთვის „მეგობარ წიგნად“ იქცა, ხოლო მასწავლებლებისთვის – შეუცვლელ დამხმარე სახელმძღვანელოდ.

ამ წიგნის, აგრეთვე, ასოციაციის სხვა პროექტებისა და აქტივობების შესახებ „მცოდნელის“ პრეზიდენტს მეგი ქურდაძეს ვესაუბრეთ.

როგორც ჩემთვის ცნობილია, ასოციაცია „მცოდნელი – სიახლეთა კვლევის ცენტრი“ ერთ-ერთ მთავარ მიზნად ისახავს ეთიკის, ზნეობრივი ღირებულებების და ბავშვთა აღზრდა-სწავლების ახლებური მიდგომების დანერგვას სკოლებში, რასაც ემსახურება თქვენი პროექტიც  – წიგნების სერია „ყოფაქცევის კულტურა“. როგორ გაჩნდა მისი შექმნის იდეა?

წიგნის იდეა გაჩნდა იმ დიდი გამოცდილების შედეგად, რომელიც ჩვენი ასოციაციის დამფუძნებელს და დირექტორს, ქალბატონ ლია ბედინაძეს დაუგროვდა თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში დაწყებით საფეხურზე მრავალწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის შედეგად. ყველა ბავშვი განსხვავებულია, თუმცა არსებობს საერთო წესები და მიდგომები, რომლებიც ყოფაქცევის კულტურას განსაზღვრავს და ადამიანს ზნეობრივ პიროვნებად აყალიბებს. ამ მრავალწლიანი ურთიერთობების შედეგად ქალბატონმა ლიამ შექმნა ერთგვარი მოდელი, თუ როგორ უნდა ასწავლოს პედაგოგმა ყოფაქცევის კულტურა დაწყებით საფეხურზე, როგორ განუვითაროს პატარებს ეთიკური და ესთეტიკური უნარ-ჩევევები, აზიაროს ისინი მათთვის გასაგები, მისაღები და სასიამოვნო გზით და ფორმით ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, – ამ ყველაფრის შედეგად კი საძირკველი ჩაუყაროს მათ ჩამოყალიბებას თანამედროვე საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.

„ყოფაქცევის კულტურის“ პირველი წიგნი რომ გამოიცა, იმთავითვე მოწონება დაიმსახურა და განათლების სამინისტრომ მას დამხმარე სახელმძღვანელოს გრიფი მიანიჭა.

როგორი იყო გამოხმაურებები?

„ყოფაქცევის კულტურას“ საკმაოდ  კარგი გამოხმაურება მოჰყვა. წიგნი საქართველოს მასშტაბით  არაერთი საჯარო თუ კერძო სკოლის დირექტორებმა და მასწავლებლებმა თავიანთ სასწავლო პროგრამაში შეიტანეს, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო სადამრიგებლო საათისთვის.

ქალბატონმა ლია ბედინაძემ ამ წიგნებისთვის იაკობ გოგებაშვილის მედალი დაიმსახურა.

წიგნი მონაწილეობდა Irex-ის (საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების  საბჭო) ეგიდით გამართულ კონფერენციაზე და დიდი წარმატება და აღიარება ხვდა წილად.

„ყოფაქცევის კულტურა“, ასევე,  წარმოდგენილი იყო სხვადასხვა გამოფენაზე საქართველოს მასშტაბით.

ასოციაცია „მცოდნელი“ ინტენსიურად ატარებს ყოველწლიურ საბავშვო კონკურსს „ყოფაქცევის კულტურა“, რომელზეც ვავლენთ საუკეთესოდ შევსებულ წიგნს, წიგნში ჩაწერილ საუკეთესო თემას და საუკეთესო ნახატს და მათ ავტორებს ვაჯილდოებთ. ბავშვებთან ერთად ჯილდოვდებიან პედაგოგებიც.

ყოფაქცევის კულტურამოსწავლისსაკუთარიწიგნია, იგი მასში მთლიანად  ჩართულია და სწავლების აქტიური მონაწილეა, მთავარი გმირია.

