fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

კორონავირუსის მსხვერპლთა ოჯახები სამართალს ითხოვენ

კორონავირუსის პანდემიის სტატისტიკა ზრდას განაგრძობს. დღემდე დაავადებამ 482 ათასზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია, უამრავი ადამიანის ცხოვრება დაინგრა, ეკონომიკა ქაოსში აღმოჩნდა.

ჭირისუფლები – განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებმაც მოქმედება დააგვიანეს, ან სადაც პანდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყენებული მეთოდები ეჭვებს ბადებს – პასუხს მოითხოვენ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, რომლებმაც, მათი აზრით, თავი ვერ გაართვეს კრიზისს.

მსოფლიო მოწმეა პირველი სასამართლო პროცესებისა მთავრობების წინააღმდეგ, რომლებსაც ბრალს სდებენ უმოქმედობაში ან არასწორ გადაწყვეტილებებში. და საქმე ისე გამოიყურება, რომ სწორედ ის სახელმწიფოები, რომლებსაც უჩივიან, უფრო და უფრო ასუსტებენ საკარანტინო ზომებს, მიუხედავად იმისა, რომ იზრდება პანდემიის მეორე ტალღის გაჩენის შიშები.

ერთ ევროპულ ქვეყანაში პროკურორებმა პრემიერ-მინისტრი დაკითხეს პანდემიაზე მთავრობის თავდაპირველ რეაქციასთან დაკავშირებით. მეორეგან მოქალაქეებმა სასამართლოში უჩივლეს მინისტრთა კაბინეტს, რომელმაც, მათი თქმით, „ადამიანთა სიკვდილი გამოიწვია უგულებელყოფის გამო“. ხოლო იქ, საიდანაც პანდემია დაიწყო, სასამართლოში საჩივარი შეიტანეს და რესტიტუციას ითხოვენ, როგორც ირწმუნებიან, ინფექციის გავრცელების მიჩუმათებისთვის.

ამ სტატიაში მიმოვიხილავთ რამდენიმე სასამართლო საქმეს. ისინი ნათელყოფენ, რას მოიმოქმედებენ რიგითი მოქალაქეები სამართლის აღსადგენად, როცა, მათი აზრით, ხელისუფალთა მცდარი გადაწყვეტილებები ადამიანთა სიკვდილს იწვევს.

იტალია

„ეს ამბავი ვერ დამთავრდება და არ უნდა დამთავრდეს ასე… ამას იურიდიული შედეგი ექნება და ადეკვატური იურიდიული შედეგის იმედი გვაქვს.“ – კომენტარი Noi Denunceremo-ს ფეისბუქის გვერდიდან.

10 ივნისს კორონავირუსის მსხვერპლთა 19-მა ნათესავმა პირველი საჩივრები შეიტანა საერთო ჯამში 200-მდე საჩივრიდან ბერგამოს პროვინციის პროკურატურაში. მათ გაასაჩივრეს ხელისუფლების მოქმედებები ან უმოქმედობა ჩრდილოეთ იტალიის ლომბარდიის რეგიონში კორონავირუსის პანდემიის საწყის ეტაპზე. ბერგამო ერთ-ერთია ლომბარდიის 12 პროვინციიდან.

საჩივრებში, ძირითადად, გამოთქმული იყო ბრალდება, რომ რეგიონის ოფიციალურმა პირებმა დააგვიანეს პაციენტების ინფორმირება პანდემიასთან დაკავშირებული რისკების შესახებ, ჯანდაცვის მუშაკები არ მოამარაგეს პირადი დაცვის აღჭურვილობით და ლომბარდიის ზოგიერთ ქალაქზე არ გაავრცელეს ე.წ. საკარანტინო „წითელი ზონა“, იტყობინება Noi Denunceremo – COVID-19-ის მსხვერპლთათვის სიმართლისა და სამართლიანობის კომიტეტი. ესაა დაავადების მსხვერპლთა ოჯახების ჯგუფი, რომელიც ფეისბუკის გვერდის სახით ჩამოყალიბდა და 55 ათასზე მეტი წევრი მიიზიდა.

„ჩვენი მიზანი მარტივია; ჩვენ გვსურს სიმართლე! ჩვენ გვსურს ვიცოდეთ, რატომ დაიხოცა ხალხი ლომბარდიაში, განსაკუთრებით ბერგამოსა და ბრეშიაში. რატომ მოკლა ვირუსმა ამდენი ადამიანი მხოლოდ აქ, როცა ვირუსი მთელ მსოფლიოში გავრცელდა?“ უთხრა Noi Denunceremo-ს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა სტეფანო ფუშომ რადიო თავისუფლებას.

ბერგამო პანდემიით ერთ-ერთი ყველაზე უფრო დაზარალებული ქალაქია მსოფლიოში. ოფიციალური მონაცემებით, აქ 3000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა COVID-19-ს. მთლიანობაში კი იტალიაში კორონავირუსის პანდემიის თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე რთული ვითარებაა ევროპაში. 21 ივნისის მონაცემებით, აქ აღრიცხულია ინფიცირების 238 ათასი შემთხვევა, 34 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.

