კრიმინალისაქართველო

19 წლის ფეხბურთელის საქმეში ბრალდებული გამოკვეთილი არ არის

„გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები აქვს და მნიშვნელოვანია გაირკვეს, თუ რის გამოა გამოწვეული ეს დაზიანებები“

„გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილი არ არის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი“, – ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძემ უწყებაში დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.

„ჯერჯერობით ექსპერტიზის დასკვნა არ გვაქვს, უნდა დაველოდოთ ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც გასცემს კითხვებზე პასუხს, თუ რა არის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი“.

მისივე ინფორმაციით, საქმე ამჟამად ორი მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლს ძალადობის მუხლი დაემატა.

„შინაგან საქმეთა სამინიტრო უსამძიმრებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და თანადგომას უცხადებს მას. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია 2020 წლის 19 ივნისს მცხეთაში ნარეკვავის დასახლებაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

2020 წლის 19 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტში შემოვიდა შეტყობინება გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე.

ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამ ეტაპზე ირკვევა, რომ 2020 წლის 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მოგვიანებით დასახელებული კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს. რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა და 4-დღიანი ინტენსიური სამაშველო სამუშაოების შედეგად მდინარის კალაპოტში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი.

გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმის გამოძიების პროცესში მუშაობს ყველა მიმართულებით, განიხილება არაერთი საგამოძიებო ვერსია, სხვადასხვა სპეციალიზაციის გამომძიებლების შემადგენლობით შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი.

დღეის მდგომარეობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულია საქმესთან შემხებლობაში მყოფი ათეულობით პირი, დაახლოებით 50 მოწმე, ჩატარებულია ათეულობით საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის – საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა, ამოღებულია კონფლიქტში მონაწილე და შემსწრე პირთა ტანსაცმელი, ავტომანქანები, მობილური ტელეფონები, აღებულია კვლევის ნიმუშები, დანიშნულია ექსპერტიზები, გამოთხოვილია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ გარდაცვლილის ოჯახთან და გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ვაწვდით ინფორმაციას.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა იმ პირის, ვინც მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ფლობს რაიმე სახის ინფორმაციას, დაუყოვნებლივ მოგვმართონ და მაქსიმალურად ითანამშრომლონ ჩვენთან“, – განაცხადა ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ვლედიმერ ბორცვაძემ.

„პირველი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები აღენიშნება. ამის შესახებ ფეხბურთელის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ ისაუბრა ჟურნალისტებთან. მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები აქვს და მნიშვნელოვანია გაირკვეს, თუ რის გამოა გამოწვეული ეს დაზიანებები.

„რადგანაც შსს-მ კვალიფიკაცია შეცვალა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ აქვთ რაიმე საფუძველი, რომ ახალი კვალიფიკაციით გააგრძელონ გამოძიება. მიუხედავად ჩვენი მდგომარეობისა, მთელი ეს დღეებია ვცდილობთ, ხელი არ შევუშალოთ გამოძიებას. პირიქით, ჩვენი ვერსიებით ვამარაგებთ და გამოძიებაც ყოველდღიურად ყველაფერს ამოწმებს, ამას საკუთარი თვალით ვუყურებ. რა დრო სჭირდება კონკრეტული პირების ბრალეულობის საკითხს, ეს ძიების საგანია. მე ვერ გეტყვით, უახლოეს პერიოდში მიიღებენ თუ არა გადაწყვეტილებას ვინმეს დაკავების შესახებ. როცა ადამიანმა არ იცი საქმის გარემოებები, კონკრეტული მტკიცებულებები, საუბარი იმაზე, რომ ეს დრო მეტია და დროის გაჭიანურებასთან გვაქვს საქმე თუ არ გვაქვს, ეს ძალიან რთული სათქმელია. სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ყოველთვის დგინდება საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით. თუ ჩვენ ვნახავთ, რომ გამოიკვეთება ექსპერტიზის შემდგომ რაიმე კონკრეტული დანაშაულის კვალი, ცხადია, ჩვენი პოზიცია გვექნება კვალიფიკაცის დამძიმებასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია იმ ზღვარის და მიჯნის გამოვლენა, დაზიანებები მიღებულია სიცოცხლის პერიოდში, თუ გარდაცვალების შემდგომ. ამიტომ, აქვს თუ არა დაზიანება, ახლა ეს კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანია ის, თუ რის გამოა გამოწვეული დაზიანებები. დაზიანებები აქვს, ბუნებრივია, სამი დღის განმავლობაში მდინარის კალაპოტში იმყოფებოდა, თუმცა გარდაცვალებამდე მიადგა თუ არა, ვერ გეტყვით“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

19 წლის გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს. 70 მეხანძრე-მაშველი დაკარგულ ფეხბურთელს მდინარე არაგვისა და მტკვრის ხეობაში 19 ივნისიდან ეძებდა.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close