ქართველები უცხოეთშიჩვენი ფავორიტიინტერვიუ

„დადგება ის დროც, როცა სამშობლოში ღირსეულად დაბრუნებას შევძლებთ ემიგრანტები!“

„როდესაც აბსოლუტურად უცხო ქვეყანაში ჩადიხარ, რადიკალურად იცვლი ცხოვრების წესს, გარემოს და ხარ სრულიად მარტო დიდი გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე… თუმცა უფალი მარტო არ გტოვებს და გაძლევს ძალას, იბრძოლო ფეხზე დადგომისა და საკუთარი ადგილის მოპოვებისთვის უცხო მიწაზე. ხშირად სრულიად უცნობი ადამიანი შეიძლება გახდეს ბიძგი იმისთვის, რომ საკუთარ თავში ძალა იპოვო და ირწმუნო, რომ ყველაფერი კარგად იქნება“, – ამბობს nostal.ge-სთან საუბრისას ხათუნა ტაბატაძე, ქართველი ემიგრანტი, რომელმაც ექვსი წლის წინათ აშშ-ში ახალი ცხოვრება დაიწყო და დღეს უკვე საკუთარი ბიზნესის აწყობაზე ფიქრობს: იგი არაჩვეულებრივ, ორიგინალურ ხელჩანთებს ამზადებს.

ყველა სიკეთესთან ერთად, ქველმოქმედება ხათუნა ტაბატაძის ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილია. მას და მის მეგობრებს მშობლიურ ქვეყანაში მცხოვრები გაჭირვებული ოჯახებისთვის მსოფლიო პანდემიის დროსაც კი არ შეუწყვეტიათ დახმარება. ნაცნობ-მეგობრები თუ სრულიად უცნობი ადამიანები ხათუნა ტაბატაძეზე ამბობენ, რომ ეს არის „ძალიან კეთილი, ყურადღებიანი, გაჭირვებულის გვერდში მდგომი, უმაგრესი და უძლიერესი პიროვნება“…

თუ როგორ და რატომ აღმოჩნდა იგი შორეულ ამერიკაში, რა გზა გაიარა, სანამ ახალ რეალობას შეეჩვეოდა, რა არის ემიგრანტობა მისთვის და როგორია სამომავლო გეგმები – ამაზე ხათუნა ტაბატაძის ინტერვიუდან შეიტყობთ.

ქალბატონო ხათუნა, რატომ გადაწყვიტეთ ამერიკაში წასვლა, როგორია თქვენი ისტორია?

ჩემი ისტორია დიდად არ განსხვავდება ათასობით სხვა ემიგრანტი ქალის ისტორიისგან, რომლებმაც მსგავსი გადაწყვეტილება შვილებისთვის უკეთესი მომავლის შექმნის გამო მიიღეს.

პროფესიით ფარმაცევტი ვარ, თუმცა ჩემი პროფესიით არასოდეს მიმუშავია. პატარა ასაკში დავქორწინდი, მეყოლა სამი შვილი (ორი გოგონა და ერთი ვაჟი) და მთელი ჩემი ცხოვრება მათ აღზრდას მივუძღვენი. შეძლებულ ოჯახში ვცხოვრობდით. მეც მქონდა ჩემი ბიზნესი, რითაც ჩემი შვილების მოთხოვნილებებს ვაკმაყოფილებდი, მაგრამ საქართველოში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის გამო ბიზნესი ჩამივარდა და ოჯახსაც გაუჭირდა ეკონომიურად, არადა ბავშვები იზრდებოდნენ და უფრო და უფრო მეტი სჭირდებოდათ. ექვსი წლის წინ სწორედ ამან მიმაღებინა გადაწყვეტილება, მეფიქრა ემიგრაციაში წასვლაზე. ეს იყო ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რაც კი როდესმე მიმიღია ცხოვრებაში. ვფიქრობ, სწორად მოვიქეცი, რადგან, პირველ რიგში, ჩემს შვილებს დავეხმარე და სწორ გზაზე დავაყენე. ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი მიზანი იყო და არის.

ამერიკაში ჩასვლიდან დღემდე განვლილ პერიოდზე რას გვეტყვით, რამდენად რთული იყო გზა, რომელიც გაიარეთ?

