იტალიასაზოგადოება

ვენეტოს (ვენეცია) პრეზიდენტი: რეგიონში ინფიცირების ინდექსი გაიზარდა, შეზღუდვებს ისევ შემოვიღებთ

კორონავირუსის გავრცელების კოეფიციენტმა ვენეტოს რეგიონში (ვენეცია) ისევ ზრდა დაიწყო და 1,63-ს მიაღწია, – განაცხადა დღეს, 3 ივნისს რეგიონის მეთაურმა ლუკა ძაიამ.

ამაში ბრალი მიუძღვით უპასუხისმგებლო ადამიანებს,  – მიაჩნია ვენეტოს პრეზიდენტს, – რომლებიც იგნორირებას უკეთებენ მოთხოვნებს სანიტარიულ დისტანციასთან და ადამიანთა დიდი ჯგუფების შეკრებების შეზღუდვასთან დაკავშირებით.

განსაკუთრებით უპასუხისმგებლოდ იქცევიან ის ადამიანები, რომლებიც არსებული წესების თანახმად კარანტინში უნდა იყვნენ, მაგრამ გამოდიან გარეთ და სხვა ადამიანებს ხვდებიან, რითაც ეპიდემიის გავრცელებას უწყობენ ხელს.

„6 ივლისს ვენეტოს ხელისუფლება გამოაცხადებს ვირუსთან ბრძოლის ახალი ზომების შესახებ და შეზღუდვებს დააბრუნებს“, – განაცხადა ძაიამ.

მან  პრესკონფერენციაზე ისაუბრა კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებმაც უპასუხისმგებლო ქცევის გამო საფრთხე შეუქმნეს სხვა ადამიანებს. ლუკა ძაიამ დაასახელა „ნულოვანი პაციენტი“, რომელიც ბოსნიიდან („ილმესაჯეროს“ ვერსიით – სერბეთიდან) დაბრუნდა 25 ივნისს, იმავე დღეს გამოუვლინდა კორონავირუსის სიმპტომები, მაგრამ 26 და 27 რიცხვებში მას ჰქონდა რამდენიმე სამუშაო და დამატებითი კონტაქტი, აგრეთვე, მოასწრო ყოფნა საღამოს წვეულებაზე და დაკრძალვაზეც კი; 28-ში მიმართა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილებას, გაუკეთეს ტესტი და დაუდასტურდა კორონავირუსი, მაგრამ ჰოსპიტალიზაციაზე უარი თქვა.

ლუკა ძაიას თქმით, ამჟამად იგი ინტენსუირი თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული.

„ადამიანი თავისი ცხოვრების ბატონ-პატრონია, მაგრამ სხვას საფრთხე არ უნდა შეუქმნას“, – განაცხადა ძაიამ.

მისი თქმით, ვიჩენცელი მეწარმის უპასუხისმგებლო საქციელის გამო ვენეტოს რეგიონი დაბალი რისკის ზონიდან, სადაც ინფიცირების ინდექსი 0,43 იყო, მაღალი რისკის ზონაში გადავიდა, ინფიცირების ინდექსით 1,63. ამ ადამიანის გამო კიდევ 5 ადამიანი დაინფიცირდა, 89 კი – კარანტინში გადაიყვანეს.

ძაიამ ხაზი გაუსვა, რომ სულ არ უხარია, მაგრამ იძულებულია შეზღუდვების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღოს. „დადგენილება, პრაქტიკულად, მიღებულია, დღესაც შემეძლო ხელი მომეწერა… რამდენიმე უპასუხისმგებლო ადამიანის გამო ახლა ყველამ უნდა ზღოს“, – განაცხადა გუბერნატორმა.

22-28 ივნისის პერიოდში იტალიაში სამ რეგიონში იყო ინფიცირების ინდექსის მაჩვენებელი ერთზე მეტი – ემილია-რომანიაში (1,29), ვენეტოში (1,1) და ლაციოში (1,04). ლომბარდიაში ინდექსის მაჩვენებელი ერთზე დაბლა ჩამოვიდა – 0,89.

რაც შეეხება იტალიაში კორონავირუსის ახალ სტატისტიკას, სამოქალაქო დაცვის სამსახურის დღევანდელი საღამოს მონაცემებით, გასულ 24 საათში 15 ადამიანი კიდევ გარდაიცვალა კოვიდ-19-ით (გუშინ – 30) და მსხვერპლთა რიცხვმა 34 833-ს მიაღწია.

გამოჯანმრთელდა 384 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 191 467-მდე გაიზარდა.

223 ახალი ინფიცირებული გამოვლინდა. ამჟამად ინფიცირების მთლიანი მაჩვენებლი 241 184-ს შეადგენს.

176-ით შემცირდა აქტიურ პაციენტთა რაოდენობა, 14 884-მდე. მათგან 79 პაციენტი მძიმეა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მკურნალობას საჭიროებს.

ნინო ხოშტარია

წყარო: ilmessaggero.it;   ansa.it

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close