იტალიაში 102 წლის ქალს, რომელიც კორონავირუსისგან განიკურნა „უკვდავი“ შეარქვეს
იტალიაში 102 წლის ქალი იტალიკა გრონდონა კორონავირუსისგან განიკურნა.
უხუცესი პაციენტი გენუის საავადმყოფოში 20 დღის განმავლობაში მკურნალობდა.
„ჩვენ მას „უკვდავი“ შევარქვით. იტალიკა კორონოვირუსით დაინფიცირებული ყველა ხანდაზმულის იმედია“, – ამბობს ექიმი ვერა სიკბალდი, რომელიც იტალიკა გრონდონას და მის ძმისშვილს გენუის სან მარტინის საავადმყოფოში მკურნალობდა.
ხანდაზმულ პაციენტს ახალი ტიპის კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები შედარებით მსუბუქი ფორმით ჰქონდა და ასევე გულის მსუბუქი უკმარისობა აღენიშნებოდა.
ექიმების განცხადებით, მათ ბევრი არაფერი გაუკეთებიათ, პაციენტმა გამოჯანმრთელება თავად შეძლო.
მათივე თქმით, 1917 წელს დაბადებული იტალიკა გრონდონა პირველი ცნობილი პაციენტია, რომელსაც ორი პანდემია აქვს გამოვლილი და შესაძლოა კორონავირუსთან ერთად „ესპანური გრიპიც“ ჰქონდეს გადატანილი.
ცნობისათვის, ესპანური გრიპის, „ისპანკას“ პანდემია 1918/1919 წლებში მძვინვრებდა და მთელ მსოფლიოში 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
„არ ვიცი, რაშია იტალიკას საიდუმლო, მაგრამ მე ვიცი, რომ ის არის თავისუფალი და დამოუკიდებელი ქალი“, – განუცხადა მისმა ძმისშვილმა რენატა ვილა გრანდონამ CNN-ს.
მისი ერთადერთი ვაჟი წლების წინ ამერიკაში გარდაიცვალა. „მას უყვარს ცხოვრება, ცეკვა და მუსიკა. მას უყვარს ფრედი მერკური და ვალენტინო როსი, MotoGP-ის მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონი“, – ამბობს ვილა გრონდონა.
იტალიკა გრონდონა საავდმყოფოდან 26 მარტს გაწერეს და ის მოხუცთა თავშესაფარში დაბრუნდა, სადაც მკურნალობის კურს გააგრძელებს.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები