fbpx
ქართველები უცხოეთშიინტერვიუ

შორენა მოსიძე: „ემიგრანტობა უფრო აღვივებს და აძლიერებს სამშობლოს და მოყვასის სიყვარულს“

„სამედიცინო ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც საქართველო დავტოვე. მახსოვს, როგორი სიყვარულით მაცილებდნენ მეგობრები და ასევე, არასოდეს დამავიწყდება აქაური პირველი დღეები – რამხელა სიცარიელეს ვგრძნობდი, როდესაც ამერიკაში ჩამოვედი…“ – ასე იხსენებს შორენა მოსიძე ამერიკაში ახალი ცხოვრების დაწყების პირველ დღეებს.

ეს დიდი ხნის წინათ იყო, 1999 წელს. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, პრობლემები და სიძნელეები უკან დარჩა. ახლა იგი ამბობს, რომ მიუხედავად განვლილი  გზის სირთულისა, არასდროს უნანია ეს გადაწყვეტილება – სხვა ყველაფერთან ერთად, ამერიკაში ცხოვრებამ საქველმოქმედო საქმიანობის დაწყების შესაძლებლობაც მისცა, რათა თანამემამულეებს დახმარებოდა: ჯგუფი „Helping Hands“ უკვე 6 წელია აქტიურად მუშაობს და უამრავ კეთილ საქმეს აკეთებს საქართველოში ოკეანის გაღმიდან.

უფრო ვრცლად შორენა მოსიძის საინტერესო ამერიკული ისტორიის შესახებ ინტერვიუში წაიკითხავთ.

ქალბატონო შორენა, როდის და რატომ გადაწყვიტეთ ამერიკაში წასვლა და ახლა რას ფიქრობთ, სწორად მოიქეცით?

20 წლის ასაკში გადავწყვიტე საკმაოდ საპასუხისმგებლო ნაბიჯი გადამედგა. აბსოლუტურად გათვითცნობიერებული მქონდა, რომ ეს არ იქნებოდა ადვილი გზა, მაგრამ მერჩივნა, ჩემი შრომით მოპოვებული ანაზღაურებით მესწავლა, მეცხოვრა, ოჯახს დავდგომოდი გვერდით და, ზოგადად, მეარსება.

13 წლის ასაკში გარდამეცვალა მამა (ზურაბ მოსიძე – თ. ო.), რომელიც ჩემთვის მამაც იყო და საუკეთესო მეგობარიც. მის გარდაცვალებასთან ერთად დასრულდა ჩემი ბავშვობა და რეალობისთვის მომიწია თვალის გასწორება, რომლითაც დიდად არ ვიხიბლებოდი და ვიცოდი, რადიკალური ცვლილება იყო საჭირო იმისათვის, რომ ყველაფერი შემეცვალა და შემძლებოდა დამოუკიდებლად თავის გატანა.

სამედიცინო ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც საქართველო დავტოვე. მახსოვს, როგორი სიყვარულით მაცილებდნენ მეგობრები და ასევე არასოდეს დამავიწყდება აქაური პირველი დღეები – რამხელა სიცარიელეს ვგრძნობდი, როდესაც ამერიკაში ჩამოვედი, თუმცა საკუთარ თავს არ ვუტყდებოდი ამაში და გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ სწორად მოვიქეცი და სინანულისა და ცრემლების დრო ნამდვილად არ იყო უცხო ქვეყანაში. მიუხედავად უამრავი სირთულისა, არასოდეს მინანია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე.

პირველ ეტაპზე რა სიძნელეების გადალახვა მოგიხდათ, როგორ დაიწყო თქვენი ახალი ცხოვრება ამერიკაში?

პირველ რიგში, ენის შემსწავლელ კურსებზე დავრეგისტრირდი, რათა სამსახურის დაწყების შემთხვევაში არ დავთრგუნულიყავი და თავი კომფორტულად მეგრძნო, რაც ნამდვილად ძალიან დამეხმარა. შემდეგ უკვე ეტაპობრივად ვლახავდი სხვადასხვა სახის სირთულეებს, რაც თან სდევს ემიგრაციას. სრული ადაპტაციისთვის 2 წელი დამჭირდა.

ამჟამად სად ხართ? მსოფლიო პანდემიასთან დაკავშირებით, აშშ მძიმე ვითარების ფონზე რა სიტუაცია თქვენს ირგვლივ, რა შეზღუდვები მოქმედებს და თქვენ როგორ უმკლავდებით ამ ყველაფერს?

დედასთან და 9 წლის შვილთან – ირაკლი-გიორგისთან ერთად ვცხოვრობ კონექტიკუტის შტატში. ამავე შტატში ცხოვრობს ჩემი უფროსი დაც, თავისი ოჯახით. პანდემიის დროს ერთი თვე სრულ იზოლაციაში ვიმყოფებოდით, მხოლოდ სურსათის შესაძენად გავდიოდი ქუჩაში 2 კვირაში ერთხელ. სწრაფადვე დაიხურა სკოლები და ჩემმა შვილმა ონლაინ რეჟიმით დაასრულა სემესტრი. პანიკას და შიშს არ მივცემულვართ, ვცდილობდით ყველანაირი წესების დაცვით გვესწავლა ახალ მოცემულობაში ცხოვრება, დაგვეცვა როგორც საკუთარი თავი, ისე გარშემომყოფებიც. ერთი თვეა, რაც შეზღუდვები მოიხსნა და ყველაფერი ნელ-ნელა უბრუნდება ყოფილ რიტმს, თუმცა ახლა ახალი რეგულაციების დაცვით გვიწევს ცხოვრება.

ახალი რეგულაციები რას ითვალისწინებს?

უკვე თითქმის ყველა შეზღუდვა მოხსნილია, გარდა პირბადეების ტარებისა, მაგალითად, თავშეყრის ადგილებში, როგორიცაა: რესტორანი, მაღაზია, ოკეანის სანაპირო. უნდა დავიცვათ დისტანცია და გარკვეულ რაოდენობაზე მეტი ადამიანის ერთად თავშეყრაც იკრძალება.

თქვენი საქმიანობის შესახებ რას გვეტყვით, აშშ-ში სამედიცინო კუთხით განათლების მიღების დასრულებაზე ხომ არ იზრუნეთ?

სამედიცინო კუთხით არა, მაგრამ ცოტა მოგვიანებით უკვე აქ ჩავაბარე უნივერსიტეტში University of Phoenix, სადაც ფსიქოლოგიას დავეუფლე. ეს პროფესია ბევრად საინტერესო აღმოჩდა ჩემთვის. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამ სფეროში ვერ ვახერხებ მუშაობას, რადგან ჩემი არაერთი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, დატვირთული გრაფიკით მიწევს მუშაობა. როდესაც კარიერას ნულიდან იწყებ, ზოგადად, დიდი დრო და გზა უნდა გაიარო, რომ სასურველ შედეგს მიაღწიო, რისი დროც ამ ეტაპზე არ მაქვს, თუმცა წლების მანძილზე საქველმოქმედო საქმიანობამ გადამაწყვეტინა, ერთ ადგილზე არ გავჩერებულიყავი და, ჩემი გამოცდილებისთვის, ამ სფეროშიც გამეღმავებინა ცოდნა. Harvard business school-ი ავირჩიე, „Harvardx Course of Entrepreneurship In Emerging Economies“, რომელიც ითარგმნება, როგორც „მეწარმეობა განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაში“. სწავლის პროცესი ძალიან საინტერესო იყო, ბევრი რამ ვისწავლე და საშუალება მომეცა, უფრო ღრმად ჩამეხედა ამ სფეროში. რამდენიმე იდეაც გამიჩნდა, რაც, ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანას წაადგება. დიდი იმედი მაქვს, მომეცემა საშუალება, რომ ერთ დღეს დავბრუნდე საქართველოში და ჩემი შეძენილი ცოდნა და გამოცდილება ჩემს ქვეყანას მოვახმარო, კეთილი საქმეები განვახორციელო.

მაინც რას გააკეთებდით, უპირველეს ყოვლისა, როდესაც საქართველოში დაბრუნდებით?

