როგორ ვეთამაშოთ ჭადრაკი ლეგენდარულ დიდოსტატს
ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ეთამაშოს თავის ფავორიტ სახელოვან მოჭადრაკეს
ეს ძალიან კარგი წამოწყებაა! ჭადრაკის მოყვარულებს საშუალება ეძლევათ, 3-პარტიიან ონლაინ მატჩში გამოიწვიონ ისეთი ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეები, როგორებიც არიან: ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი, ასევე საქართველოს ქალთა ნაკრების წევრები.
საქველმოქმედო მარათონი სახელწოდებით „ქართული ჭადრაკი კორონავირუსის წინააღმდეგ“ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ინიციატივით 11 აპრილიდან დაიწყო და 21 აპრილამდე გაგრძელდება. მარათონში მონაწილეობის მიღება და ცნობილი მოჭადრაკის გამოწვევა ნებისმიერ მსურველს შეუძლია. აგიხსნით, როგორ:
1. რეგისტრირდებით საიტზე www.chess.com. ეს არის ჭადრაკის ონლაინ სივრცე და სოციალური ქსელი – ყველაზე პოპულარული და მრავალმომხმარებლიანი საიტი ჭადრაკის მოყვარულთათვის.
2. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში StopCov რიცხავთ მინიმუმ 100 ლარს.
3. მეილზე [email protected] უკავშირდებით ონლაინტურნირების გვერდის ადმინისტრატორ დავით კოდუას. უგზავნით StopCov ფონდში გადარიცხული თანხის დამადასტურებელ ნებისმიერ საბუთს და მეილში წერთ, რომელ მოჭადრაკესთან რა ფორმატის მატჩის გამართვა გსურთ.
4. ელოდებით საპასუხო შეტყობინებას.
გია გიორგაძე (საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი):
„ყველას აქვს სურვილი, რომ თავისი წვლილი შეიტანოს კორონავირუსთან ბრძოლაში და, მათ შორის, მოჭადრაკეებსაც. ამიტომ, გაჩნდა ასეთი ინიციატივა: საჭადრაკო მარათონი, რომელშიც დიდი სიამოვნებით ჩაერთვნენ ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეები. ჭადრაკის ნებისმიერ მოყვარულს ეძლევა საშუალება, რომ სამი პარტია ითამაშოს პროფესიონალ ქართველ მოჭადრაკესთან, რომელსაც თვითონ აირჩევს. ამისთვის საჭიროა, რომ მსურველმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხოს მინიმუმ 100 ლარი და გამოიწვიოს სათამაშოდ მისთვის სასურველი მოჭადრაკე. როდესაც პანდემია გადაივლის და დავუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს, მოვიწვევთ თითოეულ მათგანს ერთ სივრცეში და იქ უკვე ცოცხლად ექნებათ შესაძლებლობა დაუპირისპირდნენ ფავორიტ, ლეგენდარულ მოჭადრაკეებს“.
მარათონის მონაწილეები
♟ საქართველოს მე-20 საუკუნის „ოქროს ნაკრები“ – ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ნანა ალექსანდრია, ნანა იოსელიანი, ნინო გურიელი.
♟ საქართველოს ქალთა ნაკრები: ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, ნინო ბაციაშვილი, მერი არაბიძე, სალომე მელია, მაია ლომინეიშვილი, სოფო ხუხაშვილი, ნინო ხომერიკი.
♟ საქართველოს ვაჟთა ნაკრები: ზურაბ აზმაიფარაშვილი, გია გიორგაძე, ზურაბ სტურუა, ლევან ფანცულაია, მიხეილ მჭედლიშვილი, ლუკა პაიჭაძე.
გააგრძელე კითხვა აქ: https://popsport.com/article/22200-rogor-vetamashot-chadraki-legendarul-didostats-gikhsnit-qvelapers?fbclid=IwAR3rjjqePuhHEBOZIZcyugpMkp5tl2NAE3fSghNXrZYVA-iqKybR5-R-n4E
კომენტარები