მხოლოდ გამოსვლისას დავინახე რამდენიმე ექიმის სახე – რას ჰყვება კორონავირუსისგან ქუთაისში განკურნებული პირველი პაციენტი
დიდიმ სტურუა COVID-19-ით დაინფიცირებული პირველი პციენტია, რომელიც ქუთაისის კლინიკაში გამოჯანმრთელდა. იგი ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრიდან 12 აპრილს გაწერეს და 2 კვირით თვითიზოლაციაშია. სახლში დაბრუნების შემდეგ მან რადიო თავისუფლების რამდენიმე შეკითხვას უპასუხა.
როგორ დაგიდგინდათ COVID-19 და რა გამოცდილება შეგძინათ მკურნალობის რამდენიმე კვირამ?
პარიზიდან 17 მარტს დავბრუნდი და აეროპორტიდან კარანტინში გადამიყვანეს. ჩამოსვლიდან ერთი კვირის განმავლობაში ახალი კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ მქონდა, თუმცა ერთი კვირის შემდეგ 37 გრადუსი სიცხით, ქუთაისის კლინიკაში მოვხვდი. როცა ტემპერატურამ ამიწია, რეკომენდაციის შესაბამისად სასწრაფოში დავრეკე, გადამიყვანეს კლინიკაში და 4 საათში ტესტზე დადებითი პასაუხი მივიღე.
როგორც მითხრეს, მსუბუქი შემთხვევა იყო, პანდემია რომ არა შეიძლება ვერც გამეგო. ყველაზე გამოხატული სიმპტომი ჩემს შემთხვევაში იყო გემოსა და ყნოსვის შეგრძნებების დაკარგვა, ეს დიდხანს გაგრძელდა და, მგონი, ახლაც არ მაქვს დაბრუნებული ბოლომდე ეს შეგრძნებები. სხვა მხრივ, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ვირუსი როცა მქონდა არც მაშინ ვგრძნობდი თავს ცუდად, სხვა დროს გაციებისას მეტი დისკომფორტი მქონდა.
რაც შეეხება გამოცდილებას, ყოველთვის ვიცოდი, რომ ექიმობა იყო ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესია და ახლა მეტად დავრწმუნდი, თუ რა რისკზე მიდიან საკუთარი ჯანმრთელობის ფასად. ექიმები კიდევ მეტად დავაფასე.
როგორ მიმდინარეობდა თქვენი მკურნალობა ქუთაისის კლინიკაში?
მედიკამენტებით მკურნალობდნენ იმუნიტეტის გასაძლიერებლად, ასევე მიტარდებოდა მკურნალობა სიმპტომების მიხედვით, მაგალითად, ყელის ტკივილისთვის. წამალს არ დავასახელებ, თუმცა ვიტყვი, რომ ძალიან დიდი სიფრთხილით მირჩევდნენ მედიკამენტებს. ნებისმიერ დაავადებასთან ბრძოლაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას, დადებით განწყობას კი ექიმები და მედპერსონალი ქმნიდა.
როგორ იცავდნენ საკუთარ უსაფრთხოებას ექიმები კლინიკაში?
მაქსიმალურად. მხოლოდ კლინიკიდან გამოსვლისას დავინახე რამდენიმეს სახე, მანამდე ისე იყვნენ აღჭურვილნი, რომ ეს შეუძლებელი იყო. მეც ვიცავდი წესებს, როდესაც მედპერსონალი შემოდიოდა, ნიღაბს და ხელთათმანს ვიკეთებდი.
თქვენი დაინფიცირების გარემოებებს რომ დავუბრუნდეთ, როგორ ფიქრობთ, როდის და რა ვითარებაში გადაგედოთ ვირუსი?
ვფიქრობ, ჩამოსვლამდე დავინფიცირდი პარიზში, რადგან თვითმფრინავშიც კი გვერდით არავინ მეჯდა. აეროპორტშიც დისტანცია კარგად იყო დაცული. კარანტინში გადაყვანისას 50 მგზავრზე გათვლილ ავტობუსში მხოლოდ 7 მგზავრი ვიჯექით, იმისთვის რომ დისტანცია დაცული ყოფილიყო. კარანტინშიც ურთიერთობა არავისთან მქონია, ამიტომ ვფიქრობ ჩამოსვლამდე შემეყარა ვირუსი. იქ საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობ და უნივერსიტეტშიც ბევრი სტუდენტი ვსწავლობთ და ვეჭვობ, რომ ეს იქ უნდა მომხდარიყო, თუმცა დარწმუნებული არ ვარ.
ახლა, როდესაც უკვე გამოჯანმდთელდით, რას ურჩევდით სხვებს?
ახლა ყველაზე მეტად გვჭირდება რაციონალური მიდგომა, პანიკა და ემოცია კი ამას ხელს უშლის. თავიდან ინტერვიუების წინააღმდეგი ვიყავი, რადგან უნდა მეთქვა, რომ მსუბუქი სიმპტომები მაქვს და არ მინდოდა ვინმე წამეხალისებინა, რადგან ვხედავდი, რომ ბევრი არ იცავდა კარანტინის წესებს. ამბობენ, თითქოს ახალგაზრდები არ ვირუსდებიან და შედარებით იოლად გადააქვთ დაავადება, მაგრამ მათ ირგვლივ ხომ არიან ბებია-ბაბუები, ადამიანები ვისაც ქრონიკული დაავადება აქვთ, ამიტომ სიფრთხილე გვმართებს, ცოტა ხანს უნდა დავატანოთ თავს ძალა და შემდეგ ერთად დავუბრუნდეთ ცხოვრების ნორმალურ რიტმს. რაც კარგად შევასრულებთ რეკომენდაციებს, მით მალე დავუბრუნდებით ერთმანეთს.
და რა რეკომენდაციების შესრულება გიწევთ თქვენ თავად?
თვითიზოლაციაში ვიქნები ორი კვირით, კონტაქტი არ მაქვს ვინმესთან, ისევე როგორც საავადმყოფოში. საკვებს მიტოვებენ კართან, როგორც კარანტინში იყო, ისე. დრო ძალიან სწრაფად გადის, მაგისტრატურაში ვსწავლობ და დისტანციურად ვესწრები ლექციებს. ფაქტობრივად, თავისუფალი დრო არც მრჩება.
თვითიზოლაციის ვადის ამოწურვის შემდეგ რას გეგმავთ?
პირველ რიგში, დავუბრუნდები ოჯახს, მათთან ერთად გავატარებ დროს. ჩამოსვლამდეც დიდი ხანი არ მყავდა ნანახი და ჩამოსვლის შემდეგ ამ დრომდე არ მინახავს. დავუბრუნდები მეგობრებს, უკვე დავუბრუნდი დისტანციურად სწავლას. ჩემი თვითიზოლაციის დასრულება გამოცდების პერიოდს ემთხვევა და ვემზადები. მაისის ბოლოს კი სწავლას დავამთავრებ. იმედი მაქვს, რომ ივნისისთვის ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოშიც სიტუაცია გამოსწორდება და დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას.
ამავე თემაზე: პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი ქუთაისის კლინიკიდან ტაშით გააცილეს (ვიდეო)
კომენტარები