რამდენიმე კვირა დავისვენებდი (იცინის) და შემდეგ დავიწყებდი ჩემი სამომავლო გეგმებისთვის ზომების მიღებას.

ამ გადასახედიდან  ყველაზე ძვირფასი რა  არის თქვენთვის?

ჩემი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა და მათი უსაფრთხოება.

საუბრისას აღნიშნეთ, რომ წლებია საქველმოქმედო საქმიანობას ეწევით. თუ არ ვცდები, საქველმოქმედო ჯგუფი გაქვთ შექმნილი და საქართველოში სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეხმარებით. მოგვიყევით ამ ჯგუფის შესახებ

ჩვენი ჯგუფი „Helping Hands“ ანუ „დახმარების ხელი“ უკვე 6 წელია აქტიურად ფუნქციონირებს – 2014 წელს დავაარსე ჩემს ძალიან ახლო მეგობრებთან ერთად. ფეისბუქის პირად გვერდზე დავწერე, რომ მინდოდა საქართველოში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის მიმეწოდებინა პროდუქტი, სამედიცინო ნივთები, სამოსი, მედიკამენტები… და აქ მცხოვრებ სამეგობროს ვთხოვე, გაეღოთ, რისი შემოწირვის საშუალებაც ჰქონდათ ამ ოჯახებისთვის. მართლაც უამრავი ადამიანი გამომეხმაურა და გამოხატეს სურვილი, გვერდში დამდგომოდნენ. დასვენების დღეებში დავდიოდი სხვადასხვა ქალაქში და შტატებში ჩემი მანქანით და იქიდან უამრავი შემოწირული ნივთი მომქონდა. ამ ყველაფერს ახლობლის ავტოფარეხში ვათავსებდი, შემდეგ ვახარისხებდით და საქართველოში ჩვენი სახსრებით ვგზავნიდით. თანდათანობით უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა ამ ოჯახების პრობლემები და გადავწყვიტეთ, რომ ყოველთვიურად ერთჯერადად შეგვეგროვებინა თანხა, ვისაც რისი საშუალება ჰქონდა და ოჯახებისთვის სურსათის, მედიკამენტების, შეშის და სხვა ყოველდღიური საჭირო ნივთების შეძენაც დაგვეწყო. თავდაპირველად სულ რამდენიმე ადამიანი იყო ამ საქმეში ჩართული, დღეს კი ჩვენი რაოდენობა 45-მდე ავიდა და სულ გვემატებიან ადამიანები. ვამბობ ხოლმე, სიკეთის დიდი არმია მყავს-მეთქი და ეს მართლაც ასეა. ჩვენ ვართ ერთი დიდი საიმედო ოჯახი და მე ვამაყობ ჩემი ჯგუფის წევრებით. მადლობელი ვარ, რომ ასე მყარად და ერთგულად მიდგანან გვერდში.

მართლაც დიდ და კეთილ საქმეს აკეთებთ… რამდენ ოჯახს დაეხმარეთ უკვე?

იცით, არასოდეს დამითვლია რაოდენობა, შეძლებისგაგვარად ვაკეთებთ ყველაფერს, რასაც ვწვდებით, თუმცა საშუალოდ თვეში 25 ოჯახი მაინც გვყავს, ზოგჯერ ნაკლები ან მეტი – გააჩნია შემოწირულობის რაოდენობას.

