სამზარეულორჩევები

უგემრიელესი სააღდგომო პასქა – რჩეული, თანაც საკმაოდ მარტივი რეცეპტი

საჭირო პროდუქტი:

1.5 კგ პურის ფქვილი; 8 კვერცხი; 300 მლ წყალი; 110 გ საფუარი; 500 გ შაქარი; 500 მლ რძე; 500 გ კარაქი; 100 გ დაშაქრული ხილი; 200 გ ნუში (სურვილისამებრ); ვანილიანი შაქრის პუდრი; ჯავზი და ილი გემოვნებით; ცოტაოდენი მარილი; 100 გ მანანის ბურღული.

მომზადება:

  1. თბილ წყალში გახსენით საფუარი, დაუმატეთ 1 ჩ.ჭ. ფქვილი, აურიეთ კარგად და აცალეთ ამოსვლა. შემდეგ გაათბეთ რძე და მასში ჩაყარეთ დანარჩენი ფქვილი. შეურიეთ ერთმანეთს ორივე ნაზავი და დატოვეთ ცომი 15 წუთის განმავლობაში.
  2. კვერცხებს დაუმატეთ მწიკვი მარილი და ამოიყვანეთ მიქსერით ცოტა შაქართან ერთად. ეს მასა ცომს შეურიეთ.
  3. ცომს დაუმატეთ დარბილებული კარაქი და კარგად მოზილეთ. როდესაც ცომი ხელებს აღარ მიეკვრება, დააფარეთ ხელსახოცი და თბილ ადგილას დატოვეთ 1 საათის განმავლობაში.
  4. ამოსულ ცომს დაუმატეთ ვანილი, დაფქული ილი, ჯავზი და დაშაქრული ხილი. აგრეთვე, შუაზე გაჭრილი ნუში. ცომი ისევ ჩაზილეთ.
  5. პასქის ლითონის ფორმებს ცხიმი წაუსვით (ქაღალდის ფორმები უმჯობესია და ცხიმის წასმაც არ სჭირდება) და მანანის ბურღული მოაყარეთ. გაანაწილეთ მათში ცომი (ფორმის დაახლოებით ერთი მესამედი), დატოვეთ 30 წუთი, რომ ამოვიდეს. თუ ნაკლები საფუარი გამოიყენეთ, შეიძლება ამოსვლას მეტი დრო დასჭირდეს.
  6. შედგით წინასწარ გახურებულ ჰაერღუმელში180 გრადუსზე და აცხვეთ 40-60 წუთის განმავლობაში (ცხობის დრო დრო დამოკიდებულია ფორმების სიდიდეზე). ძალიან არ გამოაშროთ.

რჩევები: 

  • პასქების ფორმები ცხობისას ერთმანეთს დააშორეთ, სულ ცოტა, 5 სმ-ით მაინც, რომ კარგად გამოცხვეს, ერთმანეთთან თუ მიაბჯენთ, ძირი და თავი დაიწვება და გვერდები არ გამოუცხვება.
  • თუ დაინახავთ, რომ თავები ეწვება და ჯერ გამომცხვარი არ არის, ზემოდან ფოლგის ფურცელი დააფარეთ.
  • დაშაქრული ხილის ნაცვლად სურვილისამებრ შეგიძლიათ იმავე რაოდენობის ან მეტი ქიშმიში გამოიყენოთ, თუ ბევრი ქიშმიშით გიყვართ.
  • თუ გსურთ, შეგიძლიათ საფუვრის რაოდენობა შეამციროთ (30 გ მშრალი, ახალი საფუარი სრულიად საკმარისია), თუმცა ასეთ შემთხვევაში ცომის ამოსვლას შეიძლება ცოტა მეტი დრო დასჭირდეს.

გამომცხვარი პასქები თქვენი გემოვნებით გააფორმეთ. შეგიძლიათ ზემოდან, უბრალოდ, შაქრის პუდრი მოაყაროთ, ან შავი ან თეთრი შოკოლადის ჭიქური (ე. წ. „გლაზური“) მოასხათ.

კირა კარიაული

ბერძნული სააღდგომო კულიჩი – ცურეკი.

ცურეკი – ბერძნული სააღდგომო კულიჩი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close