ქართველები უცხოეთში

ლევან შენგელია „ამერიკული“ თვითიზოლაციიდან: „დარწმუნებული ვარ, ამ ჭირსაც ერთად მოვერევით“ (ვიდეო)

ამერიკაში მცხოვრები ქართველი პიანისტის და კომპოზიტორის, ლევან შენგელიას შემოქმედებითი საღამო ნიუ-იორკში 26 აპრილს იყო დაგეგმილი, თუმცა გადაიდო გასაგები მიზეზების გამო. ამჟამად თვითიზოლაციაში მყოფი, იგი თანამემამულეებს ნიუ-იორკიდან მიესალმება და ჩვენს მკითხველს საკუთარ კომპოზიციასაც სთავაზობს.

ლევან, COVID 19-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით აშშ მსოფლიოში ყველაზე მძიმე ვითარებაშია, ინფიცირებულთა რიცხვი უკვე 950 ათასს აჭარბებს, გარდაცვლილთა კი – 54 500-მდეა. რა ხდება კონკრეტულად ნიუ-იორკში, სადაც 22 წელია ცხოვრობთ და მოღვაწეობთ, როგორი სიტუაციაა ირგვლივ? როგორ გრძნობთ თავს თვითიზოლაციაში?

დიახ, ნამდვილად ასეა, პანდემიის მთავარი კერა აშშ-ია. კონკრეტულად ნიუ-იორკს რაც შეეხება, ნიუ-იორკ სიტიში ამჟამად 158 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა, 17 ათასზე მეტი კი – გარდაცვლილი. როგორც აღმოჩნდა, ამერიკის მთავრობა არ მოელოდა მოვლენების ასე დრამატულ განვითარებას და დასაწყისში მოუმზადებელი აღმოჩნდა, თუმცა დღეს უკვე ამ მხრივ სიტუაცია დასტაბილურდა, სათანადოდ მოეწყო საავადმყოფოები, სასუნთქი აპარატების, ტესტების პრობლემაც მოგვარდა.

მე უკვე 50-ე დღეა, რაც თვითიზოლაციაში ვარ და თავს ისე ვგრძნობ, როგორც  დანარჩენი მსოფლიო (წუწუნის გარეშე).

საგანგებო ვითარება, თუ არ ვცდები, ნიუ-იორკმა 15 მაისამდე გაახანგრძლივა, თუმცა, როგორც ამბობენ, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მოქალაქეების მატერიალური დახმარებისთვის… ასეა? ქართველ ემიგრანტებზე რა ინფორმაცია გაქვთ?

დიახ,  ნიუ-იორკში საგანგებო მდგომარეობა15 მაისამდე გაგრძელდება. მილიონობით ადამიანი დარჩა უმუშევარი, ამიტომ მთავრობამ 2.2 ტრილიონი დოლარი გამოყო ბიზნესის, ამერიკის მოქალაქეების და მუდმივი  მაცხოვრებლის სტატუსის მქონე ადამიანებისთვის. $1200 – ერთ სულზე და პლუს $500 –  ბავშვზე. ეს ერთჯერადი დახმარება იყო, თუმცა ისევ მსჯელობენ დამატებით მატერიალურ დახმარებაზე.

ქართველი ემიგრანტები მხარში უდგანან ერთმანეთს. შექმნილია კრიზისული ცენტრი, საიდანაც ქართველი ექიმები კონსულტაციებს უწევენ  ადამიანებს; არსებობს სხვადასხვა ჯგუფი, მოხალისეები, რომლებიც როგორც მატერიალურად, ისე ელემენტარულად, პროდუქტის მიწოდებით ეხმარებიან კარანტინში თუ თვითიზოლაციაში მყოფ ქართველებს. საქართველოს საკონსულო, ქართული ეკლესიები აქტიურად არიან ჩართულნი ამ პროცესში, გახსნილია ცხელი ხაზები.

ამერიკაში თქვენი საქმიანობის შესახებ რას გვეტყვით? სად მუშაობთ ნიუ-იორკში, თქვენს იმპროვიზირებულ შემოქმედებას ვის აცნობთ?

ვმუშაობ Piano School of New York City- ში, Trilok Academy- ში ფორტეპიანოს განყოფილებებზე. ასევე ვასწავლი ნიუ ჯერსის გრიგოლ ხანძთელის სახ. ეკლესიასთან არსებულ ქართულ საკვირაო სკოლაში „ლაზარე“. ვარ ანსამბლ „საუნჯეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი. „საუნჯე“ არის  ქართული კულტურის ცენტრი ნიუ-იორკში, რომლის დამაარსებელი და ხელმძღვანელი  ცნობილი ქართველი მუსიკოსი ნიკო ნადირაშვილი გახლავთ. სწორედ ამ ცენტრში გავდივართ რეპეტიციებს და შემდეგ ქართველ და უცხოელ მსმენელს  ვაცნობთ ჩვენს შემოქმედებას.

როგორც ვიცი, 26 აპრილისთვის შემოქმედებითი საღამო გქონდათ დაგეგმილი…

დიახ, 26 აპრილს  ჩემი შემოქმედებითი საღამო უნდა  ჩატარებულიყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, გადაიდო. სამწუხაროდ, არ ვიცი როდემდე.

კარანტინის დასრულების შემდეგ პირველად რას გააკეთებთ?

კარანტინის დასრულების შემდეგ ვგეგმავ საკონცერტო ტურებს ამერიკის სხვადასხვა ქალაქში. როგორც იცით, საქართველოშიც ყოველწლიურად ვატარებ კონცერტებს სახელწოდებით „ჯადოსნური ღამე“, რაც მიზნად ისახავს ჩვენი სასიქადულო მამულიშვილების პოპულარიზაციას ახალგაზრდა თაობებში.

როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი იარაღი ამ „უხილავი მტრის“ დასამარცხებლად?

„დარჩით სახლში“ – ალბათ, ამ ეტაპზე ეს არის მთავარი იარაღი პანდემიის წინააღმდეგ.

თანამემამულეებს რას ეტყოდით?

მინდა გავამხნევო ჩვენი თანამემამულეები, შეძლებისდაგვარად შევინარჩუნოთ სიმშვიდე და კარგი განწყობა და დარწმუნებული ვარ, ამ ჭირსაც ერთად მოვერევით.

მალე ყველაფერი კარგად იქნება!

ესაუბრა თამარ ოთიაშვილი    

მოუსმინეთ ლევან შენგელიას „Expromt“-ს, რომელიც სპეციალურად ჩვენი მკითხველისთვის ჩაწერა. 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close