ხელოვნებაარტისტი

„გარდაუვალს ვერ გარდუხვალ…“ – ნანი ბრეგვაძე მუსიკის მიღმა

მუსიკის ფენომენის ახსნას ყოველთვის ცდილობდნენ და ეცდებიან მომავალშიც. მასში საოცრად დიდი ენერგია დევს, ენერგია, რომელიც სასიცოცხლოდ გმუხტავს, სიამოვნებას განიჭებს… სიმღერა თავისთავად კონტაქტია ამ სამყაროსთან და იმ სამყაროსთანაც… თქვენი ნებაა, დაიჯერებთ თუ არა, მაგრამ ადამიანები, რომლებსაც გასხვავებული ხედვა აქვთ, ამბობენ, ნანი ბრეგვაძე სცენაზე რომ გამოდის, სიმღერის დროს მის ირგვლივ საოცარი ნათება შეიმჩნევაო…

სიმართლე გითხრათ, ქალბატონ ნანის ინტერვიუ სულ სხვა თემაზე ვთხოვეთ – გვინდოდა, მის ეკრანულ სახეებზე, უფრო სწორად, იმ ფილმებზე („მე, პელეს ნათლია“, „სამკაული სატრფოსათვის“, „ორერა“ სრული სვლით“, „ორი მსახიობი“, „ოჰ, მეგობრებო!“) გვესაუბრა, რომლებშიც ცნობილი მომღერალია გადაღებული. სამწუხაროდ, ქალბატონმა ნანიმ ამ თემაზე საუბარი არ მოისურვა (ამაზე არასოდეს ვსაუბრობო)… გული დამწყდა, მაგრამ გამახსენდა, რომ პირად არქივში ძალიან საინტერესო მასალა მქონდა შემონახული. ინტერვიუ, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ, წლების წინაა ჩაწერილი და ნანი ბრეგვაძეს განსხვავებული კუთხით წარმოგიდგენთ.

ნანი ბრეგვაძე: ამბობენ, თავს ბედნიერად რომ გრძნობდე, არაჩვეულებრივად უნდა ცხოვრობდე, გქონდეს ოჯახი, გყავდეს ქმარი, შვილები… მე არ ვეთანხმები ამ აზრს. შეიძლება განცხრომით არ ვცხოვრობ, ქმარი არ მყავს, მაგრამ ჩემს საქმეს ვაკეთებ და როცა გრძნობ, უცხო ადამიანს უყვარხარ, ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს?.. მე ღმერთმა მომანახინა სწორი გზა, რადგან მომღერლობაზე სულაც არ ვფიქრობდი. ეს აზრი მაშინაც კი არ დამბადებია, როდესაც პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან არსებულ არაჩვეულებრივ ორკესტრში მომღერლად მიმიწვიეს. ეს ორკესტრი მთელ ყოფილ საბჭოთა კავშირში საუკეთესო იყო. მახსოვს, 1957 წელს მოსკოვის მსოფლიო ფესტივალზე პირველ ადგილზე გავედით…

შემდეგ, კონსერვატორიაში სწავლის დროს, სახელმწიფო ორკესტრში („რერო“) ვმღეროდი. 1964 წელს მოსკოვის „მიუზიკ-ჰოლმა“ მიმიწვია. პირველად პარიზში წავედით. იქიდან ჩამოსვლის შემდეგ „ორერასთან“ დავიწყე ურთიერთობა. მთელი ეს პერიოდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერებიც არსებობდა და გასტროლებზეც ვიყავი ნამყოფი, ჩემს თავს მომღერლად მაინც არ ვთვლიდი. ახლა ერთი-ორჯერ გამოვლენ სცენაზე და უკვე ვარსკვლავები ხდებიან. სწორედ ასეთი დამოკიდებულების გამო არ გამოდის არაფერი. „ვარსკვლავი“ სულ სხვა განზომილებაა და ამაზე ლაპარაკი სირცხვილიც კია მაშინ, როდესაც რამდენჯერმე ტელევიზორში გამოხვალ ან ერთ-ორ კლიპს გადაიღებ… დროს მოაქვს ყველაფერი… შემოქმედად რომ ჩათვალო თავი, დიდი გზა უნდა გაიარო…

ჩემი ცხოვრების ყოველი დღე მუსიკით იყო და არის შევსებული. და ეს ყველაფერი, მჯერა, რომ ღმერთის სურვილით ხდება – რაც არ უნდა გააკეთო, გარდაუვალს ვერ გარდუხვალ… ერთხელ, კომუნისტების დროს, გაზეთშიც კი ვიყავი გაწერილი იმის გამო, რომ ეკლესიაში დავდიოდი და კონსერვატორიაში ჯვარს ვატარებდი. არასოდეს არაფრის მეშინოდა, რადგან არც კომკავშირელი ვიყავი და არც პარტიის წევრი, ეს საკითხი საერთოდ არ მაღელვებდა და ვერც კი წარმომედგინა, რა უნდა ექნათ ჩემთვის – ხმას ვერ წამართმევდნენ და, თუ სიმღერის ნებას არ მომცემდნენ, სადმე პედაგოგად ვიმუშავებდი.

