ვიდეოხელოვნება

პირველი ქართველი კომპოზიტორი, რომლის ნაწარმოებებიც ფლორენციაში DANZA IN FIERA-ზე აჟღერდა (ვიდეო)

ფლორენციაში, ცეკვის ყველაზე დიდ საერთაშორისო ღონისძიებაზე – Danza in Fiera-ზე, კოსტიუმების დეფილეზე პუბლიკამ კომპოზიტორ მერაბ მამულაშვილის ორი მუსიკალური ნაწარმოები მოისმინა: Atlantis Mistery და Moon – Enchantment And Mistery (მეცო სოპრანო ირინა ალექსიძე) და აღფრთოვანებული დარჩა.

მერაბ მამულაშვილი პირველი ქართველი კომპოზიტორია, რომელმაც ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო. Danza in Fiera არის საერთაშორისო მოვლენა, რომელიც პროფესიონალ მოცეკვავეებს, სტუდიებსა და სკოლებს, ცეკვის ყველა სტილის მიმდევრებს აერთიანებს. ფესტივალი განსკუთრებული პოპულარობით სარგებლობს.

მერაბ მამულაშვილი წლებია საპატრიარქოსთან არსებულ ხმის ჩამწერ სტუდიას ხელმძღვანელობს. გამორჩეულ შემოქმედთან არაერთი ქართველი მომღერალი თანამშრომლობს როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. თუ როგორ აღმოჩნდა მისი მუსიკალური ნაწარმოებები Danza in Fiera-ზე, რა გეგმები ჩაუშალა მსოფლიო პანდემიამ და რა აქვს დაგეგმილი სამომავლოდ, ამაზე თავად ბატონი მერაბი გვიამბობს.

ბატონო მერაბ, როგორ აღმოჩნდა თქვენი ნაწარმოებები ფლორენციის ფესტივალზე?

ყველაფერი საერთაშორისო ფესტივალ Fiestalonia Georgia-დან დაიწყო, რომელიც ყოველწლიურად იმართება საქართველოში და ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს აერთიანებს მთელი მსოფლიოდან. ფესტივალის ჟიურის წარმომადგენელმა საქართველოში, ქალბატონმა ხათუნა ჩარკვიანმა შემომთავაზა, ვყოფილიყავი ამ ღონისძიების მუსიკალური პროდიუსერი და ჟიურის წევრი. რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდი და სწორედ აქ გავიცანი რომის ოპერისა და ბალეტის პრიმა ბალერინა, ქალბატონი კლაუდია ზაქარი, რომელიც ასევე ჟიურის წევრი გახლდათ იტალიიდან. ქალბატონ კლაუდიას მსოფლიოში ცნობილი საკუთარი საბალეტო ხელოვნების სტუდია აქვს. მან მოისმინა ჩემი ბოლოდროინდელი ნამუშევრები და შემომთავაზა ფლორენციაში, საერთაშორისო ცეკვის ყველაზე დიდ ღონისძიებაზე, Danza in Fiera-ზე ამ ნამუშევრების გაჟღერება. მსოფლიო პანდემიამდე ცოტა ხნით ადრე, 20-23 თებერვალს ქალბატონ კლაუდია ზაქარის მიერ დადგმულ საბალეტო ნომრის შესრულებისას გაისმა ჩემი ორი მუსიკალური ნაწარმოები: Atlantis Mistery და Moon – Enchantment And Mistery (მეცო-სოპრანო ირინა ალექსიძე), რომლებსაც დიდი წარმატება ხვდა წილად.

მერაბ მამულაშვილი, ხათუნა ჩარკვიანი, პრიმა ბალერინა კლაუდია ზაქარი და პრიმა ბალერინა მარია გიპიუ

კიდევ სად, რა ღონისძიებებზე შესრულდა თქვენი ნაწარმოებები უცხოეთში?

2019 წელს კალიფორნიაში, კინომუსიკის პრესტიჟულ ფესტივალზე Global Music Awards ფილმ „მტრების“ მუსიკამ გაიმარჯვა ორიგინალური საუნდტრეკისთვის. ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი გახლავთ გიორგი გაჭავა, კომპოზიტორი კი მე ვარ.

უფრო ადრე, 2000 წელს თეატრმა „ძველი სახლი“, რომელსაც რეჟისორი სანდრო მრევლიშვილი ხელმძღვანელობდა, სპექტაკლით „მარტორქები ორკესტრში“ მთელი გერმანია-საფრანგეთი მოიარა. ამ სპექტაკლის მუსიკალური გაფორმება მე მეკუთვნის. სპექტაკლში ერთ-ერთ მთავარ როლს ჩემი მეუღლე – ფატი თურმანიძე ასრულებდა და სავიოლინო კონცერტი მას ეძღვნება. „მარტორქები ორკესტრში“ 1999 წელს საერთაშორისო ფესტივალზე „ოქროს ნიღაბი“ საუკეთესო მუსიკისათვის გრანპრის მფლობელი გახდა.

