ნიუ-იორკში საქართველოს საკონსულოში მოქალაქეთა მიღება 6 ივლისიდან ნაწილობრივ განახლდება
6 ივლისიდან ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში ნაწილობრივ განახლდება მოქალაქეთა მიღება საკონსულო მომსახურების გაწევის მიზნით, – ნათქვამია საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციაში, რომელიც გენერალური საკონსულოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
მათივე ცნობით, მოქალაქეთა მიღება მოხდება მხოლოდ წინასწარი რეგისტრაციით შემდეგი ვებგვერდის საშუალებით – www.geoconsul.gov.ge.
„ვიზიტზე ჩაწერილმა მოქალაქეებმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:
• გენერალურ საკონსულოში გამოცხადებისას მოქალაქე ვალდებულია, ატაროს დამცავი პირბადე.
• მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს მარტო, თანხმლები პირების გარეშე (აღნიშნული არ ეხება არასრულწლოვნებს).
• მოქალაქე საკონსულოში უნდა გამოცხადდეს ზუსტად მისთვის განსაზღვრულ დროს (არც ადრე და არც გვიან).
• მოქალაქეს ეკრძალება საკონსულოში მომსახურების მისაღებად გამოცხადება, თუ მას აღენიშნება გრიპის სიმპტომები ან იყო შემხებლობაში კორონავირუსით დაინფიცირებულ პირთან.
• მოქალაქე საკონსულო დაწესებულებაში გადაუდებელი მომსახურების მისაღებად საჭიროა, გამოცხადდეს დამცავი ატრიბუტიკით.
• მოქალაქე ვალდებულია, საკონსულო დაწესებულებაში შესვლისთანავე გამოიყენოს საკონსულოს შესასვლელთან განთავსებული ხელის სადეზინფექციო საშუალება.
• მოქალაქე ვალდებულია, მოერიდოს საკონსულოს მომსახურე პერსონალთან შემხებლობას.
• მოქალაქე ვალდებულია, თავი შეიკავოს საკონსულოში დამატებითი საგნების შეხებისგან, გარდა სადეზინფექციო საშუალებებისა და მომსახურების გაწევის დროს საჭირო ნივთებისა“, – ნათქვამია ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინფორმაციაში.
კომენტარები