ჩვენ არ ვართ ფონდი, ჩემი ჯგუფის წევრები არიან სამშობლოზე შეყვარებული პატრიოტი ემიგრანტები, რომლებიც თავიანთი გასამრჯელოდან დებენ გარკვეულ თანხას და ამით ვაკეთებთ ამ კეთილ საქმეებს. ჩვენი ბენეფიციარები მარტო ოჯახებით არ შემოიფარგლება, ბევრჯერ გაგვიწევია დახმარება მოხუცებულთა თავშესაფრებისთვის, ძალადობის შედეგად მარტოდ დარჩენილი მცირეწლოვანი ბავშვების დედებისთვის, რომლებიც სპეციალურ დაწესებულებებში ცხოვრობენ; გაგვიღია დახმარება ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ დასახმარებლად, რადგან დაკარგული ტერიტორიები ჩვენი მოუშუშებელი და დიდი ტკივილია; ასევე დავხმარებივართ ოჯახებს, რომელთაც უბედური შემთხვევის ან მძიმე სენის გამო გარდაცვლიათ ოჯახის წევრები, რომლებსაც ესაჭიროებოდათ ფინანსური დახმარება და ჩვენ მათი ხარჯები აგვინაზღაურებია; შეგვიგროვებია თანხები სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანებისთვის, რომლებსაც სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროებოდათ საზღვარგარეთ; ვეხმარებით შშმ პირთა ორგანიზაციებს, სხვადასხვა ბავშვთა სახლის ბავშვებს…

მათ შორის, როგორც ვიცი, ბენეფიციარ პატარებს, რომლებიც ბერი ანდრიას დედასთან ცხოვრობენ

დიახ, ჩვენ მათთან მრავალწლიანი მეგობრობა გვაკავშირებს. მოგეხსენებათ, ეს ბავშვები ლეიკემიას ებრძვიან და დედა თინათინს, გარდა მათი მკურნალობის ხარჯებისა, უწევს ფიქრი და ზრუნვა, რომ მათ მაქსიმალურად საუკეთესო გარემო ჰქონდეთ ამ მძიმე სენთან ბრძოლის ჟამს. პატარებს მუდმივად სჭირდებათ საკვები და სხვადასხვა სახის დახმარება, ჩვენც, როცა საშუალება გვეძლევა, ვსტუმრობთ ხოლმე მათ.

ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებშია და ვაკეთებთ გულით და დიდი სიყვარულით – ეს ყველაზე მთავარია ჩვენთვის.

თქვენს ჯგუფს ახლა, მსოფლიო პანდენიის დროსაც არ შეუწყვეტია თანხის შეგროვება და თანამემამულეების დახმარება?

გადავწყვიტეთ თანხები შეგვეგროვებინა და საჭიროების შემთხვევაში ერთმანეთს დავხმარებოდით, თუმცა მოხდა ისე, რომ, უფლის წყალობით, ჯგუფის მხოლოდ რამდენიმე წევრმა დაკარგა სამსახური და მათ ჩვენი დახმარება არ დასჭირვებიათ, პირიქით, უმუშევრობის დროსაც რიცხავდნენ თანხებს გაჭირვებული ოჯახებისთვის, რომელთა რაოდენობაც პანდემიის დროს საგრძნობლად გაიზარდა. ძალიან ბევრი ოჯახი გვწერდა სხვადასხვა კუთხიდან, მათ შორის იყვნენ სამხრეთ აფრიკის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში მუშაობენ და პანდემიის გამო სამსახურის გარეშე დარჩნენ, ამოეწურათ ყველანაირი რესურსი და დახმარების თაობაზე თხოვნით მოგვმართეს. ორჯერ შევძელით მათი პროდუქტით უზრუნველყოფა, თუმცა არიან ოჯახები, რომლებიც ისეთ რაიონებში ცხოვრობენ, სადაც კურიერი არ გვყავს და გვიძნელდება მათთვის პროდუქტის მიწოდება.

საერთოდ, შორიდან როგორ ჩანს საქართველო, რას ფიქრობთ ემიგრანტი ქართველები, რა არის უმთავრესი მისთვის?

შორიდან დანახულ საქართველოს ჩვენი თანადგომა და ზრუნვა სჭირდება, ემიგრანტობა უფრო აღვივებს და აძლიერებს სამშობლოს და მოყვასის სიყვარულს. იმას, რასაც უფალი გვაკეთებინებს ამ ადამიანებისთვის, პირველ რიგში, ჩვენ გვანიჭებს ბედნიერებას და გვაძლიერებს, გვმატებს სტიმულს და ძალას მეტი კეთილი საქმის გასაკეთებლად.

ერთი ფრაზით როგორ გამოხატავდით ამჟამად თქვენს შინაგან მდგომარეობას?

