საზოგადოებასაქართველო

ბოლნისის რაიონის ორ სოფელში „იტალია ხდება“ – სოფლები, სადაც ახალი ვირუსის არსებობის არ სჯერათ

„პრაქტიკულად თუ გადავიანგარიშებთ მოსახლეობაზე, სოფლებში – მუშევანსა და გეტაში იტალია ხდება დაახლოებით“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ.

მისი შეფასებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ამ სოფლებში ვითარება უკიდურესად კრიტიკულია.

მუშევანსა და გეტაში არსებულ რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა 21 მაისს გამართა.

23 მაისიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტში კარანტინი გაუქმდა, თუმცა 2 სოფელი – მუშევანი და გეტა ე. წ. „წითელ ზონებად“ რჩება. ამ სოფლებში აქტიური პრევენციული ეპიდემიოლოგიური ღონისძიებები მიმდინარეობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თითქმის ერთი თვე ორივე სოფელი ჩაკეტილი დარჩება.

„სოფლები – მუშევანი და გეტა ჩაკეტილი დარჩება ორი ინკუბაციური პერიოდის განმავლობაში, სანამ ყველას არ გამოვიკვლევთ. ბოლო შემთხვევიდან ორი 14-დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ შეიძლება ამ სოფლების გახსნის საკითხი დაისვას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

სოფელ მუშევანის ეპიდეპოპეა პირველ მაისს დაიწყო – მოსახლეობამ ექიმებს კორონავირუსით ინფიცირებულთა კლინიკაში გადაყვანის საშუალება არ მისცა. ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ „სოფელში ვირუსი არ არსებობს და მედიკოსებს, კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის გაზრდის მიზნით, საავადმყოფოში გაციებული ადამიანები გადაყავთ“.

სოფელში ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ერთი ოჯახის 10 ინფიცირებული წევრის კლინიკაში გადასაყვანად ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმები, სამართალდამცველები და სოფლის რწმუნებული მივიდნენ.

ნასვამი ახალგაზრდების ჯგუფმა ექიმებთან ჩხუბი, ყვირილი, სიტყვიერი შეურაცხყოფა დაიწყო, ისინი აცხადებდნენ, რომ დაავადების შესახებ ცნობების არ სჯეროდათ.

დაინფიცირებულთა საავადმყოფოში გადაყვანას მოლაპარაკების რამდენიმე რაუნდი დასჭირდა.

როგორც 22 მაისს საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, ამ დროისათვის გეტაში, სადაც 400-მდე ადამიანი ცხოვრობს, გამოკვლეულია 320 ნიმუში. მათგან კოვიდდადებითი აღმოჩნდა 18 ადამიანი ანუ 7 პროცენტი. რაც შეეხება უფრო დიდ სოფელს, მუშევანს, სადაც 700-მდე ადამიანი ცხოვრობს, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღემდე იქ გამოკვლეულია 552 პირი და კორონავირუსი 55 ადამიანს დაუდასტურდა. მისივე თქმით, მოსახლეობის დათანხმება ტესტირებაზე იოლი არ არის. როგორც ცნობილია, სოფლების მკვიდრთა აბსოლუტური უმრავლესობა ეთნიკური აზერბაიჯანელია.

„დამყოლობა, გეტყვით, რომ არ იყო ძალიან მაღალი ანუ აქტიურად არ თანამშრომლობდნენ გამოკვლევებზე, მაგრამ დავარწმუნეთ და დღესაც გრძელდება ეს და იქ 55 ადამიანს, ანუ 10 პროცენტში გვაქვს დადებითობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მისი განმარტებით, მუშევანი, ზოგადად, საქართველოში ყველაზე მაღალი ინფიცირებით ხასიათდება.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის განმარტებით, ქვემო ქართლის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტზე, ბოლნისზე, მარნეულსა და თეთრიწყაროზე, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებლის 36 პროცენტი მოდის. მათგან ბოლნისში დადასტურდა კოვიდ-19-ის 161 შემთხვევა, თეთრიწყაროში – 58, ხოლო მარნეულში – 38.

22 მაისის 24:00 საათის მდგომარეობით, ქვეყანაში მთლიანობაში კოვიდ-19-ის 723 შემთხვევაა დადასტურებული (+2 გასულ ერთ დღეში). მათგან 495 ინფიცირებული უკვე სრულად გამოჯანმრთელდა, 12 – გარდაიცვალა. ასევე, ქვეყნის გარეთ დაინფიცირებული საქართველოს 3 მოქალაქე სამკურნალოდ სამშობლოში გადმოიყვანეს, ხოლო საქართველოში დაინფიცირებული ავსტრიის ორი მოქალაქე ავსტრიამ სპეცრეისით საკუთარ ქვეყანაში დააბრუნა. 3259 ადამიანი 14-დღიან სავალდებულო კარანტინშია მოთავსებული, 323 კი – სამედიცინო დაწესებულებებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close