არტისტი

დიდებისთვის გაღებული საზღაური

ეს ელეგანტური ქალი ყოველთვის უყვარდათ, თუმცა მან საკუთარი ბედნიერება ვერ იპოვა. თითქოს სიყვარულს გაურბოდა, თითქოს არჩევანის გაკეთების ეშინოდა…

ნანი ბრეგვაძე დღემდე უყვართ, თუმცა საბჭოთა კავშირის დროს მისი პოპულარობა უსაზღვრო იყო. გამოხატული სტილის მქონე ეს ტანადი გოგო ყოველთვის იქცევდა ყურადღებას, მაგრამ არავის აძლევდა უფლებას, ზღვარს გადასულიყო.

დედიკოს გოგო

ნანი ბრეგვაძე 1936 წლის 21 ივლისს თბილისში დაიბადა. მამა – გიორგი ბრეგვაძე პროფესიით მსახიობი იყო, დედა – ოლგა მიქელაძე დიდგვაროვანთა ცნობილი ოჯახის წარმომადგენელი.

მათ ოჯახში ყველა მღეროდა. დიდი ბებია და დეიდა პროფესიონალი მომღერლები იყვნენ. თავად ნანი კი ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში ძველ რუსულ სიმღერებსა და რომანსებს გიტარის თანხლებით ასრულებდა.

ნანი ყოველთვის მორჩილი ბავშვი იყო. ოლგა მიქელაძე კი ძალიან მკაცრი და, იმავდროულად, მზრუნველი და მოსიყვარულე დედა გახლდათ. სწორედ მან მიიყვანა გოგონა მუსიკაზე და სიცოცხლის ბოლომდე მისი უპირველესი კრიტიკოსი იყო.

ნანი სრულიად ახალგაზრდა იყო, როცა მომავალი მეუღლე – მერაბ მამალაძე გაიცნო. სანამ გრძნობებში გამოუტყდებოდა, მერაბი გოგონას დიდხანს აკვირდებოდა, შემდეგ კი ნელ-ნელა ყველა თაყვანისმცემელი ჩამოაცილა. ის ნანის გაკვეთილების დასრულების შემდეგ, მუსიკალურ სკოლასთან ხვდებოდა და სასიამოვნო საჩუქრებით ანებივრებდა.

მერაბი ოლგა მიქელაძის რჩეული გახლდათ. ნანის გათხოვება არ სურდა, მაგრამ ქალბატონმა ოლგამ შეძლო შვილის დარწმუნება, რომ ოჯახის შექმნა აუცილებელია და მერაბ მამალაძე საქმროდ საუკეთესო არჩევანია.

ნანი დედას დაემორჩილა, თუმცა არც მაშინ და არც შემდგომ ქმრის მიმართ ძლიერი გრძნობა არ ჰქონია. ოლგა მიქელაძემ სასიძოს პირობა ჩამოართვა, რომ ცოლს სიმღერას არასოდეს აუკრძალავდა, თუმცა მოგვიანებით მერაბმა პირობა დაარღვია…

მორჩილი ცოლი

ახალგაზრდა ცოლ-ქმარი თავდაპირველად მერაბის მშობლებთან ცხოვრობდა, მაგრამ როცა ნანიმ გაიგო, რომ შვილს მონატრებული დედა ღამღამობით ჩუმად ტიროდა, მერაბი დაიყოლია, რომ საცხოვრებლად მის მშობლებთან გადასულიყვნენ. ოლგა ბრეგვაძე ახალგაზრდა ოჯახის მფარველ ანგელოზად იქცა.

ის უგემრიელეს სადილებს ამზადებდა და შვილს ვოკალში მეცადინეობისთვის საუკეთესო პირობებს უქმნიდა. ეკას დაბადების შემდეგ ნანის დედამ ბავშვის მოვლა მთლიანად თავის თავზე აიღო. ქალი უბედნიერესი იყო, რომ ხედავდა, როგორ იზრდებოდა და იხვეწებოდა შვილის ვოკალური მონაცემები.

1956 წელს ნანიმ სასცენო მოღვაწეობა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში დაიწყო. მოგვიანებით კი საესტრადო ანსამბლ „ორერას“ სოლისტი გახდა.

ნანი ანსამბლში ერთადერთი ქალი იყო. „ორერას“ დანარჩენი წევრები მას უფრო ძმაკაცად აღიქვამდნენ, ვიდრე ქალად და ხუმრობით შალიკოს ეძახდნენ, თუმცა მერაბმა მაინც ეჭვიანობა დაიწყო. იყო შემთხვევები, როცა შუაღამეს მოულოდნელად შედიოდა სასტუმროში, სადაც ანსამბლი ცხოვრობდა და ამას, უბრალოდ, ცოლის მონატრებით ხსნიდა.

ნანის მისი ყოველი სიტყვა სჯეროდა და მსგავსი სტუმრობები სიყვარულის გამოვლინებად მიაჩნდა, მაგრამ ერთხელ მერაბმა მას ულტიმატუმი წაუყენა და ოჯახსა და ანსამბლს შორის არჩევანის გაკეთება შესთავაზა. ნანი დაემორჩილა, რადგან ოჯახის შენარჩუნებისთვის მზად იყო, მომღერლის კარიერა დაეთმო. საბედნიეროდ, ანსამბლის ხელმძღვანელმა მერაბი დაითანხმა, ცოლი კიდევ ერთ კონცერტზე გაეშვა. კონცერტის დასრულების შემდეგ მერაბი ცოლთან მივიდა და უთხრა: „შენ უნდა იმღერო“… საბოლოოდ, ოჯახის შენარჩუნება ვერ შეძლეს, რადგან ნანი დაუსრულებელი სკანდალებისა და კინკლაობისგან დაიღალა. ისინი დაცილდნენ და მომღერალმა შვებით ამოისუნთქა.

თავისუფლებით ტკბობაც ვერ მოასწრო, როცა მომღერალმა ქმრის დაპატიმრების შესახებ შეიტყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მერაბის ხელმოწერები საეჭვო დოკუმენტებზე აღმოაჩინეს, ამიტომ სასამართლომ მას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და პატიმრობის ვადის მოსახდელად, ესტონეთში გაგზავნა.

ნანი გულწრფელად განიცდიდა ყოფილი ქმრის მდგომარეობას. ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრის შემდეგ ნანიმ მერაბის ქართულ ციხეში გადაყვანას მიაღწია. გათავისუფლების შემდეგ მერაბი მასთან მივიდა, პატიება სთხოვა და ურთიერთობის აღდგენა სცადა.

ნანის წინაშე სრულიად სხვა ადამიანი იდგა: მშვიდი, ჭკვიანი, გაწონასწორებული და თითქმის იდეალური და მას შეუყვარდა…

თავიდან ბედნიერები ჩანდნენ. მერაბი გასტროლებზე დაჰყვებოდა და თავს ევლებოდა, მაგრამ მალე ისევ პრობლემებმა იჩინა თავი. მერაბმა ვერა და ვერ დაიწყო მუშაობა და ალკოჰოლს მიეძალა, რასაც ისევ ეჭვიანობის სცენები და სკანდალები მოჰყვა. ცოლ-ქმარი ერთმანეთს ისევ დასცილდა, ამჯერად საბოლოოდ…

ყველაფრის მიუხედავად, ნანი დღეს ბედნიერია. მას მილიონობით ადამიანი აღმერთებს და შესანიშნავი შთამომავლობა ჰყავს…

ნანი ბრეგვაძე შვილიშვილებთან ერთად

ავტორი: ნელი თორდია

funtime.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close