მადლობელი ვარ ქრისტე ღმერთის ყველაფრისთვის.

რას ეკითხებით ყველაზე ხშირად საკუთარ თავს და პასუხს ვერ პოულობთ?

ვეკითხები: ოდესმე გადავეჩვევი ადამიანების ნდობას?.. ყოველთვის კარგს ვეძებ ადამიანებში და ხშირად ჩემი ოპტიმიზმი არ ამართლებს, თუმცა ეს დიდად არ მაწუხებს, მთავარია, რომ უფალი ჩვენს გულსა და მოქმედებას ხედავს და ყველას იმას მოგვაგებს, რასაც ვიმსახურებთ. ბრძოლის გარეშე გამარჯვებას ვერ მოიპოვებ.

ამერიკაში ოჯახით ხართ ჩასული?

როგორც გითხარით, ამერიკაში ამჟამად დედასთან და ჩემს პატარა პრინცთან ერთად ვცხოვრობ. ის ცხრა წლისაა, ამერიკაში დაიბადა და 8 წლამდე საქართველოში იზრდებოდა. უფლის შეწევნით, შევძელი დედაჩემის და ჩემი ვაჟკაცის ამერიკაში ჩამოყვანა და დღეს ერთად ვართ.

ირაკლი-გიორგის ახალ გარემოსთან ადაპტაცია არ გაჭირვებია, ძალიან გონიერი და მიზანდასახული ბავშვია, ენის შესწავლა 3 თვეში მოახერხა და ბავშვებიც სწრაფად დაიმეგობრა, თუმცა ძალიან უყვარს და ენატრება საქართველო. დიდი მოლოდინით ელოდებოდა ზაფხულის არდადაგების მოახლოებას, რომლის გატრებაც საქართველოში გვაქვს დაგეგმილი. ჩვენ ყოველ წელს საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ვსტუმრობთ, ვეცნობით ისტორიულ ძეგლებს და ღირსშესანიშნაობებს.

ბედს ნამდვილად არ ვემდური და მადლობელი ვარ ყველაფრის, რითაც უფალმა დამასაჩუქრა. მწარეც და ტკბილიც ჩვენს ცხოვრებაში ჩვენივე სიძლიერისთვის, გაზრდისთვის, ადამიანად ჩამოყალიბებისა და წარმატებისთვის გვაქვს ნაბოძები.

თქვენი დის შესახებ რას გვეტყვით, რომელიც ასევე ამერიკაშია?

ჩემი უფროსი და, თამარი, თავის მეუღლესთან და შვილთან ერთად ცხოვრობს ასევე კონექტიკუტის შტატში. ის ჩემზე ერთი წლით ადრე ჩამოვიდა ამერიკაში. ბავშვობიდან ძალიან ვმეგობრობდით და მასთან განშორება ძალიან რთული აღმოჩნდა ჩემთვის, ასე ვთქვათ,  გამოვეკიდე ჩემს დას ამერიკაში (იცინის)…

თამარი ძალიან წარმატებული ბიზნესლედია, 5 წელია სათავეში უდგას დასაქმების სააგენტო „Premier Care“-ს, რომელიც კონექტიკუტის შტატში საუკეთესო რეპუტაციით სარგებლობს. თამუნას სააგენტოში, ძირითადად, ქართველები არიან დასაქმებულები, თუმცა ასევე ასაქმებს სხვა ქვეყნის მოქალაქეებსაც. საქმის საუკეთესო შესრულებისთვის არაერთი ჯილდო აქვს მიღებული. თამუნა სხვა ქართველი აგენტებისგან განსხვავებით უსასყიდლოდ ასაქმებს ხალხს და ახლახან შეიყვანეს ამერიკის წარმატებული ადამიანების წიგნში „Who is who“, რომელიც ახლო მომავალში გამოიცემა.

გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ თქვენც და თქვენს დასაც…

დიდი მადლობა!

თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას ურჩევდით მათ, ვისაც უცხოეთში წასვლის სურვილი აქვს?