ემიგრანტის ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი ემიგრაციის პირველი დღეებია, როდესაც აბსოლუტურად უცხო ქვეყანაში ჩადიხარ, რადიკალურად იცვლი ცხოვრების წესს, გარემოს და ხარ სრულიად მარტო დიდი გამოწვევებისა და პრობლემების წინაშე… თუმცა უფალი მარტო არ გტოვებს და გაძლევს ძალას, იბრძოლო ფეხზე დადგომისა და საკუთარი ადგილის მოპოვებისთვის უცხო მიწაზე. ხშირად სრულიად უცნობი ადამიანი შეიძლება გახდეს ბიძგი იმისთვის, რომ საკუთარ თავში ძალა იპოვო და ირწმუნო, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ამერიკაში ჩამოსულს, აეროპორტში არავინ დამხვდა. ერთადერთი ნაცნობის მისამართი ფურცელზე მეწერა და ვცდილობდი ტაქსის აყვანას… მძღოლმა, რომელსაც ფურცელი შეშინებულმა და დაბნეულმა მივაწოდე, დაკვირვებით შემომხედა და უცებ მეკითხება: ქართველი ხარ?.. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს სისხლით ნათესავი ვიპოვე… ქართველი ებრაელი აღმოჩნდა, მიპატრონა, ბრუკლინამდე ჩამიყვანა და „პატრონს“ ჩამაბარა…

ამჟამად ვცხოვრობ ნიუ-იორკის შტატში და ვმუშაობ ოჯახში, მოხუცი წყვილის დამხმარედ. და მიუხედავად დატვირთვისა, გამოვნახე დრო საყვარელი საქმისთვის – ჩემი ხელნაკეთი ჩანთები ინტერნეტ მომხმარებელთა შორის დიდი მოწონებით სარგებლობს.

მართლაც ულამაზესი ხელნაკეთი ჩანთები გაქვთ, ალბათ, საქართველოშიც ამზადებდით ასეთ მშვენიერ ხელჩანთებს…

მიყვარს სილამაზე, წესრიგი, ლამაზად ჩაცმა და ლამაზი ნივთები. როცა მჭირდებოდა, ყოველთვის მე თვითონ ვკერავდი ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის, გოგონებს ვუქსოვდი ჩანთებს, თუმცა ამისთვის საქართველოში დიდი დრო არ მქონდა, აქ კი, როცა ჩემს საქმეს მოვრჩები, ამ ლამაზი ხელჩანთების ქსოვაში გამყავს დრო.

     

 

 

რამდენ ხანს ანდომებთ ერთ ჩანთაზე მუშაობას? შეკვეთებს იღებთ?  

ერთნაირ ჩანთებს  არასოდეს ვაკეთებ, არ ვიმეორებ. მოდელებს მე თვითონ ვქმნი და თითო ჩანთის გაკეთებას 2-3 დღეს ვანდომებ. თითოეულ მათგანში ჩემი იმდღევანდელი განწყობა არის ჩაქსოვილი, ძალიან მიყვარს და მეგობრებსაც ზუსტად ხასიათის მიხედვით ვჩუქნი ჩანთებს. ზოგჯერ შეკვეთებსაც ვიღებ და რადგან შემკვეთთა რიცხვი თანდათან იზრდება, გადავწყვიტე ჩემი ხელსაქმე ბიზნესად ვაქციო. ვგეგმავ, უახლოეს მომავალში გავხსნა ვებგვერდი, საიდანაც შესაძლებელი იქნება მათი ონლაინ შეძენა.

წარმატებას გისურვებთ, მანამდე კი საქველმოქმედო საქმიანობაზე გვიამბეთ – როგორც ვიცი, თქვენ და თქვენი მეგობრები საქართველოში რამდენიმე გაჭირვებულ ოჯახს ყოველთვიურად ეხმარებით…

ჩემს ცხოვრებაში ქველმოქმედებას უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. ამერიკაში ჩამოსულმა სხვაგვარად გავაცნობიერე და დავინახე საქართველოში დარჩენილი, მატერიალურად შეჭირვებული და სოციალურად დაუცველი ადამიანების მტკივნეული ყოფა.

ჩემი თანამოაზრე მეგობრების დახმარებით, განსაკუთრებით კი მაგდა ფორჩხიძის დიდი თანადგომით, შევქმენით ჯგუფი და ყოველთვიურად ვაგროვებთ გარკვეულ თანხას, რომელსაც საქართველოს სხვადასხვა რაიონში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ 11 ოჯახს ვუნაწილებთ. ერთი წლის განმავლობაში ყოველთვე 400-400 ლარს ვურიცხავთ. მათზე, ფაქტობრივად, შეფობა გვაქვს აღებული სამეგობროს. მომავალი წლიდან სხვა 11 ოჯახს ავირჩევთ. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენი ხელშეწყობით თითქმის ორი წელია, მინიმუმ 11 ოჯახი იძინებს მშვიდად, არ შიმშილობს.

