იტალიასაზოგადოება

კორონავირუსით ინფიცირებული იტალიელი ექიმი გვიყვება, როგორ გადაურჩა სიკვდილს

იტალიელი ექიმი, პლასტიკური ქირურგი, 50 წლის სტეფანო ვოურცისი (Stefanos Vourtsis) ქალაქ მილანში კორონავირუსით დაინფიცირდა. იგი ამჟამად გამოჯანმრთელებულია და სპეციალურ იზოლაციაში იმყოფება. სტეფანო ვოურცისი nostal.ge-ს დეტალურად უყვება, როგორ განუვითარდა კოვიდ-19-ის სიმპტომები, როგორ აღმოჩნდა საავადმყოფოში (სადაც თავიდან საველე ჰოსპიტალში იყო მოთავსებული, სანამ ადგილი გათავისუფლდებოდა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში) და როგორ „დაუძვრა ვირუსს ხელიდან“.

„7 დღე სახლში, გრიპის მსგავსი სიმპტომებით: კუნთების ტკივილი, ასთენია, სისუსტე და სიცხე, მაქსიმუმ 38, პულსის ოქსიმეტრის (თანამედროვე დიაგნოსტიკური სამედიცინო ხელსაწყო, რომელიც განკუთვნილია სისხლში ჟანგბადის მოცულობის გასაზომად – რედ. შენიშვნა) მაჩვენებელი, დასვენებულზე და ფეხით გავლის შემდეგ, ჯერ კიდევ ნორმის ფარგლებშია. პერიოდი, როდესაც ვირუსი ყელშია განთავსებული“, – გვიყვება სტეფანო ვოურცისი.

მერვე-მეცხრე დღეს ვირუსმა ფილტვებში ჩასვლა „გადაწყვიტა“, ექიმი სტეფანო აგრძელებს სისხლში ჟანგბადის რაოდენობის კონტროლს ოქსიმეტრით. 95 – დასვენებულზე, ოდნავ დატვირთვის შემდეგ კი – 93… იგი ხვდება, რომ მდგომარეობა გაუარესებას იწყებს და დროული მოქმედებაა საჭირო.

„ვრეკავ 112-ში, ვითხოვ საავადმყოფო Humanita-ში მოთავსებას… CT სკანირებას მიკეთებენ, ფილტვებში კოვიდის ნიშნებია, მწვავე პნევმონია, თუმცა ტესტის პასუხი უარყოფითია…“

სამი დღის მანძილზე მოსაცდელ პალატაში უწევს ყოფნა საველე ჰოსპიტალში, რადგან საავადმყოფოში ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში თავისუფალი საწოლი არ არის…

„დადგა მომენტი, როცა გონება დამძიმებულია… მოთმინება…“

დაბოლოს, როგორც იქნა, საავადმყოფოში მისთვის ადგილი გათავისუფლდა…

გრძელდება ანალიზი ღრმა ტესტის ჩატარებით, სასუნთქი მილიდან ფილტვის სიღრმემდე. ტესტირების პასუხი დადებითია, კოვიდ-19 დადასტურდა! თუმცა ამ დროიდან ანთება უკან იხევს, ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლები სწრაფად უმჯობესდება… სტეფანოს 5 დღის შემდეგ ჟანგბადის აპარატიდან ხსნიან: „Un piacere vedere 99 al saturimetro“ („სასიამოვნო შეგრძნებაა ოქსიმეტრზე 99-ის დანახვა“), – ამბობს იგი.

მომდევნო 3 დღე იგი გაძლიერებული დაკვირვების ქვეშაა, შემდეგ კი სახლში წერენ, სადაც 15-დღიან შინაიზოლაციაში უნდა იყოს…

„ერთი კვირა დამრჩა და ყველაფერი ჩაივლის…“ – ამბობს სტეფანო ვოურცისი.

გამოჯანმრთელებული ექიმი მოუწოდებს ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და გვიხსნის, თუ რა პროცესს გადის ვირუსი ორგანიზმში. მისი თქმით, კოვიდ-19-ს ახასიათებს, რომ თავდაპირველად აღწევს ცხვირში, სამი დღის მანძილზე ჩვეულებრივი სუსტი ვირუსული ინფექციის კლინიკური ნიშნები აქვს, გართულების შემთხვევაში, პირველი 7-10 დღის შემდეგ გადადის ფილტვებში; თუ ვირუსული ნაწილაკები დიდი რაოდენობითაა (რაც კოვიდს ახასიათებს, ერთიანად მილიონობით ვირუსის შეტევა), ორგანიზმი ვერ ასწრებს ანტისხეულების გამომუშავებას, რომლებიც ვირუსებს ებრძვიან და ხელს უშლიან მათ გამრავლებას. მისი თქმით, ტენდენცია განსხვავებულია, როდესაც ვირუსების მაღალი დატვირთვა პირდაპირ ფილტვებზე მოდის.

„გაოცებული ვარ ექიმების მზრუნველობით, თავდაუზოგავად შრომობენ და, ამავდროულად, ღიმილის უნარსაც არ კარგავენ“, – მადლიერებით ამბობს პლასტიკური ქირურგი Humanita-ს ექიმებზე.

კორონავირუსული ინფექციის წინააღმდეგ მებრძოლი ექიმები მართლაც გმირები არიან, ისინი საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იბრძვიან და ეს სულაც არ არის გადაჭარბებული სიტყვები – იტალიაში ამ დროისთვის, გამოცემა repubblica.it-ის მონაცემებით, 103 ექიმია გარდაცვლილი COVID-19-ის დადასტურებული დიაგნოზით.

ციცი ხაბელაშვილი

მილანი, 10 აპრილი, 2020

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close