რისხვა ძირითადად მიმართულია პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს მისამართით, რომელიც ახლახან სამი საათის განმავლობაში დაკითხა ბერგამოს პროკურატურამ. საქმე ეხება ეპიდემიის გავრცელების პირველ ეტაპზე დაშვებულ სავარაუდო შეცდომებს.

როგორც იტყობინებიან, პროკურორებთან საუბრის საკვანძო თემები იყო ის, თუ რატომ არ შეიყვანეს კორონავირუსის ორი ცხელი კერა – ქალაქები ალძანო და მემბრო – „წითელ ზონაში“, რომელიც თებერვლის ბოლოს შეიქმნა და რატომ ჩაიკეტა მთლიანად ლომბარდია მხოლოდ მარტის დასაწყისში.

დღეისთვის Noi Denunceremo-ს ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ სისხლის სამართლის საქმეები აღძრას, სამოქალაქო სამართლის საქმეებზე კი მომავალში იზრუნოს.

დიდი ბრიტანეთი

ერთმანეთს მივუსამძიმრეთ, ვისაუბრეთ ჩვენს ოჯახებზე და მთავრობის მოქმედებებზე და გადავწყვიტეთ, რომ რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ“, – მეტ ფაულერი.

21 ივნისისთვის დიდ ბრიტანეთს მსოფლიოში მეხუთე ადგილი უკავია კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევებით (305 ათასზე მეტი) და სიკვდილიანობით – მესამე (42700-ზე მეტი).

ამჟამად იურისტები ამზადებენ სარჩელებს იმის იმედით, რომ სასამართლო მთავრობას აიძულებს, დაიწყოს ხელისუფლებების მიერ გატარებული ზომების საჯარო გამოძიება.

„აშკარაა, რომ დიდი ბრიტანეთი ვერასოდეს შეძლებდა პანდემიის სრულად თავიდან აცილებას, მაგრამ მთავრობის დროულ მოქმედებას შეიძლება გადაერჩინა ჩვენი ახლობლები. ჩვენ შევიკრიბეთ, რათა სამართლისთვის ვიბრძოლოთ ჩვენი ახლობლების სახელით“, – უთხრა რადიო თავისუფლებას Covid-19 Bereaved Families For Justice U.K-ის ერთ-ერთმა დამაარსებელმა მეტ ფაულერმა.

ფაულერის ორგანიზაციამ, რომელშიც შედის COVID-19-ით გარდაცვლილთა 450-ზე მეტი ნათესავი, წერილით მიმართა პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს და ჯანდაცვის მინისტრ მეტ ჰენკოკს და საჯარო გამოძიების დაუყოვნებლივ ჩატარება მოითხოვა მას შემდეგ, რაც მთავრობის ყოფილმა სამეცნიერო მრჩეველმა დაწერა, რომ მკაცრი საკარანტინო ზომების ერთი კვირით უფრო ადრე შემოღების შემთხვევაში დიდ ბრიტანეთში COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვის განახევრება იქნებოდა შესაძლებელი.

მთავრობამ ქვეყნის მასშტაბით მკაცრი ზომები დააწესა 23 მარტს, თითქმის ორი თვის შემდეგ მას მერე, რაც ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა.

Bereaved Families For Justice დიდ ბრიტანეთში არაა ერთადერთი ჯგუფი, რომელიც პანდემიაზე მთავრობის რეაქციას აკრიტიკებს.

COVID-19-ის მსხვერპლთა ოჯახებთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატეს კერძო იურიდიულმა კომპანიებმა, ასევე არაკომერციულმა ორგანიზაციებმა. ამ ინიციატივების მიზანია, დიდი ბრიტანეთის მთავრობას პასუხი აგებინონ ფრონტის ხაზზე მებრძოლი მედიკოსების სიკვდილისთვის.

ჩინეთი

„გაცოფებული ვარ… რამდენი ადამიანი დაიღუპა პანდემიის დროს. რაც მათ ჩაიდინეს, მკვლელობის ტოლფასია“. – ჟან ჰა, COVID-19-ის მსხვერპლის ვაჟი.

როგორც იტყობინებიან, ჩინეთში, საიდანაც კორონავირუსის პანდემია დაიწყო, პირველმა კერძო პირმა აღძრა საჩივარი მთავრობის წინააღმდეგ.

ბრიტანული ყოველკვირეული გაზეთი The Telegraph-ი 14 ივნისს იტყობინებოდა, რომ ჟან ჰა, რომლის 76 წლის მამა COVID-19-ს ემსხვერპლა, რესტიტუციას ითხოვს იმისთვის, რასაც ის მთავრობის მხრიდან კრიზისში არასწორად მოქმედებას უწოდებს.

„მთავრობას რომ დაავადება არ დაეფარა საწყის სტადიებზე, მამაჩემი არ მოკვდებოდა“, – მოჰყავს გაზეთს ჟანის სიტყვები.

ის მთავრობისგან 2 მილიონ იუან (280 ათასი დოლარი) კომპენსაციას ითხოვს უპრეცედენტო სასამართლო პროცესში, რომელსაც, როგორც ადვოკატი ვარაუდობს, სასამართლო „მტრულად შეხვდება“.