მაგდა ფორჩხიძესთან ერთად

თანხის შეგროვებას ახლა, კორონავირუსის პანდემიის  პერიოდშიც აგრძელებთ?

პანდემიის დროს ჯგუფში ბევრი ადამიანი გამოგვაკლდა, მაგრამ ახალი წევრები შემოგვემატა. ასე რომ, ჩვენი საქმიანობა არ შეჩერებულა.

საერთოდ, როგორ ცხოვრობთ კორონავირუსის პანდემიის პირობებში ამერიკაში, ქვეყანაში, რომელიც, როგორც ამბბენ, ემიგრანტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია უკეთესი ცხოვრების დასაწყებად, დღეს კი ერთ-ერთი ყველაზე რთული ვითარება სწორედ ამერიკაშია.

ვითვალისწინებთ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც გვაძლევენ, ვართ სახლში, ვერიდებით ხალხმრავალ ადგილებს და ველოდებით დროს, როცა პანდემია უკან დაიხევს და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით!

ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულება როგორია, რას ამბობენ პანდემიასთან დაკავშირებით?

ამერიკაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა, მაგრამ მოსახლეობა გაგებით ეკიდება შექმნილ სიტუაციას და იმედის თვალით უყურებს მომავალს.

არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ემიგრანტების გარკვეული ნაწილი დაბრუნდა საქართველოში, თქვენ არ გიფიქრიათ ამაზე? და საერთოდ, თქვენი გეგმები რამდენად უკავშირდება მშობლიურ ქვეყანას?

ამ ეტაპზე საქართველოში ჩემი დაბრუნების პერსპექტივას ვერ ვხედავ, რადგან დარწმუნებული არ ვარ, რომ ოჯახის რჩენას შევძლებ. ჩემი აქ ყოფნა და მატერიალური თანადგომა ახლა უმნიშვნელოვანესია ჩემი დიდი ოჯახისათვის. თუმცა იმედი მაქვს, დადგება ის დროც, როცა სამშობლოში ღირსეულად დაბრუნებას შევძლებთ ემიგრანტები!

მეგობრებთან ერთად

მანამდე ახლობლების, მეგობრების მონატრების სურვილს რით იკლავთ?

დღეს, როდესაც ყველანაირი საკომუნიკაციო საშუალება არსებობს და შეგიძლია დარეკო, მათი ხმა გაიგო, შეხედო, მისწერო, ვირტუალურად მოესიყვარულო შენს ახლობლებს, ეს უკვე ცოტათი მაინც გიქარვებს მონატრებას.

ძალიან კარგი სამეგობრო წრე მყავს და თითქმის ყოველდღიურად ვსაუბრობ როგორც ოჯახის წევრებთან, ისე მათთან. ერთადერთი, არ შემიძლია ხელით შევეხო და გულში ჩავიკრა (დღევანდელი პანდემიის პირობებში, ახლოსაც რომ მყავდეს, ვერ ჩავეხუტები), თორემ… სასაუბროს რა გამოლევს?!

ამერიკამ რა ახალი გამოცდილება შეგძინათ და განსაკუთრებით რაზე დაგაფიქრათ?

ემიგრანტებს ფიქრისთვის დიდი დრო გვაქვს. აღმოვაჩინე, რომ ჩემს თავს ასე კარგად არ ვიცნობდი. ამდენი შესაძლებლობები თუ მქონდა, ისიც არ მეგონა. ვფიქრობდი, ამ ცხოვრებაში ყველაფერი ამოწურე. აქ ბევრი რამ გადავაფასე, დღეს სულ სხვა ინტერესები მაქვს და ცხოვრებისგან ახალ გამოწვევებს ველოდები.

როგორც გითხარით, ექვსი წელია ემიგრანტი ვარ, სულ მარტო ვიყავი, ძალიან ბევრი გადავიტანე: სიცივე, შიმშილი, დამცირება… მაგრამ ფარ-ხმალი არასოდეს დამიყრია. ვიცი, ცხოვრებისგან ძალიან ბევრ რამეს ვითხოვ და ავისრულებ ყველაფერს, ამიტომ არასოდეს ვნებდები ცხოვრებას…

ელისო პაპალაძესთან ერთად

საინტერესოა, მაინც რას ითხოვთ ცხოვრებისგან და რის ასრულებას ნატრობთ – არ გაგვიმხელთ?