როგორც ყველა ადამიანს, მეც ჩემი შინაგანი სამყარო მაქვს, ჩემი ღმერთი მყავს, მას ველაპარაკები, ვეხვეწები რაღაცას… როცა შესაძლებლობა მაქვს, ყოველთვის ვანთებ სანთლებს იერუსალიმში. იქ არის „გოდების კედელი“, სადაც სურვილი უნდა ჩაიფიქრო, ქაღალდზე დაწერო და იქვე დატოვო. ყველაზე ხშირად საქართველოზე და ჩემი ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე ვფიქრობ. ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანისთვის. თუ ჯანმრთელი არ ხარ, არაფრის გაკეთების სურვილი არ გაქვს, თითქოს სიცოცხლე აღარ გინდა…

ბევრჯერ მიფიქრია, რომ წვრილმნებზე ვიხარჯებით ადამიანები. ყველა ვკვდებით და რაზე ვიშლით ნერვებს?! სრულიად უბრალო რაღაცებზე – იმან წააგო, შენ მოიგე, იმან კარგად იმღერა, შენ ცუდად და ასე შემდეგ… ეს ყველაფერი წვრილმანია იმასთან შედარებით, რაც ცხოვრებაში გველის და რაზეც მართლა უნდა ვიფიქროთ.

ღმერთმა კარგიც გააჩინა და ცუდიც – ალბათ იმიტომ, რომ ბალანსი ყოფილიყო, მაგრამ რატომღაც ადამიანს ცუდის გაკეთება უფრო ეადვილება, ვიდრე კარგის. სამწუხაროდ, ამის მაგალითები ბევრი გვაქვს… ადამიანმა ცხოვრებაში სიკეთე უნდა აკეთო და შურის გრძნობა არ უნდა გქონდეს – ეს უმთავრესია!

იმქვეყნიური ცხოვრების თუ გჯერათ, ქალბატონო ნანი?

როგორც გინდათ, ისე გაიგეთ, მაგრამ მჯერა! მჯერა, რომ დედაჩემის სული აქ ტრიალებს, გვიყურებს… დედაჩემს სულ კონტროლის ქვეშ ვყავდი და ახლაც ასე ვარ. ვფიქრობ, ისეთი რამ არ ჩავიდინო, რაც მას არ მოეწონებოდა. სიკეთე წინ დაგხვდებაო – ნათქვამია. ვფიქრობ, წინ კი არ დამხვდება, ჩემს შვილსა და შვილიშვილებზე გადადის… ამის მჯერა, აი, მკითხაობის კი არ მჯერა, თუმცა მაინტერესებს, რას მეტყვიან, ყურს ვუგდებ, მაგრამ ვერ ვიმახსოვრებ (იცინის)…  ჩაწერა კი აზრადაც არ მომდის. მახსოვს, ერთხელ წინასწარმეტყველთან წამიყვანეს კუბაში – იგი იქ ძალიან ცნობილი პიროვნებაა. რაც მითხრა, ზოგი რაღაც შემისრულდა, ზოგი – არა… სხვათა შორის, მითხრა, „მზის შვილი“ ხარო და ეს დამამახსოვრდა, რადგან მართლაც ასეა. სითბო მიყვარს ძალიან. ზამთარს, სიცივეს ვერ ვიტან. როგორც კი მზე ამოდის, შინაგანად ვთავისუფლდები და კარგ ხასიათზე ვდგები.

ერთხელ ჩრდილოეთ ამერიკაში ვიყავი, ჩვეულებრივ ვგრძნობდი თავს, მაგრამ როგორც კი კალიფორნიაში მოვხვდი, თვითმფრინავიდან გადმოვედი თუ არა, რაღაც გამიხარდა – ცხოვრება მიხაროდა… თურმე მზე და სითბო მოქმედებდა ასე – მერე მივხვდი.

დღეებიც სხვადასხვა ფერის მაქვს. გიკვირთ? მართლა ასეა. ორშაბათი და ოთხშაბათი ჩემთვის ნაცრისფერი დღეებია, დანარჩენ დღეებს ნათელი ფერები აქვს. სხვათა შორის, სიზმრებსაც საოცარს ვხედავ და თითქმის ყველა მათგანი მისრულდება, კარგიც და ცუდიც… ზოგჯერ ვიცი, რომ კარგი სიზმარია, მაგრამ აზრი ვერ გამომაქვს. ზოგჯერ, პირიქით, ვიცი, რომ ცუდი სიზმარია და ვიღაცას რაღაც უნდა დაემართოს… სიზმარი წამიერია, მაგრამ იმ ერთ წამში მთელი ცხოვრება ეტევა.

მახსოვს, ერთხელ დამესიზმრა, ვითომ სამოთხეში ვიყავი. ირგვლივ სიჩუმე იყო გამეფებული. ყველა თეთრ ანაფორაში იყო ჩაცმული და ხელში ნუშის ვარდისფერი რტოები ეკავათ – გადასარევი რამ ყოფილა სამოთხე!.. იცით, ამ ბოლო დროს ჩემი თავი დავიჭირე, თითქოს წინასწარ ვგრძნობ რაღაცებს – გავიფიქრებ რაიმეს და ის აუცილებლად სრულდება, თუმცა იმ მომენტში ამას ყურადღებას არ ვაქცევ. ვთქვათ, ვიღაც პიროვნება გამახსენდა, იმ დღეს მე მასზე ან რაღაცას გავიგებ, ან დარეკავს, ან თავად ვნახავ…

ვფიქრობ, ამქვეყნად ტყუილად და შემთხვევით არაფერი ხდება და მგონია, ისეთი პლანეტა, როგორიც დადამიწაა, არ არსებობს. არსად ასე არ ცხოვრობენ, მაგრამ იმისიც მჯერა, რომ არსებობს რაღაც კოსმიური ძალა, რომელიც ადამიანს მართავს…

და რას ფიქრობთ, ქალბატონო ნანი, ამქვეყნად, დედამიწაზე, რა არის უმთავრესი ადამიანისთვის?

სამწუხაროდ, ვეღარავის ენდობი, სიტყვას ფასი დაეკარგა, არადა პატიოსნება და სიკეთეა უმთავრესი ამქვეყნიურ ცხოვრებაში.

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close