fbpx
საზოგადოებასაქართველო

„ადამიანი ლეგენდა, ჩაშკა წავიდა…“

„დიდი ხნით ვიყავი წასული აქედან, მაგრამ ჩამოვედი... აქ მინდა ვიყო ბოლომდე“ - „ჩაშკამ“ თბილისის გარეშე ვერ გაძლო და თბილისში გარდაიცვალა

ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე სოციალურ ქსელში მოკლე პოსტს აქვეყნებს –  „ადამიანი ლეგენდა, ჩაშკა წავიდა…“

ახალგაზრდა თაობისთვის ეს სახელი არაფრის მთქმელია, უფროს თაობაში კი ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელსაც „ჩაშკას“ წამალი არ შეუძენია, ან მისი სახელი არ გაუგია.

მიხეილ ჯანაშვილი, იგივე „ჩაშკა“ კომუნისტების დროს დეფიციტური მედიკამენტებით ვაჭრობდა. მისი აფთიაქი თბილისში, სინაგოგას გვერდით მდებარეობდა. უფროსი თაობის თბილისელები ჰყვებიან, რომ „ჩაშკამ“ უამრავ ადამიანს უანგაროდ ხელი გაუმართა და უამრავი ადამიანი სიკვდილს გადაარჩინა.

ჟურნალისტი ლია ტოკლიკიშვილი „ჩაშკასთან“ შეხვედრას 2014 წელს „ფეისბუქში“ ასე იხსენებდა:

„ჩემს მეგობარს ბებია ჰყავდა ანტი ფრონცკი, ერთხელ ცუდად გახდა და გაგვაგზავნა ჩაშკასთან წამალი მომიტანეთო. (აღარ მახსოვს წამლის სახელი), ერთი ის მახსოვს, ისრაელიდან იყო ჩამოტანილი;

მოკლედ მივედით მე და ჩემი მეგობარი ჩაშკასთან. შეგვიპატიჟა სახლში, ყავით გაგვიმასპინძლდა, წამალი მოგვცა და აგვიხსნა თუ როგორ უნდა მიეღო ბებიას ეს წამალი, ფული გადავუხადეთ და სადარბაზოში რომ გვემშვიდობებოდა, კიბეებიდან ვიღაც შავ პალტოში ჩაცმული გამხდარი თხელი კაცი ამოვიდა და ჩვენს უკან გაჩერდა.

ჩაშკა მიესალმა როგორ ხარო, ამ კაცმა – ვალი მოგიტანეო და ჩაშკას ფული გაუწოდა, გამოართვა და შეეკითხა – ხო, მართლა ბავშვი როგორ არისო? უცნობმა, ბავშვი დამეღუპაო… ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა და უხერხულობა, თავი საფლავში გვეგონა მე და ჩემს ძმაკაცს…

ჩაშკამ უცნობისკენ გაიწია და ფული პალტოს ჯიბეში ჩაუცურა. უცნობმა ფულის უკან ამოღება დააპირა, ჩაშკამ ხელი დაუჭირა და უთხრა, მე მაგ ფულს სახლში არ შევიტანო!!!“.

მიხეილ ჯანაშვილი ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს დააპატიმრეს და 6 წელი ციხეში გაატარა. სააკაშვილის ხელისუფლების დროს მისი ქალიშვილიც დააპატიმრეს, მოგვიანებით, მეუღლეც გარდაეცვალა. მარტო დარჩენილმა „ჩაშკამ“  საცხოვრებლად ისრაელში წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ  საქართველოს გარეშე დიდხანს ვერ გაძლო და რამდენიმე წლის წინ დაბრუნდა.
„ჩაშკას“ დაბრუნების შესახებ სასულიერი აკადემიის კურდამთავრებულის, ნათანიელ ერიაშვილის ემოციური პოსტის საშუალებით გახდა ცნობილი:

„დღეს ერთ ჩვეულებრივ “მარშრუტკაში” ნამდვილი და დიდი ლიტერატურული ეპიზოდის მოწმე და მონაწილე გავხდი.

