„მგელმა“ მოიგო! – რამდენი გამოიმუშავა ქართველმა მებრძოლმა გოგონამ UFC-ში პირველ გამარჯვებაში (ვიდეო)
16 ივლისს აბუ-დაბიში გამართულ UFC-ის „მებრძოლთა კუნძულზე“ ლიანა ჯოჯუამ UFC-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ბრძოლის პირველივე რაუნდში რუმინელი დიანა ბელბიტა ქართველმა მებრძოლმა მტკივნეულ ილეთზე დაიჭირა და აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში გამართულ თავის მეორე შეხვედრაში პირველად მოიგო. დიანა ბელბიტას (13-6) ბუკმეიკერები ფავორიტად მიიჩნევდნენ.
ბრძოლის შემდეგ ლიანა ჯოჯუამ განაცხადა, რომ თავისი საყვარელი ილეთით გაიმარჯვა.
გამარჯვების შედეგად, 25 წლის ჯოჯუამ 23 500 დოლარი გამოიმუშავა. აქედან 10 ათასი გარანტირებული ჰქონდა, დამატებით 10 ათასი გამარჯვებისთვის მიიღო, ხოლო 3 500 – სპონსორებისგან.
რაც შეეხება ჯოჯუას მეტოქეს, ბელბიტამ 13 500 დოლარი გამოიმუშავა.
ქართველ მებრძოლს UFC-ში დებიუტი შარშან სექტემბერში ჰქონდა, როდესაც კანადელ სარა მორასთან დამარცხდა. დღევანდელი წარმატების შემდეგ კი მის ანგარიშზე თითო მოგება და წაგებაა.
კარიერაში ჩატარებული 11 ბრძოლიდან ლიანა ჯოჯუას ანგარიშზე 8 მოგება და 3 მარცხია.
18 ივლისს ქვემძიმე წონით კატეგორიაში კიდევ ერთი ქართველი – რომან დოლიძე იჩხუბებს რუსი სპორტსმენის, ხადის იბრაგიმოვის წინააღმდეგ. ეს მისი სადებიუტო ბრძოლა იქნება.
ამავე თემაზე: პირველი ქართველი ქალი აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში – ქართველი „მგელი“ ლიანა ჯოჯუა
კომენტარები