იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, „სანატორიას“ საფუძველზე დროებითი ბინადრობის უფლების მოთხოვნით განაცხადების მიღების დაწყებიდან თვე-ნახევრის შემდეგ, ლეგალიზაციის მოთხოვნით შესულია 123 429 განაცხადი, საიდანაც 106 ათასი შინადამხმარეებსა და მომვლელებზე მოდის. განაცხადების რაოდენობის მხრივ მეორე ადგილზეა სოფლის მეურნეობის სფერო. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
ამასთან, სამინისტრო შეახსენებს ლეგალიზაციის მსურველებს, რომ მიმდინარე წლის 19 მაისს მიღებული N34 ბრძანებულება-კანონის, „დეკრეტო რილანჩიოს“ (Decreto Rilancio)103 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, განაცხადების მიღება 15 აგვისტოს დასრულდება. შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ვადა 15 ივლისამდე იყო, თუმცა შემდეგ ერთი თვით გადაიწია.
რაც შეეხება შესაბამის სექტორებს: შინადამხმარეებსა და მომვლელებზე (იტ. ბადანტე) მოდის უკვე დასრულებული განაცხადების 87% (97 968)და პროცესში მყოფი განცხადების 76% (8 386). მეორე მხრივ, განაცხადები დაქვემდებარებული მუშაკების ლეგალიზაციის მოთხოვნით უკვე დასრულებული განაცხადების 13%-ია (14 360), ხოლო პროცესში მყოფი განაცხადების 24%-ს შეადგენს (2715).
იტალიის შსს-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, პირველი ივლისიდან 15 ივლისამდე პერიოდში დღეში საშუალოდ 3000 განაცხადი ივსებოდა.
სტატისტიკა რეგიონების მიხედვით კი ასეთია: პირველ ადგილზეა ლომბარდია შინადამხმარეებისა და მომვლელების განაცხადების რაოდენობით (28 658), ხოლო სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მიგრანტების ლეგალიზაციის მოთხოვნით განაცხადების მიხედვით კამპანია ლიდერობს (4033).
მიგრანტების წარმოშობის ქვეყნების მიხედვით ასეთი სურათია: უკრაინა, ბანგლადეში და მაროკო ლიდერობენ შინადამხმარეებისა და მომვლელების განაცხადების რაოდენობის მხრივ, ხოლო ალბანეთი, მაროკო და ინდოეთი – სოფლის მეურნეობასა და მეცხოველეობაში დასაქმებულთა ლეგალიზაციის მოთხოვნით განაცხადების რაოდენობის მხრივ.
რაც შეეხება დამსაქმებლებს: 97 968 დამსაქმებლიდან, რომლებმაც განაცხადი შეავსეს შინადამხმარეებისა და ბადანტეების ლეგალიზაციის მოთხოვნით, 74 605 იტალიელია, ხოლო 14 360 დამსაქმებლიდან, რომლებმაც განაცხადები შეავსეს სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებული მიგრანტების ლეგალიზაციის მოთხოვნით, 13 066 იტალიელია.
დაბოლოს, უცხოელი მოქალაქეების მიერ საფოსტო განყოფილებებში „დეკრეტო რილანჩიოს“ 103 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარმოდგენილი მოთხოვნები ბინადრობის უფლების მიღებაზე 5733-ს შეადგენს.
ნინო ხოშტარია
წყარო: agensir.it
კომენტარები