„ვიზეარი“ და „მაივეი ეარლაინსი“ ათენიდან სპეცრეისებს 28 ივლისს შეასრულებენ
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ივლისის განმავლობაში გაგრძელდება ავიარეისების შესრულება, რომლებზეც ბილეთის ფასი 200 ევროს არ აღემატება.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ავიაკომპანიები „ვიზეარი“ და „მაივეი ეარლაინსი“ რეისებს 28 ივლისს ათენიდან შეასრულებენ. ასევე, გერმანიაში მოკლევადიანი დასაქმების პროგრამებით გამგზავრების მსურველი სტუდენტების თხოვნით, უახლოეს პერიოდში შესრულდება თბილისი-ბერლინი-თბილისის ავიარეისი, რომელზეც ბილეთის ფასი ასევე ხელმისაწვდომი იქნება.
მათივე ცნობით, რეგულარული ფრენების აღდგენაზე დასრულებულია ყველა სახის პროცედურა გერმანულ ავიაკომპანია „ლუფთჰანზასთან“, რომელიც აგვისტოდან თბილისი-მიუნხენი-თბილისის მიმართულებით იფრენს. ამ ეტაპზე რეგულარული ფრენის აღდგენაზე მოლაპარაკებები გრძელდება ავიაკომპანია „ეარ ბალტიკთან“.
კომენტარები