მაგალითისთვის მოვიყვან პატარა მოთხრობას მე-2 კლასისთვის განკუთვნილი წიგნიდან: „ძილისგუდას ნატვრასეპიგრაფის სახით ახლავს ცისფერ ღრუბელში მოთავსებული ანდაზა: „ტოლმა ტოლს რითი აჯობა და ადრე ადგომითო“.

პატარა მოთხრობა გვიამბობს  ძილისგუდა გეგაზე, რომელსაც ადრე ადგომა და სკოლაში წასვლა ეზარება და ნატრობს, რომ მის საწოლს ბორბლები ჰქონდეს, პულტით იმართებოდეს და ასე შეძლოს გაკვეთილზე მისვლა.

ქვეშ მოცემულია სააზროვნო კითხვები. კითხვების ქვემოთ კი ბავშვებს სთხოვენ, დაეხმარონ გეგას დღის რეჟიმის შედგენაში. მარჯვენა მხარეს, პატარა ჩარჩოში მოცემულია განმარტება, რა არის დღის რეჟიმი და რატომ არის აუცილებელი ის ადამიანისთვის.

წიგნის მესამე და მეოთხე საფეხურებზე ცოტა უფრო რთულდება თემები: რა არის კულტურა, რა არის ცხოვრების წესი, პიროვნების ცნება, ურთიერთობის კულტურა, შინაგანი სილამაზე, ტოლერანტობა, ოჯახი და საზოგადოება და . . ეს წიგნები მოიცავს ყველა აუცილებელ თემას შესაბამისი მასალით, რომელიც დაწყებით საფეხურზე ბავშვმა უნდა ისწავლოს და შეიმეცნოს. ბავშვებს აქვთ სააზროვნო სივრცე, შეუძლიათ ჩანაწერები და ჩანახატები გააკეთონ, იმსჯელონ, „დაეხმარონმოთხრობების გმირებს სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში, მოთხრობების გაგრძელების საკუთარი ვერსიები შექმნან და . . ბავშვი ავტორთან ერთად ავსებს წიგნს  და ამ პრინციპით ახდენს საკითხის გააზრებას, იწყებს მსჯელობას ღირებულებებზე, ზნეობასა და ეთიკაზე.

წიგნებში თავმოყრილია თემატურად მრავალფეროვანი მასალა, რომელიც პედაგოგს საშუალებას მისცემს ფაქიზად, უხეში ჩარევის გარეშე შევიდეს ბავშვის სულიერ სამყაროში და გახდეს მისი უფროსი მეგობარი“, – წერს ავტორი მე-4 საფეხურისთვის გამოცემული წიგნის წინასიტყვაობაში.

ქალბატონო მეგი, თვითონ მასწავლებლებისთვის, რომლებიც ამ წიგნებს აირჩევენ, ალბათ გარკვეული ცოდნაა საჭირო, რომ ისინი სწორად გამოიყენონ…

დიახ, ამისთვის არსებობს მეთოდური სახელმძღვანელო მასწავლებლებისთვის, გარდა ამისა, ასოციაცია მცოდნელი ატარებს უფასო ტრენინგებს მათთვის, ვინც თავის სასწავლო პროგრამაში, კერძოდ, სადამრიგებლო საათის ეფექტიან წარმართვაში „მცოდნელის“ მიერ გამოცემულ „ყოფაქცევის კულტურას“ ჩართავს.

ამ წიგნების გარდა, ლია ბედინაძის ავტორობით, გამოვეცით წიგნი „ისწავლე და იხალისე არდადეგებზე“, რომელშიც თავმოყრილია სახალისო მათემატიკური, სააზროვნო ამოცანები, გამოცანები, ანდაზები, ზოგადი უნარების განმავითარებელი და პრაქტიკული სავარჯიშოები: ეს წიგნი ბავშვებისთვის ერთდროულად სასარგებლოცაა და სასიამოვნოც, სწავლა მხიარული განწყობით, როგორც ქალბატონო ლია ამბობს.

