ათენში, სინდაღმის მოედანზე თურქეთის დროშა დაწვეს
„მსგავსი ქმედებები ეწინააღმდეგება ბერძენი ხალხის კულტურას და ტრადიციებს“ - საბერძნეთის საგარეო უწყება
ათენში, სინდაღმის მოედანზე, პარლამენტის წინ გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც პონტოელი ბერძნების გენოციდის ხსოვნის 101-ე წლისთავს მიეძღვნა, თურქეთის დროშა დაწვეს. ამის შესახებ skai.gr წერს.
როგორც ცნობილია, ოსმალეთის ხელისუფლების დროს, 1914-იდან 1924 წლამდე თურქების მიერ ბერძნების დევნას 350 ათასზე მეტი პონტოელი ბერძენი შეეწირა, თუმცა ეს ფაქტი საბერძნეთის გარდა ამ დრომდე არცერთ სხვა სახელმწიფოს გენოციდად არ უღიარებია.
პონტო, რომელიც ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზეა, ბერძენთა ეთნიკური ჯგუფის – პონტოელი ბერძნების განსახლების ადგილი იყო, თუმცა თურქების მიერ შევიწროების გამო მათ სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში გადასახლება მოუწიათ.
პონტოელ ბერძენთა ნაწილი საბერძნეთისკენ დაიძრა. საბერძნეთში გადასვლის პერიოდში, ზოგიერთი ინფორმაციით, 353 ათასი პონტოელი დაიღუპა ოსმალეთის ხელისუფალთა ბრძანებით.
პონტოელთა გენოციდის ხსოვნის დღე საბერძნეთში 19 მაისს აღინიშნება (ათვლა 1919 წლიდან იწყება).
საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ათენში თურქეთის ეროვნული დროშის დაწვა დაგმო. „საბერძნეთი კატეგორიულად გმობს ნებისმიერი სახელმწიფოს, მოცემულ მომენტში კი – თურქეთის ეროვნული სიმბოლოს შეურაცხმყოფელ ნებისმიერ ქმედებას. მსგავსი ქმედებები ეწინააღმდეგება ბერძენი ხალხის კულტურას და ტრადიციებს“, – ნათქვამია საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ნინო ბაჯელიძე
კომენტარები