სანამ ამ ნაბიჯს გადადგამენ, დარწმუნდნენ, ნამდვილად დგანან თუ არა იმ რეალობის წინაშე, რომ ყველაფერი უნდა დატოვონ და თავიდან დაიწყონ ცხოვრება, რომლის გზაც ია-ვარდით მოფენილი არ არის… და თუ დარწმუნდებიან, რომ ასეა, მზად იყვნენ ფსიქოლოგიურად და მორალურად ურთულესი გამოწვევებისთვის.

ყველაზე დიდი პრობლემა რა არის ემიგრაციის გზაზე?

ყველაზე დიდ პრობლემად მაინც ლეგალური სტატუსის არქონა მიმაჩნია. როდესაც საბუთები წესრიგში გაქვს, მეტი გასაქანი და შესაძლებლობებია, მიმოსვლის პრობლემაც არ გაწუხებს და არ ცხოვრობ ნოსტალგიით დათრგუნული. როდესაც ლეგალური სტატუსი არ გაგაჩნია, ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხვდები სირთულეებს, რასაც ემატება ოჯახის წევრებისგან შორს, მარტოობაში გატარებული წლები.

ემიგრანტობის დადებითი მხარე?

დადებითი მხარე ის არის, რომ გიფასდება ნაშრომი, საშუალება გეძლევა, მიაღწიო ყველანაირ მიზანს შრომის, სწავლისა და თავდადების ფასად… თუმცა მარტოობასა და მონატრებაში განვლილ წლებს არაფერი ანაზღაურებს.

თქვენ ყველაზე მეტად ვინ და რა გენატრებათ მშობლიურ ქვეყანაში?

ჩემი საქართველო მენატრება, ჩემი ხალხი, ჩემი მეგობრები, ჩემს მადლიან სამშობლოში ცხოვრება მენატრება…

ისეთ საქართველოში მინდა დაბრუნება, სადაც არავის დასჭირდება სხვისი დახმარება, სადაც ადამიანები საკუთარი შრომის ფასად შეძლებენ ოჯახების რჩენას. ვისურვებდი, იმ ტურისტებს შორის, რომლებიც ძვირადღირებულ სასტუმროებში ისვენებენ და ტკბებიან ჩვენი ულამაზესი კუთხეებით, ქართველი დამსვენებლის რიცხვი მეტი იყოს, ვიდრე უცხოელების… საერთოდ, ვისურვებდი, რომ ადამიანებში სიყალბე და ბოღმა სიყვარულს ჩაენაცვლებინოს, ეს ყველასთვის სიკეთის და წარმატების მომტანი იქნებოდა.

 ემიგრაციაში ყოფნამ რა გასწავლათ?

ემიგრაციაში ყოფნამ ძალიან ბევრი რამ მასწავლა. პირველ რიგში, გამხადა ძლიერი, ძალიან მომთმენი, საკუთარი თავი მაპოვნინა, დამანახვა, რომ შეუძლებელი არაფერია. მიზნების მიღწევა დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ჩვენს ნებისყოფასა და მონდომებაზე.

თქვენი მიზანი რა არის?

ჩემი მიზანია, პირველ რიგში, ჩემი დედობრივი ვალი მოვიხადო ღირსეულად, ვიცხოვრო სიყვარულით და დავტკბე ყოველი დღით; გავაკეთო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი როგორც საქმეში, ისე საყვარელი ადამიანებისთვის.

დღევანდელ ვითარებაში რა სჭირდებათ ადამიანებს, თქვენი აზრით?

სიმტკიცე, შინაგანი სიმშვიდე, ოპტიმიზმი, რწმენა და აუცილებლად შრომისმოყვარეობა, რადგან უშრომელად არაფერი მოდის ცხოვრებაში.

დაბოლოს, თქვენი სათქმელი

მინდა ჩემი სათქმელი უდიდესი წმინდა მამის, მამა გაბრიელის სიტყვებით გადმოვცე: „ჩვენ კი არ გავიღეთ მოწყალება, ღმერთმა მოიღო ჩვენზე და სიკეთე გაგვაკეთებინა. ასეთი საქმე ღმერთის წყალობა და სიკეთე არის“.

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close