პენტაგონი ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ვიდეოებს ავრცელებს
29/04/2020
874 Less than a minute
პენტაგონმა ოფიციალურად გამოაქვეყნა სამი ვიდეო, რომლებზეც ამოუცნობი მფრინავი ობიექტებია დაფიქსირებული.
„გვინდა გავაქარწყლოთ საზოგადოების ეჭვები, თუ რამდენად რეალურია არსებული ჩანაწერები და არის თუ არა სხვა ვიდეოებიც. დეტალური შემოწმების შემდეგ დეპარტამენტმა დაადგინა, რომ ჩანაწერების გამოქვეყნება ხელს არ შეუშლის ამოუცნობი საჰაერო ფენომენების სამხედრო გამოძიებას მომავალში“, – განაცხადა პენტაგონის სპიკერმა.
ვიდეოებზე ასახულია ინფრაწითელი კამერით გადაღებული ამოუცნობი ობიექტები, რომლებიც სწრაფად გადაადგილდებიან. ჩანაწერებში ისმის მომსახურე პერსონალის რეაქცია მოძრავი ობიექტების სწრაფ მანევრირებებზე.
შეერთებული შტატების საზღვაო ძალების ვიდეოები პირველად 2017 წლის დეკემბერსა და 2018 წლის მარტში გამოაქვეყნა To The Stars Academy of Arts & Sciences კომპანიამ. 2017 წელს CNN-თან ერთ-ერთმა პილოტმა, რომელმაც 2004 წელს ამოუცნობი ობიექტები დაინახა, განაცხადა: „როდესაც მივუახლოვდი, ის სწრაფად წავიდა სამხრეთისკენ და შემდეგ ორ წამში გაქრა. ის უკიდურესად მკვეთრად მოძრაობდა, პინგ-პონგის ბურთის მსგავსად, თითქოს კედელს ასკდებოდა და მერე სხვა მხარეს მიდიოდა“, – განაცხადა პენსიაზე გასულმა პილოტმა დევიდ ფრეივორმა.
აღსანიშნავია, რომ 2007-2012 წლებში პენტაგონი ახორციელებდა პროგრამას, რომლის ფარგლებშიც უნდა შეესწავლათ ამოუცნობი მფრინავი ობიექტები, თუმცა სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტების გამო პროექტს დაფინანსება შეუწყდა და დაიხურა. პროექტის ყოფილი დირექტორი ლუის ელიზონდო, 2017 წელს CNN-თან საუბარში აცხადებს:
„არსებობს დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ჩვენ შეიძლება მარტო არ ვიყოთ. ამ თვითმფრინავებს, ჩვენ მათ თვითმფრინავებს ვეძახით, ისეთი მახასიათებლები აქვთ, რაც აშშ-ის ინვენტარიზაციის შემადგენლობაში არ შედის და არც სხვა ქვეყნების ინვენტარიზაციაში, რომლებზეც ვიცით“.
კომენტარები