დასამალი არაფერი მაქვს, ყოველთვის ყველაფერს ჩემი შრომით ვაღწევდი, მზამზარეული არაფერი მქონია, არც მინატრია – ცხოვრებას გემოს ვერასოდეს ჩაატან, თუ მას შენი ხელით არ შექმნი. ამიტომაც ბევრს ვშრომობ, რაც შემიძლია, ყველას ვეხმარები, მაგრამ არ მავიწყდება საკუთარი თავი და, აქედან გამომდინარე, ცხოვრებისგანაც იმავეს მოველი – რატომაც არა, ვიშრომებ და სურვილებსაც ავისრულებ! მათ შორის ერთ-ერთ მნიშვნელოვანს გაგიმხელთ – მსოფლიოს გარშემო მოგზაურობის დიდი სურვილი მაქვს…

თქვენისთანა აქტიურ და მიზანდასახულ ქალბატონს არც ამ სურვილის ასრულება გაუჭირდება.

დიდი მადლობა!

პირად ცხოვრებაზე რას გვეტყვით?

პირადზე ბევრს ვერაფერს გეტყვით, ჩემი ბედნიერება უბრალო სიმარტივეშია, ჩემთვის მისი არსებობაც კი საკმარისია, რომ ყოველი წუთი ბედნიერების საუკუნედ ვაქციო.

შვილები ჩემი დიდი ბედნიერებაა, რისთვისაც ღმერთს მადლობას ვუხდი. უფროსი ქალიშვილი, ლალიკო 27 წლის არის, დაოჯახებულია; დაამთავრა როგორც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, სპეციალობით ტურიზმი, ასევე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სპეციალობით ძვირფასი ქვებისა და ფერადი ლითონების ექსპერტი. ამჟამად საქართველოს ფოსტაში მუშაობს.

მეორე ქალიშვილმა, ხატიამ, კიევის უნივერსიტეტი დაამთავრა, სპეციალობით მენეჯმენტი ეკონომიკა და ბიზნესი. ამჟამად სადაზღვევო კომპანია „ალფაში“ მუშაობს. ხატიაც დაოჯახებულია. ვაჟი, იოანე კი სტუდენტია, მენეჯმენტსა და ბიზნესის მართვას სწავლობს. შვილიშვილები ჯერ არ მყავს.

თქვენი აზრით, ემიგრანტობა ეს არის….

პირველ რიგში, პასუხისმგებლობა იმ ქვეყნის მიმართ, სადაც ცხოვრობ. და არავითარ შემთხვევაში დამამცირებელი არ არის, თუ წესიერად და პატიოსნად შრომობ, მით უმეტეს, თუ შენი  ნაშრომით იმასაც კი ახერხებ, რომ გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმარო.

ემიგრანტებისთვის რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რა უნდა იცოდნენ?

ყველა ემიგრანტისთვის მნიშვნელოვანია, უკეთესად შეიცნონ საკუთარი თავი. რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იყვნენ, პატივი უნდა სცენ იმ ქვეყნის წეს-ჩვეულებებს და პატიოსნად უნდა იშრომონ და იცხოვრონ.

და რისთვის ღირს ცხოვრება, თქვენ რას ფიქრობთ?

ცხოვრება იმად ღირს, რომ ყოველი გათენებული დღისთვის მადლობა ვუთხრათ უფალს, მადლობა ვუთხრათ იმისთვის, რომ გვაქვს საშუალება ვიცხოვროთ, ვიშრომოთ, გვიყვარდეს და პატივი ვცეთ ერთმანეთს… და ალბათ ყველაზე მთავარი სიკეთის კეთებაა.

აქვე მინდა ვთქვა, რომ მიუხედავად გადატანილი სირთულეებისა, ამერიკა ნამდვილად არის ოცნებების ასრულების ქვეყანა, სადაც შრომა დაფასებულია, თავისუფლება – დაცული და ნებისმიერ ადამიანს, მიუხედავად წარმომავლობისა, აქვს ცხოვრების თავიდან დაწყების შანსი! ეს არ უნდა დაავიწყდეს არცერთ ემიგრანტს და ფარ-ხმალი არ უნდა დაყაროს!

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close