ფატი თურმანიძე

აქვე გეტყვით, რომ 1990 წელს „იურმალას“ ფესტივალზე ჩემი რამდენიმე სიმღერა შეასრულა ცნობილმა ქართველმა მომღერალმა ვახტანგ მაკალათიამ. მუსიკალური თანხლებაც ჩემს მიერ დაარსებულ როკჯგუფ „ოკეანეს“ ეკუთვნოდა.

1991 წელს, ვილნიუსის საერთაშორისო ფესტივალზე, ასევე ჩემი ნაწარმოებებით წარდგა როკჯგუფი „ოკეანე“.

საქართველოში არაერთ ცნობილ ქართველ მომღერალთან (თემურ ყვითელაშვილი, ლაშა ღლონტი, თემურ წიკლაური, დავით ოთიაშვილი, ციური მჭედლიძე…) თანამშრომლობთ, უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებთანაც ხომ არ გაქვთ  შემოქმედებითი ურთიერთობა?

ამ ბოლო პერიოდში საფრანგეთში მოღვაწე მეცო-სოპრანომ ნონა ჯავახიძემ მთხოვა მისთვის დამეწერა „ავე მარია“, რომელიც საპატრიარქოსთან არსებულ ჩემს ხმის ჩამწერ სტუდიაში ჩაიწერა. გარდა ამისა, თურქეთში მცხოვრები ქართველი მომღერალი ბაიარ შაჰინ გუნდარიძე ჩემს რამდენიმე ნაწარმოებს ასრულებს, მათ შორის გახლავთ საკმაოდ ცნობილი სიმღერა „რა სამშობლო მქონია“.

უცხოეთში თუნდაც რაიმე კონკურსში მონაწილეობა ხომ არ გქონდათ დაგეგმილი და პანდემიამ გეგმები ჩაგიშალათ?

სიმართლე გითხრათ, კონკურსში არა, მაგრამ 8-14 მარტს მეუღლესთან ერთად ისრაელში, ქალაქ აშდოთში ვიყავი მიწვეული, სადაც ცნობილი ქართველი ფეხბურთელის, მურთაზ ხურცილავასადმი მიძღვნილი გრანდიოზული ღონისძიება იყო დაგეგმილი. ამ ღონისძიებაზე ჩემი ახალი სიმღერის „ჩემო თბილისო“ პრემიერა უნდა შემდგარიყო. ლექსის ავტორია ბატონი რობერტ ადარი, ორგანიზაცია „გულთა კავშირის“ პრეზიდენტი და არაჩვეულებრივი პოეტი. ამ სიმღერის შექმნის იდეა ეკუთვნის გიორგი ანდრიაძეს (მეცნიერებათა აკადემიის კულტურის ფონდის თავმჯდომარის მოადგილე, სასულიერო აკადემიის პროფესორი, ლექტორი). სამწუხაროა, რომ ეპიდემიამ ხელი შეუშალა ღონისძიების ჩატარებას, სადაც საქართველოდან საკმაოდ დიდი წარმომადგენლობა მიემგზავრებოდა. ვიმედოვნებ, რომ ეს ღონისძიება ახლო მომავალში განხორციელდება.

როგორც ვიცი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორეც უსმენს ხოლმე თქვენს მუსიკას…

დიახ, ჩემთვის მასთან, როგორც თავად შემოქმედ ადამიანთან, ურთიერთობა და იდეების გაზიარება ძალიან სასიამოვნოა. პატრიარქს ძალიან უყვარს ჩემთან სტუდიაში სტუმრობა და ახალი ნაწარმოებების მოსმენა. საბედნიეროდ, მეც მაქვს მისი ნაწარმოებების მოსმენის სიამოვნება. ბოლო პერიოდში, პანდემიამდე, ღამის ლოცვაზე მოვასმენინე საუნდტრეკი ფილმისთვის „მტრები“, რომელიც ზემოთ ვახსენე.

საპატრიარქოსთან არსებული თქვენი ხმის ჩამწერი სტუდია კორონავირუსთან დაკავშირებული სამთვიანი შეფერხების შემდეგ უკვე ამუშავდა?

დიახ, მუშაობა განვაახლეთ და ვისაც სურვილი ექნება, უპრობლემოდ შეუძლია დაგვიკავშირდეს.

დაბოლოს, უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს, ქართველ ემიგრანტებს რას ეტყოდით?

ყველას ვუსურვებდი, რაც მთავარია, ჯანმრთელობას და გამძლეობას! თავისუფალ, ეკონომიკურად ძლიერ და ბედნიერ საქართველოში დაბრუნებას!

დიდი მადლობა, ბატონო მერაბ, წარმატებებს გისურვებთ!

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close