საფრანგეთი

„ჩვენმა პოლიტიკურმა ლიდერებმა გამოავლინეს საფრთხეები, რომლებიც მომდინარეობს მათი გადაწყვეტილებებიდან საკვანძო მომენტებში, და უუნარობა, გააცნობიერონ გადაუდებელი პრობლემები“, – პეტიცია, რომელიც მთავრობის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვს.

საფრანგეთში, რომელიც კორონავირუსის გავრცელების მხრივ მსოფლიო ათეულში შედის, ასობით ექიმი შეუერთდა ინციატივას პრემიერ-მინისტრ ედუარ ფილიპისა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, აგნეს ბუზენის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის თაობაზე.

შესაბამის პეტიციას 525 ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. მანამდე კი საჩივარი იქნა შეტანილი მთავრობის წინააღმდეგაც.

ამჟამად მთავრობის წინააღმდეგ სასამართლოში შეტანილია 80 საჩივარი, რომლებშიც მას ბრალს სდებენ კორონავირუსის ეპიდემიის დროს არაგანზრახ მკვლელობასა და გულგრილობაში.

ესპანეთი

ესპანეთში, რომელიც ევროპის კონტინენტზე კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით ლიდერობს (294166) და იტალიისა და საფრანგეთის შემდეგ მესამე ადგილზეა სიკვდილიანობის მიხედვით (28 327), ათასობით ადამიანმა შეიტანა პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ სარჩელი „სერიოზული დაუდევრობის მიზეზით ჰომიციდისთვის“.

რიტუალური სამსახურის თანამშრომლებს კოვიდ-19-ისგან გარდაცვლილის კუბო მიაქვთ. ბარსელონა, 17 მაისი, 2020 წ.

უზენაეს სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიხედვით, სანჩესმა და მისი მინისტრთა კაბინეტის დანარჩენმა 22-მა წევრმა მოქმედებითა თუ უმოქმედობით პანდემიას გავრცელების საშუალება მისცეს და ადამიანების სიკვდილი გამოიწვიეს.

იურიდიული არგუმენტები

ისმის კითხვა: საერთოდ უნდა აგოს თუ არა ვინმემ პასუხი, როცა ჩვენი დროის უპრეცედენტო პანდემიასთან გვაქვს საქმე?

რიგი იურისტებისა ამტკიცებს, რომ მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა შესაძლოა განხილულ იქნეს, როგორც დარღვევა სახელმწიფოს იმ ვალდებულებებისა, რომლებიც გათვალისწინებულია გაეროს ამ უწყების ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციებით (IHR).

გერმანიაში მდებარე მაქს პლანკის შედარებითი სამართლისა და საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის წამყვანმა მკვლევარმა პედრო ვიიარეალმა ინტერპრეტაციის შესაძლებლობა დატოვა, როცა პასუხი გასცა შეკითხვას, არის თუ არა WHO-ს რეკომენდაციების შეუსრულებლობა კანონდარღვევა.

„(წინააღმდეგობრივი) პასუხი, ჩემი აზრით, არის: გააჩნია“, – დაწერა მან მარტში გამოქვეყნებულ ბლოგში, რომელიც საერთაშორისო სამართლის საკითხებს ეხება.

ვიიარეალის თანახმად, IHR შეიცავს მთელ რიგ „მყარ და სწრაფ“ მოვალეობებს, რომელთა დაცვა თითქმის დაუყოვნებლივ შეიძლება განისაზღვროს. ასეთ კატეგორიას განეკუთვნება, მაგალითად, ვალდებულება, რომ ინფექციის გაჩენის შესახებ WHO-ს ინფორმირებაა საჭირო.

მაგრამ IHR-ის 43-ე მუხლი, რომელიც ხშირად მოჰყავთ ხოლმე კორონავირუსის პანდემიის გამო მთავრობების წინააღმდეგ საქმის აღძვრის საფუძვლად, „მთლიანობაში არ არის „მყარი და სწრაფი“ იმ თვალსაზრისით, რომ WHO-ს რეკომენდაციების უგულებელყოფას ავტომატურად მივყავდეთ დარღვევამდე“, – ამბობს იგი.

ვიიარეალის თანახმად, თეორიულად შეიძლება IHR-ს დაემყარონ პირები (რეგიონულ) ადამიანის უფლებების სასამართლოებში ან ადგილობრივ სასამართლოებში, როცა მიაჩნიათ, რომ კანონდარღვევამ გავლენა იქონია მათზე“.

მაგრამ ის დასძენს, რომ „მაშინ, როცა შესაძლებელია IHR-ის მოხმობა ადგილობრივ დონეზე“, იმის მიხედვით, თუ რა სამართლებრივ სისტემასთან გვაქვს საქმე, ეს არ შეიძლება განხილულ იქნას, როგორც „რაღაც თავისთავად ცხადი“.

ავტორები: ტატიანა სავჩუკი, დავიდ აქსელროდი, მაიკლ სკოლონი

radiotavisupleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close