ევროპის ქვეყნებიდან სპეცრეისებით ქართველების სამშობლოში ჩამოყვანა აგვისტო-სექტემბერშიც იგეგმება
არა მარტო ივლისში, არამედ აგვისტოსა და სექტემბერშიც გაგრძელდება ჩარტერული, კომერციული ფრენები, რომლებსაც ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზები“ ასრულებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
„გავაგრძელებთ სპეციალური ფრენების რეჟიმში ჩვენი მოქალაქეების გამოყვანას. ეს იქნება ვარშავა, ათენი, რომი და ბარსელონა.
ეს არ იქნება მხოლოდ ივლისში, გავაგრძელებთ აგვისტოში და სექტემბერშიც“, – განუცხადა დავით ზალკალიანმა საქართველოს პირველ არხს.
საქართველო მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ორგანიზებულად დასაბრუნებლად, ივლისის განმავლობაში, ავიაკომპანიები – Wizzair-ი და Myway Airlines-ი შეასრულებენ შემდეგ ავიარეისებს: 13 ივლისი – ვარშავა, 15 ივლისი – ბარსელონა, 17 ივლისი – რომი, 22 ივლისი – პარიზი, 28 ივლისი – ათენი. აღნიშნულ რეისებზე ბილეთის ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის არ იქნება 200 ევროზე მეტი.
ასევე, ჩარტერულ რეისებს ახორციელებს „საქართველოს ავიახაზები“ შემდეგ დედაქალაქებში: ვენაში, ამსტერდამსა და თელ-ავივში. ამასთან, უახლოეს დღეებში, ერთჯერად შესრულდება ყატარის ავიახაზების კომერციული ჩარტერული რეისი ქვეყნის დედაქალაქ დოჰადან, საიდანაც სამშობლოში საქართველოს 105 მოქალაქე დაბრუნდება.
კომენტარები