როდესაც ამ შესანიშნავ წიგნებს ვეცნობოდი, ვიფიქრე, რომ არა მარტო საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებისთვის, ისინი განსაკუთრებით სასარგებლო იქნება უცხოეთში არსებული ქართული საკვირაო სკოლებისთვისაც. თუ არსებობს შესაძლებლობა, რომ დაინტერესების შემთხვევაში ასოციაციამ უცხოეთში, მაგ., საბერძნეთში, იტალიაში, ესპანეთში, აშშ-ში და ა. შ. მიაწოდოს „ყოფაქცევის კულტურის“ სერიის წიგნები?

დიახ, რა თქმა უნდა, დაინტერესების შემთხვევაში უპრობლემოდ შეგვიძლია ამ წიგნების მიწოდება საზღვარგარეთაც საკვირაო სკოლებისთვის.

ქალბატნო მეგი, თუ შეიძლება, თქვენი ასოციაციის საქმიანობაც გაგვაცანით: რა არის მისი ძირითადი მიზანი, რა პროგრამები და პროექტები ხორციელდება?

დღეს ახალი თაობა განსხვავებულია და, შესაბამისად, თანამედროვე სკოლისთვის სწავლების პროცესისადმი მუდმივად ახლებური მიდგომებია საჭირო. დიდი მნიშვნელობა აქვს თავად პედაგოგების მომზადებას, მათ პიროვნულ თვისებებს: „თუ მასწავლებელი კარგი ლიდერია, მისდამი ნდობა იზრდება და კლასში მეგობრობა, წესრიგი და ურთიერთპატივისცემა სუფევს. კარგი მენეჯმენტის წყალობით მასწავლებელი, პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით, ყოფაქცევის პრობლემებს აგვარებს“. (კარინ ბორნესი).

ჩვენი ასოციაცია ეხმარება მასწავლებლებს, დანერგონ სკოლებში თანამედროვე სწავლების მიდგომები, საქართველოს მასშტაბით ვატარებთ ტრენინგებს, შეხვედრებს, დისკუსიებს სხვადასხვა აქტუალურ თემაზე და ვაცნობთ მათ სწავლა-სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიდგომა ლიდერის თვისებების გაცნობა და განვითარებაა, ეს  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ახალბედა მასწავლებლებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ პროფესიულ კარიერას.

ასოციაცია, აგრეთვე, მუშაობს ტრეფიკინგის, არალეგალური მიგრაციის, ადამიანისა და ბავშვის უფლებების დაცვის საკითხებზე და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ახორციელებს ტრენინგებს, შეხვედრებს და დისკუსიებს ამ თემების ირგვლივ.

2018 წლიდან ასოციაცია „მცოდნელი“ არის კარნეგის საბჭოს (ნიუ-იორკი, აშშ) წევრი და უერთდება მსოფლიო მასშტაბით დაგეგმილ ღონისძიებებს, რომლებიც ემსახურება ეთიკის და ზნეობრივი ღირებულებების დანერგვას საზოგადოებაში.

კარნეგის საბჭოს პროგრამის „გლობალური ეთიკის დღის“ ფარგლებში საქართველოში უკვე ჩავატარეთ 2 კონფერენცია თემაზე  „ეთიკის და ზნეობრივი ღირებულებების დანერგვა სკოლებში“.

საქართველოს მასშტაბით ვიწვევთ პედაგოგებს 2020 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად.

ასოციაციის შესახებ უფრო დეტალურად მკითხველს შეუძლია გაეცნოს მის ვებგვერდზე:  https://www.mtsodneli.com

ასოციაციის წევრობა არის უფასო და  ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ პედაგოგს, შემოგვიერთდეს. ერთად აღვზარდოთ წარმატებული მომავალი თაობა!

ესაუბრა ნინო ლურსმანაშვილი

P. S. „ყოფაქცევის კულტურის“ სერიის წიგნების შეძენა შესაძლებელია ასოციაციაში „მცოდნელი – სიახლეთა კვლევის ცენტრი“, მისამართზე: ბაქოს ქ. #1, თბილისი, საქართველო; ტელეფონი: 599 400021; ელფოსტა: [email protected]

წიგნების შეკვეთა შესაძლებელია ონლაინ: https://www.mtsodneli.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close