რომ ავედი, ამბავი უკვე დაწყებული იყო. მოხუცი კაცი ხვნეშით ჯდებოდა მძღოლის საპირისპირო რიგის მესამე სკამზე, აი, იმ რიგში, სკამები თითო-თითო რომ არის. გოგო იდგა სკამთან, ასე – 17-ოდე წლის. ალბათ ადგილი დაუთმო – მერე მივხვდი, როცა ამ წყვილის ტკბილი ურთიერთობის ხმები შემომესმა.
მოხუცი ცახცახა ხელით დიდხანს ეძებს ჯიბეში რაღაცას და თან გოგოს ეუბნება, რომ კარგი გოგოა, კარგად აღზრდილი და ბარაქალა მის მშობლებს. დიდი ხნის ფათურის შემდეგ ჯიბიდან იღებს ძალიან ლამაზ და ჭრელ საფულეს. ქალის საფულეს ჰგავს და მეცინება.

მე – ახლად ამოსული ვარ და იქვე ვდგავარ. მოხუცის სკამის ოდნავ უკან. ხელები ისე უცახცახებს და ისე მონდომებულია, მალე გახსნას საფულე, რომ ლამის ვუთხრა, მოგეხმარებით-მეთქი. მაგრამ არ ვეუბნები, რადგან ხსნის და ისეთ რამეს აკეთებს, ენა მუცელში მივარდება.

საფულედან იღებს ბეჭედს. ახლოს ვარ და ვხედავ, რა ლამაზი ბეჭედია – ბიჟუტერიაა, მაგრამ გემოვნებით გაკეთებული, პატარა და ბრჭყვიალა თვლები აქვს. კაცი გოგოს ეუბნება, აი, ეს ბეჭედი შენ გქონდეს და სულ დაიმახსოვრე, რომ ძალიან კარგი ბავშვი ხარ. მე ძველი აფთიაქარი ვარ, ებრაელი კაცი ვარ, „ჩაშკას“ მეძახიან. სახლში ჰკითხე უფროსებს, შეიძლება გაუგიათ.

– მე გამიგია თქვენი სახელი! – ისე ხმამაღლა ვამბობ, რომ „ჩაშკასკენ“ მიპყრობილ თვალებს ყველა ჩემკენ ატრიალებს, მე კი ვიცი, რომ ახლა ვეღარ გავჩერდები იმდენს ვილაპარაკებ, – თქვენ წამლებს ყიდდით საბჭოთა პერიოდში, არა? როცა წამლები არ იშოვებოდა აქ. რამდენი მომაკვდავის პატრონი გაკითხავდათ სახლში, ეგეც ვიცი. ერთ ლიტერატურულ ნაწარმოებშიც ჰყავხართ ნახსენები რომელიღაც მწერალს, მაგრამ ახლა ვერ ვიხსენებ, ბევრი ადამიანი რომ გადაგირჩენიათ მაშინ თქვენი წამლებით, ეგეც ვიცი… მამასისხლად ღირებული წამალი გაჭირვებულისთვის ისე რომ მიგიციათ, ეგაც გამიგია..

ჩაშკას თვალები არასდროს აღარ დამავიწყდება. ძალიან სველი თვალები ჰქონდა: – „გაგიგია, არა, შვილო?“

ისე მომინდა, რაღაც კეთილი მეთქვა ამ ბებერი და ერთ დროს ძალიან საჭირო ებრაელისთვის, რომ ლამის მოვიგონე რამე ისტორია ჩემი ოჯახისა და ჩაშკას მონაწილეობით. მაგრამ მომერიდა ტყუილის თქმის.

ბოლოს რა თქვა, იცით, სანამ ჩავიდოდი?

– ბევრი სიკეთე გამიკეთებია თბილისში. მაგრამ ქართველებს უფრო მეტი აქვთ ჩემთვის დაბრუნებული. დიდი ხნით ვიყავი წასული აქედან, მაგრამ ჩამოვედი. აქ მინდა ვიყო ბოლომდე“, – წერდა ერიაშვილი.

progressnews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close