ისტორიამსოფლიოპოლიტიკა

საბერძნეთ-თურქეთის დაპირისპირება და საქართველო

რამდენიმე დღის წინათ აია სოფიას ტაძრის მეჩეთად გადაკეთებას დიდი მღელვარება მოჰყვა მსოფლიოში. თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ საქართველოშიც აღშფოთება გამოიწვია. ეს ბუნებრივია. ამავე დროს, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არც იმდენად რელიგიური საკითხია და არც მხოლოდ ერთი ტაძრის ბედს ეხება. პრობლემა ბევრად უფრო სერიოზულია და პრეზიდენტ ერდოღანის ბრძანებულება საქართველოსთვის საფრთხის შემცველი პოლიტიკური პროცესის მხოლოდ ერთი, ცალკე აღებული გამოვლინებაა.

უკვე დიდი ხანია საიდუმლოს არ წარმოადგენს ის, რომ თანამედროვე თურქეთი ოსმალეთის იმპერიის ტრადიციების აღდგენას ესწრაფვის. „ნეოოთომანური“ იდეოლოგიის თეორეტიკოსმა აჰმედ დავუთოღლუმ ერდოღანის ხელისუფლების პირობებში, საკუთარი ნააზრევისთვის ჯილდოს სახით, შესაბამისი პოლიტიკური კარიერაც აიწყო პრეზიდენტის მრჩევლობიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრობამდე.

ნეოოთომანიზმის არსზე საუბრით თავს არ შეგაწყენთ. უფრო პრაქტიკულ საკითხზე ვიმსჯელოთ: საქართველოს დაღმასვლა ისტორიულად სწორედ ოსმალთა იმპერიის აღზევებას უკავშირდება. საუკუნეების განმავლობაში ოსმალეთი ევროპას ებრძოდა. ამ დაპირისპირების გამო საქართველოს არ ჰქონდა საშუალება, მცირე აზიის სივრცე ევროპასთან ურთიერთობისთვის გამოეყენებინა. შედეგად, ქვეყნის განვითარება შეჩერდა და საბოლოოდ საქართველო მსოფლიო რუკიდან გაქრა.

1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა ოსმალეთისა და გერმანიის კავშირმა განაპირობა – დიდი ევროპული სახელმწიფოს მოკავშირე ოსმალეთი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს კავშირს ევროპასთან ხელს უკვე აღარ უშლიდა.

ეს სიტუაცია დიდხანს არ გაგრძელებულა და უკვე 1921 წელს ქემალისტური თურქეთი ბოლშევიკურ რუსეთთან კავშირში დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ებმება. ევროპასთან დაპირისპირებულმა თურქეთმა საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი გადაწყვიტა –კავკასია რუსეთს დაუთმო. ანალოგიურად, 1991 წელს, როდესაც საქართველომ კვლავ აღიდგინა დამოუკიდებლობა, დასავლეთის მოკავშირე, ნატოს წევრმა თურქეთმა ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია. სწორედ ამ დახმარების მეშვეობით შეძლო მაშინ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ 90-იანი წლების კატასტროფის გადატანა.

ეს მოკლე და ზედაპირული ისტორიული მიმოხილვა იმისთვის დაგვჭირდა, რომ ვაჩვენოთ: ისტორია – ეს წარსულში მომხდარი ფაქტები არაა. პოლიტიკისათვის ისტორია დღევანდელობა და მომავალია, რადგან დიდი პოლიტიკური მოვლენები კონკრეტულ გეოგრაფიულ გარემოში ვითარდება. გეოგრაფიული მოცემულობა კი არ იცვლება და ის მუდმივად გავლენას ახდენს პოლიტიკური ლიდერების გადაწყვეტილებებზე.

თურქეთის ამჟამინდელი საგარეოპოლიტიკური აქტიურობა, მისი ამბიციები თითქოს უშუალოდ საქართველოს არ ეხება და სხვა მიმართულებით ვითარდება, თუმცა მოდით, დავაკვირდეთ: დღეს საქართველოს ეკონომიკური, ჰუმანიტარული და ნებისმიერი სხვა სახის კავშირი ევროპასთან თურქეთის ტერიტორიის გავლით ხორციელდება. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ეს გზა საქართველოსთვის დაიკეტა. ცხადია, ეს უდიდეს პრობლემებს მოიტანს. რამდენად შესაძლებელია? ძალიანაც შესაძლებელია, რადგან თურქეთ-საბერძნეთის დაპირისპირება მუდმივად იზრდება. აია სოფიას მეჩეთად გადაკეთება ამ დაპირისპირების მხოლოდ ერთი დეტალია.

სავარაუდო ადგილი, სადაც თურქეთი ნავთობის მოძიებისთვის ბურღვის სამუშაოებს დაიწყებს

უახლოეს ხანებში თურქეთი აპირებს კუნძულ კრეტის სამხრეთით საბერძნეთის საზღვაო შელფში ნავთობის მოძიების სამუშაოები დაიწყოს. თურქეთის ხელისუფლება არ აღიარებს საბერძნეთის უფლებას, ჰქონდეს განსაკუთრებული ეკონომიკური ზონა თავისი კუნძულების ტერიტორიული წყლების  მიმდებარე კონტინენტურ მეჩეჩზე და თავად აპირებს მიიტაცოს კრეტის სამხრეთით ხმელთაშუა ზღვაში არსებული ენერგომატარებლები.

დღემდე ერდოღანმა ყველაფერი გააკეთა, რაც წინასწარ განაცხადა, მათ შორის აია სოფიას მეჩეთად გადაკეთება. სავარაუდოდ, არც ამჯერად დაიხევს უკან, თუმცა საბერძნეთში პოლიტიკოსები უკვე ღიად აცხადებენ, რომ ეს ომის საფუძველი გახდება. კონკრეტული ვადებიც სახელდება. ვარაუდობენ, რომ თურქეთი შესაბამის ნაბიჯს შემოდგომაზე გადადგამს. თუკი ამას საბერძნეთსა და თურქთს შორის სამხედრო დაპირისპირება მოჰყვება და ორ ქვეყანას შორის სახმელეთო საზღვარი ჩაიკეტება, მაშინ რა ბედი ელის საქართველოს ტრანზიტს ევროპაში? არსებობს ალტერნატიული მარშრუტი? იქნებ ჯერ კიდევ გუშინ უნდა გაგვეძლიერებინა საბორნე კავშირი ბათუმისა და ფოთის პორტებიდან ბულგარეთისა და რუმინეთის პორტების მიმართულებით? იქნებ უახლოეს ხანებში აღმოვაჩინოთ, რომ ანაკლიის პორტის აგება უიმედოდ დავაგვიანეთ?

გიორგი ჯანელიძე

P. S. 1919 წელს საბერძნეთის ჯარი, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის მხარდაჭერით, მცირე აზიაში გადასხდა და თურქეთის სიღრმისკენ დაიძრა. მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ ორგანიზებულმა წინააღმდეგობის მოძრაობამ, ბოლშევიკური რუსეთის ფინანსური და სამხედრო დახმარებით, შეძლო თავდასხმის მოგერიება და ბერძნული ჯარის ქვეყნიდან განდევნა. ამ მოვლენებმა 1921 წელს საქართველოს მომავალი გადაწყვიტა. ისტორია წარსული არაა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close