„დედამიწამ გააჩერა სუნთქვა და ცუდი ჰაერი ღრმად ამოისუნთქა, წამზომი ჩაგვირთო“
კორონავირუსი სულ რაღაც 3 თვეში ანტარქტიდის გარდა ყველა კონტინენტზე, მსოფლიოს 200-მდე ქვეყანაში გავრცელდა. არავინ დავობს, რომ აღნიშნულმა ვირუსმა მსოფლიო წარმოუდგენელი გამოწვევების წინაშე დააყენა. მეცნიერები ახალი ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინასა და მედიკამენტზე ამყარებენ იმედს, თუმცა მას შემდეგ, რაც კორონავირუსს კაცობრიობა საბოლოოდ დაამარცხებს, თითოეულ ადამიანს მოუწევს დაფიქრდეს, როგორ შეცვალოს საკუთარი დამოკიდებულება ბუნებისადმი.
PIA.GE-სთან საუბრისას „მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ კორონავირუსს „მესამე მსოფლიო ომი“ უწოდა. მისი თქმით, ბუნებამ გარემოსდაცითი კანონები გამოიყენა და ადამიანებს ჯანსაღი გარემოს მნიშვნელობა შეახსენა.
მისი თქმით, ნებისმიერი პანდემია და დაავადება დაბინძურებული გარემოს შედეგია. ადამიანმა კი დედამიწისგან მიცემული პაუზა უნდა გამოიყენოს და დაავადების შემდეგ გარემოს მიმართ დამოკიდებულება შეცვალოს.
„ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დედამიწამ უცებ გააჩერა სუნთქვა და ყველაზე ცუდი ჰაერი ღრმად ამოისუნთქა. დედამიწამ კაცობრიობა გააჩერა, იმიტომ რომ მეტი აღარ შეიძლებოდა. კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა და გვაცნობა, რომ ადამიანს ყველაფერი არ შეუძლია და კაცობრიობა შეიძლება მხოლოდ პატარა ვირუსის გამო გაქრეს. ეს გარემოსდაცვითი და ბუნების კანონებია. ფაქტობრივად, დედამიწამ წამზომი ჩაგვირთო.
არა მხოლოდ გარემოს დამცველები, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებიც ფიქრობენ, როგორ მოახდინონ ლობირებები სახელმწიფოებსა და ხელისუფლებებზე, რომ ისინი უფრო სერიოზულად მოეკიდონ იმ გლობალურ გამოწვევებს, რომლებიც რეალურად აისახება ლოკალურზე. ყველას კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ კორონავირუსის შემდეგ კაციობრიობა ისე ვეღარ იცხოვრებს, როგორც მანამდე ცხოვრობდა. აშკარაა, რომ შეიცვლება მსოფლიო და ქვეყნების დამოკიდებულება გარემოსადმი, რადგან ყველა ტიპის პანდემია, პირველ რიგში, გამოწვეულია გარემოს დაბინძურებით. ფაქტობრივად, ეს მესამე მსოფლიო ომია, მაგრამ სხვა ტიპის ომი“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
ჩხობაძის რეკომენდაციით, ვირუსის გადალახვის შემდეგ ადამიანებმა გარემოზე უნდა იზრუნონ. პრიორიტეტი უნდა იყოს მუნციპალური ტრანსპორტით მგზავრობა და მწვანე ნარგავების გაშენება.
„ელექტროენერგიისა და საწვავის მოხმარება 20-30%-ით შემცირებულია. ეს ორი კი კლიმატზე უარყოფითი გავლენის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული საშუალებაა. დაიწყო ატმოსფერული ჰაერის გაწმენდა. უკვე ჩანს, რომ ატმოსფერული ჰაერი დაბინძურების პიკს აღარ აღწევს. ტრანსპორტის მოძრაობა შემცირებულია და ახლაა დრო, როცა ჩვენ შეგვიძლია ისეთ ტრანსპორტზე გადავიდეთ, რომელიც ჰაერს ნაკლებად აბინძურებს. მოსახლეობა კი მუნიციპალური ტრანსპორტით მოძრაობას უნდა მიეჩვიოს. რამენაირად უნდა მოვახერხოთ და გავამწვანოთ ჩვენი ყოფა და მნიშვნელოვანი ნარჩენების სეპარირება მოვახდინოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დედამიწის მოცემული ეს პაუზა გამოვიყენოთ. ეკონომიკა ვერ შველის გარემოს, ხედავთ, რომ პატარა ვირუსმა შეძლო და მსოფლიო გააჩერა“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
კომენტარები