ცნობილი გახდა იმ 29 სახელმწიფოს სია, რომლებსაც საბერძნეთი საზღვრებს უხსნის
სია თითოეული ქვეყნის ეპიდემიოლოგიური მონაცემების შესწავლის შედეგად შეადგინეს და ის პირველ ივლისს განახლდება
საბერძნეთმა გამოაცხადა იმ 29 სახელმწიფოს სია, საიდანაც ტურისტებს ისევ შეუძლიათ ქვეყანაში ჩასვლა 15 ივნისიდან, როდესაც აეროპორტები საერთაშორისო ფრენებისთვის გაიხსნება.
ეს ქვეყნებია: ალბანეთი, ავსტრალია, ავსტრია, ახალი ზელანდია, ბულგარეთი, გერმანია, დანია, ესტონეთი, იაპონია, ისრაელი, კვიპროსი, ლატვია, ლიბანი, ლიტვა, მალტა, ნორვეგია, რუმინეთი, სამხრეთ კორეა, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, ჩერნოგორია, ჩინეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და ხორვატია.
ამ სიაში, როგორც ხედავთ, არ არის არც იტალია, არც ესპანეთი და არც საქართველო (საქართველოს ეპიდემიოლოგიური სურათის მიუხედავად).
როგორც ბერძნული გამოცემა „კათიმერინი“ წერს, სია შედგა თითოეული ქვეყნის ეპიდემიოლოგიური მონაცემების შესწავლის შედეგად, აგრეთვე, ევროკავშირის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) განცხადებებისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული კომიტეტის რეკომენდაციების გათვალისწინებით.
ზემოაღნიშნული 29 ქვეყნიდან მგზავრები საბერძნეთის აეროპორტებში შერჩევით შემოწმებას გაივლიან არა ეროვნების, არამედ იმის მიხედვით, საიდან გამოემგზავრნენ. სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც ამ სიაში ვერ მოხვდნენ, მგზავრების საბერძნეთში ჩასვლის აკრძალვა ისევ ძალაში რჩება, თუმცა, როგორც მთავრობა აცხადებს, ივლისის დასაწყისში სია განახლდება და შეივსება, ეპიდემიის გავრცელების ტენდენციებიდან გამომდინარე.
საზღვრების გახსნის გეგმას ამუშავებს ავსტრიაც, რომელიც 15 ივნისს საბოლოოდ გახსნის თავის საზღვრებს გერმანიასთან, შვეიცარიასა და ლიხტენშტეინთან, აგრეთვე, შეთანხმებაზე მუშაობს სხვა სახელმწიფოებთანაც, რათა ავსტრიელებს საშუალება ჰქონდეთ, რომ 14-დღიანი კარანტინის გარეშე დაბრუნდნენ ქვეყანაში.
„სიტუაცია იტალიაში ყველაზე რთულია, თუმცა ვეძებთ გადაწყვეტას უახლოესი პერიოდისთვის. დეტალები ოთხშაბათამდე არ გახდება ცნობილი“, – განაცხადა ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები