100 წელი შეუსრულდა ბრიტანელ ვეტერანს, რომელმაც 37 მილიონი შეაგროვა ექიმების დასახმარებლად (ვიდეო)
მეორე მსოფლიო ომის ბრიტანელ ვეტერან ტომ მურს, რომელმაც ჯანდაცვის მუშაკების დასახმარებლად, სულ მცირე, 37 მილიონ დოლარამდე შემოწირულებები მოაგროვა საკუთარ ბაღში სიარულით, 30 აპრილს 100 წელი შეუსრულდა.
მეორე მსოფლიო ომის დროს ბრიტანეთის არმიის კაპიტანი ტომ მური ინდოეთში, მიანმარსა და ინდონეზიაში მსახურობდა.
საუკუნოვან იუბილეზე ვეტერანმა კაპიტანმა 125 ათასზე მეტი მისალოცი ბარათი მიიღო მთელი მსოფლიოდან. წინა დღით მას იორკშირის პოლკის საპატიო მედალი გადაეცა. ტომ მურის პატივსაცემად მისი საცხოვრებელი სახლის თავზე ბრიტანული სამეფო სამხედრო-საავიაციო ძალების ორმა თვითმფრინავმა გადაიფრინა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა კი ბრიტანელებს ომის ვეტერანის მსგავსი სიმტკიცესაკენ მოუწოდა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მეორე მსოფლიო ომის ბრიტანელმა ვეტერანმა ტომ მურმა, 17 აპრილიდან დღემდე, შემოწირულებების სახით $37 მილიონი შეაგროვა მას შემდეგ, რაც 99 წლის კაპიტანმა საკუთარ ბაღს 100-ჯერ შემოუარა.
ტომ მური თავდაპირველად მხოლოდ $1250-ის შეგროვებას გეგმავდა კრონავირუსის პანდემიის წინაააღმდეგ მებრძოლი ჯანდაცვის ეროვნული სისტემის მუშაკების დასახმარებლად. მაგრამ შემოწირულობამ სწრაფად იწყო ზრდა მას შემდეგ, რაც ბრიტანელი ოფიცრის საქველმოქმედო ინიციატივაში თავისი წვლილი, სულ ცოტა, 800 ათასმა ადამიანმა შეიტანა.
„ბოლო მსოფლიო ომში ფრონტის ხაზზე ჯარისკაცები იმყოფებოდნენ. ახლა კი ჩვენი არმია – უნიფორმებში მყოფი ჩვენი ექიმები და მედდები არიან“, – განაცხადა ბრიტანელმა ვეტერანმა და, „ამასაც გადავიტანთო“, დასძინა.
radiotavisupleba.ge
კომენტარები